საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები დისტანციური მუშაობისთვის - NordLayer

საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები დისტანციური მუშაობისთვის - NordLayer

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დისტანციურ სამსახურზე საუბრისას, ადამიანებს ხშირად ბალისა და ტაილანდის მსგავსი ტროპიკული და ბიუჯეტური ქვეყნები ახსენდებათ, მაგრამ, როგორც კიბერუსაფრთხოების ამერიკული კომპანიის, NordLayer-ის უახლესი კვლევიდან ირკვევა, დისტანციური სამსახურისთვის ათი საუკეთესო ქვეყნიდან რვა – ევროპაში მდებარეობს.

დისტანციური სამსახურისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში გერმანია ლიდერობს, რომელსაც დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყვება. საუკეთესო ქვეყანათა ათეულის დანარჩენი ქვეყნები ევროპიდანაა, მაგრამ სინგაპურის სახით ერთი გამონაკლისიც მოიძებნა – მცირე ზომის აზიური ქვეყანა რეიტინგის მე-9 ადგილს დასჯერდა.

„ტრენდი ნათელია – კოვიდ-19-ის პირველად გავრცელების შემდეგ, დისტანციური და ჰიბრიდული სამსახური გარდაუვალ მოვლენად იქცა იმ კომპანიებშიც კი, რომლებიც ამ დრომდე ფიზიკურ ურთიერთობებს ამჯობინებდნენ“, – ამბობს NordLayer-ის ტექნოლოგიური დირექტორი, ჯუტა გურინავიკიუტე Bloomberg-თან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რეიტინგი, რომელშიც 66 ქვეყანა მოხვდა, ოთხ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება, ესენია – კიბერუსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური გარემო, მათ შორის ჯანდაცვისა და ინგლისური ენის ცოდნის დონე, ციფრული და ფიზიკური ინფრასტრუქტურა და პანდემიური პოლიტიკა. ამ კრიტერიუმების მიხედვით, დისტანციური მუშაობისთვის ყველაზე ცუდი ქვეყანა – ალჟირია.

საინტერესოა, რომ კიბერუსაფრთხოების კომპონენტში შედარებით მცირე ზომის ევროპული ქვეყნები – ლიეტუვა, ესტონეთი და სლოვაკეთი ლიდერობენ. ციფრული ინფრასტრუქტურის კუთხით კი, ვითარება შემდეგნაირია: ყველაზე სწრაფი ინტერნეტი მე-11 ადგილას გასულ სამხრეთ კორეაშია, ხოლო ყველაზე ბიუჯეტური – 37-ე ადგილას გასულ ისრაელში. ეკონომიკური და სოციალური გარემოს მიმართულებით კანადა, გაერთიანებული სამეფო და პორტუგალია ლიდერობენ, ხოლო პანდემიური პოლიტიკით – აშშ, ტაილანდი და ავსტრალია.

დისტანციური სამსახურისთვის საუკეთესო ქვეყნების NordLayer-ის მიერ შედგენილი რეიტინგის პირველ ათეულს Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ:

  1. გერმანია (0.824 ქულა)
  2. დანია (0.816 ქულა)
  3. ამერიკის შეერთებული შტატები (0.809 ქულა)
  4. ესპანეთი (0.796 ქულა)
  5. ლიეტუვა (0.794 ქულა)
  6. ნიდერლანდები (0.791 ქულა)
  7. შვედეთი (0.788 ქულა)
  8. ესტონეთი (0.784 ქულა)
  9. სინგაპური (0.782 ქულა)
  10. საფრანგეთი (0.778 ქულა)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *