მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის ფონზე, გერმანულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Bosch-მა განაცხადა, რომ 2026 წლისთვის, ამ სექტორში €3-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტიციის მიზანს დეკადის ბოლომდე მიკროჩიპების გლობალურ წარმოებაში ევროპის წილის 20%-მდე გაზრდა წარმოადგენს. ახალ ქარხანაში წარმოებული მიკროჩიპები გამოყენებული იქნება, როგორც მსუბუქი ავტომობილებისა და სატვირთოების წარმოებისთვის, ასევე Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკაში.
„ნახევარგამტარების მოთხოვნის მუდმივი ზრდისთვის ვემზადებით“, – ვკითხულობთ Bosch-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელის, სტეფან ჰარტუნგის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპა ერთადერთი კონტინენტი არ არის, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე მიკროჩიპების წარმოებას აფართოებს – ამგვარი მოწოდებები ხშირად ისმის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან. მიზეზი მარტივია: პანდემიის შედეგად გამოიკვეთა, რომ მდგრადი არსებობისთვის წამყვან ტექნოლოგიურ ქვეყნებს აზიური წარმოების ნაწილობრივი ჩანაცვლება და საკუთარ წარმოებაზე გადასვლა სჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ინვესტიცია არ არის, რომელიც Bosch-მა ამ მიმართულებით ბოლო დროს განახორციელა – გასულ წელს, გერმანიის ქალაქ დრეზდენში არსებულ ქარხანაში მიკროჩიპების წარმოების გასაფართოებლად Bosch-მა €1 მილიარდი გამოყო.