მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქული Rabobank-ი შეიძინა

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქული Rabobank-ი შეიძინა

ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ყაზახურმა ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-მა ნიდერლანდებში დაფუძნებული Rabobank Group-ის თურქული შვილობილი ბანკი Rabobank A.Ş. შეიძინა.

Kaspi.kz-მა ბანკის აქციების შესყიდვაზე ხელშეკრულება Rabobank Group-თან 27 მარტს გააფორმა. ახლა შეთანხმების დასრულება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცებასა და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ Rabobank A.Ş. თურქეთში სრულად ლიცენზირებული ბანკია, თუმცა არ გააჩნია ფილიალების ქსელი და არ ჰყავს სესხის ან დეპოზიტის მფლობელი მომხმარებლების ბაზა. სპეციალისტების ვარაუდით, შესაბამისად ეს ნაბიჯი საბანკო ლიცენზიის ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მიღებას ემსახურება, ახალი ლიცენზიის მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების გავლის თავიდან ასარიდებლად. მათივე თქმით, ლიცენზიის მოპოვების შემდეგ Kaspi.kz-ი სესხების, გადახდებისა და სხვა ფინანსური სერვისების განხორციელებას შეძლებს, რაც მას ციფრული კომერციის განვითარებაში დაეხმარება.

Kaspi.kz-ი თურქულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას აქტიურად აგრძელებს. შეგახსენებთ, იანვარში ლომთაძის კომპანიამ თურქული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს შესყიდვის პროცედურა წარმატებით დაასრულა და მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა – 65.41%-იანი წილი $1.127 მილიარდად შეისყიდა.

ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Kaspi-ის აქციების 22.6%-ის მფლობელია. მასთან ერთად კომპანიის მთავარი აქციონერები არიან ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds-ი (24.7%). ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ლომთაძის ქონება $5.9 მილიარდს შეადგენს და ის საქართველოს უმდიდრესი ადამიანია, მსოფლიოში კი სიმდიდრით 582-ე ადგილს იკავებს.