2022 წელს Rolls-Royce-მა რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

2022 წელს Rolls-Royce-მა რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

კომპანიის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, მდიდრული ავტომობილების ბრიტანულმა მწარმოებელმა, Rolls-Royce-მა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი ავტომობილის საშუალო ფასი $534,000 დოლარს შეადგენდა.

Rolls-Royce-ის განცხადებით, კომპანიამ 2022 წელს საერთო ჯამში 6,021 ერთეული ავტომობილი გაყიდა. საინტერესოა ისიც, რომ ბრიტანული მწარმოებლისთვის 2021 წელიც რეკორდული გამოდგა. აღნიშნულ წელს კომპანიამ 5,586 ერთეული ავტომობილი გაყიდა.

ყველაზე მსხვილი ბაზარი Rolls-Royce-ისათვის აშშ გახლავთ, რომელზეც გაყიდვების 35% მოდის. მეორე ყველაზე დიდ ბაზარზე, ჩინეთში კი გასულ წელს კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო Rolls-Royce-ის მდიდრულ მოდელებზე მოთხოვნა შემცირდა. მიუხედავად ამისა, სხვა ბაზრებზე ზრდამ ჩინეთში გაყიდვების კლების კომპენსირებას შეუწყო ხელი.

Rolls-Royce-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტორსტენ მიულერის განმარტებით, კომპანიას ჯავშნები 2023 წლისთვის მთლიანად შევსებული აქვს. მისი განცხადებით, ბრენდის პირველი ელექტრომობილის, Spectre-ის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ Rolls-Royce ბრიტანული ავტომწარმოებელია, რომელიც 120 წლის წინ დაარსდა და დღეს მას გერმანული მწარმოებელი BMW ფლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *