მომდევნო თვეებში, ეკონომიკის გასხნასთან ერთად, იმპორტი უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე შემოდინებები, რაც სალდოზე ნეგატიურად აისახება, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის – “COVID-19-ის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე“ მიხედვით, მოზიდული საგარეო დაფინანსების დროულად და ეფექტიანად განკარგვის შემთხვევაში, დაფინანსება დისბალანსის აღმოსაფხვრელად საკმარისია.
თიბისი კაპიტალის მიგნებებია:
– 2020 წელს შეფასებული ჯამური დანაკლისი დაახლ. 1.5 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებშია;
– 2020 წელს მთავრობის მიერ საგარეო დაფინანსებიდან მოზიდული სახსრები ვალის რეფინანსირების გარეშე დაახლ. 1.55 მლრდ აშშ დოლარით იზრდება (იხ. შემდეგ სლაიდზე);
– გარდა მთავრობის მოზიდული სახსრებისა, სავალუტო ფონდის სესხით ერ. ბანკის რეზერვები 20-21 წლებში დაახლ. 220 მლნ აშშ დოლარით იზრდება. ამასთან, შემსუბუქებულია წმინდა რეზერვებზე ქვედა ზღვარი, რაც დამატებითი ინტერვენციების საშუალებას იძლევა;
– მნიშვნელოვანია კერძო სექტორის საგარეო დაფინანსება, თუმცა ზუსტი მოცულობა და პერიოდი ჯერ ჯერობით დაზუსტებული არ არის. ამასთან, სხვადასხვა კერძო ვალდებულების რეფინანსირება უკვე სახეზეა, ისევე როგორც ძირითადად კომერციული ბანკების მიერ დამატებითი საგარეო დაფინანსების მოზიდვა.
რაც შეეხება ლარის კურსს, თიბისი კაპიტალი წერს, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ, ხოლო საქართველოს ეკონომიკის ზრდა უფრო სტაბილურია ევროში დოლართან შედარებით.
“სავარაუდოდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევრო დოლართან მიმართებაში გამყარდება, რასაც ლარის დოლართან გამყარებაც მოყვება, თუმცა შესაძლოა შედარებით ნაკლები ტემპით; დოლარის გამყარების ალბათობა ნაკლებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი ბევრად მეტია“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.