მომხმარებელთა უფლებების სადარაჯოზე

მომხმარებელთა უფლებების სადარაჯოზე

საკრედიტო პროდუქტების გამცემ ორგანიზაციებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საკუთარ კვალიფიკაციასა და ფინანსურ ბაზარზე უპირატეს მდგომარეობას მომხმარებლებისთვის ბუნდოვანი ან კაბალური სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის იყენებენ. ამის გამო საზოგადოებაში მუდმივად არის დისკუსია მომხმარებლისა და საკრედიტო პროდუქტის გამცემი ორგანიზაციების ინტერესების დასაბალანსებლად მარეგულირებელი ორგანოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ ბალანსის მისაღწევად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. პირველი რეგულაცია მომხმარებელსა და სესხის გამცემ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად 2011 წელს იქნა მიღებული, 2017 წელს კი აღნიშნულმა რეგულაციებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

2011 წელს მიღებული რეგულაციები

სამომხმარებლო კრედიტების გაცემის დროს მომხმარებელთა უფლებების განსაზღვრისთვის და საკრედიტო პროდუქტების გამცემი ორგანიზაციებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზნით, ევროკავშირში მოქმედებს 2008 წლის დირექტივა 2008/48/EC. სწორედ ამ დირექტივასთან შესაბამისობას ისახავდა მიზნად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის ბრძანება, რომლითაც კომერციული ბანკის მიერ სამომხმარებლო სესხების გაცემისას მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის რიგი საკითხები სპეციფიკურად დარეგულირდა.

რეგულაცია ეხებოდა ფიზიკური პირებისათვის ყველა სახის სამომხმარებლო კრედიტის, მათ შორის ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათის გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, როდესაც კრედიტის მთლიანი თანხა აღემატება 300 ლარს და ნაკლებია 50 ათას ლარზე (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), ასევე, ფიზიკური პირების ყველა სახის სადეპოზიტო ხელშეკრულებებს, რომელთა პირველადი შენატანი ნაკლებია 50 ათას ლარზე (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).

რეგულაცია რამდენიმე მიმართულებაზე იყო აქცენტირებული – უზრუნველყოფდა მომხმარებლის მეტ ინფორმირებულობას როგორც საკუთარი, ისე სესხის გამცემი ბანკის უფლებების შესახებ. ეს კი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხშირად საკრედიტო პროდუქტებს თან სდევს ისეთი ხარჯი, რომელიც რეალურად უფრო აძვირებს სესხით სარგებლობას, ვიდრე ეს ნომინალური საპროცენტო განაკვეთით ჩანს. არსებობს გადასახადები და მხარეთა უფლებები, რომელთა უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლებელია მომხმარებელი მისთვის მოულოდნელი ფინანსური ტვირთის წინაშე დააყენოს. ამის თავიდან ასაცილებლად რეგულაციით განისაზღვრა ვალდებულება, რომ მომხმარებლისათვის ცნობილი გახდეს სესხის “ეფექტური საპროცენტო განაკვეთი”, ანუ მან უნდა იცოდეს, სესხის თანამდევი ყველა ფინანსური ხარჯის (გაცემის საკომისიო, ანგარიშის მომსახურების საკომისიო) გათვალისწინებით რეალურად რამდენ პროცენტს იხდის სესხით სარგებლობისათვის. ასევე კომერციულ ბანკებს დაევალათ, ხელშეკრულების პირველ გვერდებზე გამოეტანათ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია, რათა მომხმარებელს ყურადღება მიექცია მისთვის მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო პირობებისთვის.

გარდა ამისა, გარკვეულწილად შეიზღუდა მხარეთა სახელშეკრულებო ავტონომიურობის პრინციპი. თუ რეგულაციამდე სესხის გამცემისა და მიმღების უფლება- მოვალეობებს ზოგადი სახელშეკრულებო პრინციპები/ ნორმები არეგულირებდა, ეროვნულმა ბანკმა დააკონკრეტა გარკვეული პირობები და მხარეთა უფლება- მოვალეობები, მაგალითად, ხელშეკრულების ფორმა, მომხმარებლისათვის აუცილებლად მისაწოდებელი ინფორმაცია და ა.შ. ამავე ნორმატიული აქტით განისაზღვრა ბანკების ვალდებულება, რომ მიიღონ და დადგენილი წესით/ ვადაში განიხილონ მომხმარებლებისაგან შემოსული პრეტენზიები.

2017 წელს მიღებული ცვლილებები

ახალი, უფრო ფართო და მოცულობითი ცვლილებები განხორციელდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით 2017 წელს, როცა ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის ბრძანება –”ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი”. თუ 2011 წელს მიღებული რეგულაციის საფუძვლად ევროდირექტივა შეგვეძლო მიგვეჩნია, 2017 წლის რეგულაციები ეროვნულმა ბანკმა სახელდობრ საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ მიიღო. ამის დასტურია ისიც, რომ, მაგალითად, ევროდირექტივისაგან განსხვავებით, რომელიც კონცენტრირდება სამომხმარებლო სესხებზე, ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციამ თითქმის ყველა ტიპის სესხი მოიცვა.

რეგულირებას დაექვემდებარა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხებიც. სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად კიდევ უფრო დავიწროვდა მხარეთა სახელშეკრულებო ავტონომიურობის ფარგლები (მაგალითად, დადგინდა წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა, ეფექტური საპროცენტო სარგებლის ზედა ზღვარი), ცვლილებები შეეხო ასევე სესხების რეკლამირებას იმისათვის, რომ მომხმარებელმა რეკლამით უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღოს სესხის პირობების შესახებ.

ჯერ კიდევ 2011 წელს მიღებული რეგულაციის დროს ეროვნულ ბანკში შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, რომელიც საფინანსო ორგანიზაციების მიერ რეგულაციების დაცვას ზედამხედველობს. განყოფილება ასევე გარკვეული მედიატორის ფუნქციას ასრულებს საფინანსო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, ეხმარება მომხმარებელს საფინანსო ორგანიზაციისაგან ინფორმაციის თუ ახსნა-განმარტების გამოთხოვაში.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მარტში კომერციულ ბანკებს სულ 446 პრეტენზიით მიმართეს, რომელთაგან 251 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული საფინანსო ორგანიზაციის მიერ, 56 დაკმაყოფილდა, 132 -ის განხილვა არ იყო დასრულებული, 7 შემთხვევაში პრეტენზია საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, თუმცა პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. რაც შეეხება თავად პრეტენზიების შინაარსს, იმავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – 163 პრეტენზია შეეხებოდა ტრანზაქციებს; ადმინისტრაცია/ მომსახურებას – 81, ჯარიმებსა და ვადაგადაცილების საკომისიოებს – 48, ხოლო მომსახურების საკომისიოს – 44.

როგორც ყველა რეგულაციას, აღნიშნულსაც თან ახლავს რისკები ან/ და თანამდევი ეფექტები. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით რეგულაციების დანერგვა და შემდგომ მათი შესრულების დაცვა დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან, რამაც შესაძლებელია, საბოლოოდ ასახვა საფინანსო პროდუქტის ფასში ნახოს. რეგულაციაში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მოთხოვნა, რომლებიც რეალურ პრაქტიკასთან შეუსაბამოა, და მათი ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში დამატებით ბარიერებსა და სირთულეებს თავად მომხმარებლისათვის ქმნის.

რეგულაციებს ასევე წინ აქვს ე.წ. “სასამართლო ტესტი”, ანუ მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის დავის შემთხვევაში როგორ მოხდება რეგულაციების განმარტება სასამართლოს მიერ, რამდენად დაემთხვევა ეროვნული ბანკისა და სასამართლოს მიდგომები და შეფასებები თუნდაც იმ საკითხში, თუ რა ინფორმაციაა მნიშვნელოვანი მომხმარებლისათვის და რა – არა. თავად დიდი პასუხისმგებლობა აქვს ეროვნული ბანკს – რამდენად ეფექტიანად და ადეკვატურად განახორციელებს რეგულაციების ზედამხედველობას, მოხდება თუ არა დარღვევების მნიშვნელობისა და კრიტიკულობის სათანადო შეფასება და იმის მიხედვით რეაგირება. ამ მომენტისათვის ეროვნული ბანკი ამ გამოწვევას დამაკმაყოფილებლად უმკლავდება. დაბოლოს, ასევე ეროვნული ბანკის წინაშე მდგარი ამოცანაა ბალანსის შენარჩუნება – ერთი მხრივ, დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და, მეორე მხრივ, მოსალოდნელზე და ლოგიკურზე მეტად არ შეზღუდოს ან ჩაერიოს მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებში და ამით, პირიქით, უარყოფითი შედეგი არ გამოიწვიოს. ან როგორ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელთაც წარმოშობს ბაზრის ზოგიერთი მონაწილის სურვილი, სხვადასხვა სახით თავი აარიდოს შეზღუდვებს (მაგალითად, სესხის ლიზინგად “შეფუთვა” და ამით რეგულაციისათვის თავის არიდება). მომავალი წელი სხვა ბევრ საკითხთან ერთად ამ კუთხითაც უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *