MIT სწავლას დაუფინანსებს სტუდენტებს, რომელთა ოჯახების შემოსავალი $200,000-ზე ნაკლებია

MIT სწავლას დაუფინანსებს სტუდენტებს, რომელთა ოჯახების შემოსავალი $200,000-ზე ნაკლებია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) სტუდენტებს, რომელთა ოჯახები წლიურად $200,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მომავალ შემოდგომაზე სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლებს. The New York Times-ის თანახმად, ესაა ეროვნული მოძრაობის ნაწილი, რომელიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები $100,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, უნივერსიტეტი ყველა სხვა ხარჯსაც დაუფარავს, იქნება ეს საცხოვრებელი, კვების, გადასახადების, წიგნების თუ პირადი დანახარჯი.

MIT კერძო უნივერსიტეტია კემბრიჯში, მასაჩუსეტსში და უმაღლესი განათლების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 2024-2025 წლისთვის სწავლების გადასახადი დაახლოებით $62,000-ს აღწევს. საცხოვრებლისა და სხვა გადასახადების ჩათვლით კი ფასი $86,000-მდე იზრდება.

ამ გადაწყვეტილებით, MIT უერთდება იმ მრავალ უნივერსიტეტს, რომლებიც დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის სწავლის საფასურს ამცირებენ. ახლახან მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ტეხასის უნივერსიტეტმაც.

აღსანიშნავია, რომ იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების შემოსავალი $200,000-ს აღემატება, მაინც შეეძლებათ ფინანსური დახმარების მიღება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ოჯახებმა, რათა დაამტკიცონ, რომ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებენ.