დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ 2020 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ ჩინეთ-დასავლეთის დიპლომატიური და ეკონომიკური დაპირისპირების მოწმენი გავხდეთ, რამაც შეიძლება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გადაწყობას მისცეს ბიძგი, – ამის შესახებ ნიკა გილაურის მოსაზრებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალ Forbes Georgia-ში გამოქვეყნდა.
გილაურის მოსაზრებით, ეს პროცესი ნამდვილად ვერ ჩამოშლის ჩინეთის ეკონომიკას (ძალიან დიდი და ადაპტირებადია ამისათვის), მაგრამ დანამდვილებით შეამცირებს მისი ზრდის ტემპს, გაზრდის დაპირისპირებას დასავლეთსა და ჩინეთს შორის, რაც გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს განვითარებად ქვეყნებზეც და კერძო სექტორზე.
„ეს პროცესი ბევრი კომპანიისთვის გაზრდის ჩინეთში ინვესტიციის რისკს, რაც დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის განვითარებად ქვეყნებს, მიიზიდონ ისეთი ინვესტიციები, რომლებიც აქამდე ჩინეთისკენ მიდიოდა“, – ამბობს გილაური.
ის ასევე საუბრობს ევროკავშირის გამოწვევებზე და აღიშნავს, რომ დიდი ალბათობით, 2020-ის ბოლოს-2021-ის დასაწყისში ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაააქტიურებენ განხილვებს ამ ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.
„როგორც დღეისთვის ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე მოუმზადებელი ასეთი ტიპის კრიზისისთვის ევროკავშირი აღმოჩნდა – არა ევროპული ქვეყნები (როგორც ვხედავთ, გერმანია და სხვა ჩრდილოევროპული ქვეყნები საკმაოდ კარგად უმკლავდებიან არსებულ კრიზისს), არამედ ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია. მას არ აღმოაჩნდა არც შესაბამისი სტრუქტურები და არც შესაბამისი რეგულაციები, რომ ეფექტიანად გამკლავებოდა კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც ეფექტიან ანტიკრიზისულ ქმედებას ახორციელებს ეკონომიკის მიმართულებით, ევროპის ცენტრალური ბანკია, რაც ამ ეტაპზე საკმარისი არ აღმოჩნდა.
დიდი ალბათობით, 2020-ის ბოლოს-2021-ის დასაწყისში ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაააქტიურებენ განხილვებს ამ ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით – უნდა ჰქონდეს თუ არა ევროკავშირს ერთიანი ანტიკრიზისული ცენტრი, ერთიანი ჯარი, ერთიანი ფისკალური პოლიტიკა და სხვა.
დადებითია ის, რომ ეს კრიზისი დააჩქარებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას და 2021 წელს გამოჩნდება, ევროკავშირი საბოლოოდ ჩამოყალიბდება ნამდვილ ეკონომიკურ- პოლიტიკურ-სამხედრო კავშირად, თუ დარჩება ისეთ ორგანიზაციად, როგორიც დღეს არის – ბევრი პოზიტიური პოლიტიკის მქონე (თავისუფალი მიმოსვლა, ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ერთიანი ვალუტა), მაგრამ, სამწუხაროდ, არაეფექტიანი კრიზისების დროს“, – წერს გილაური.
რაც შეეხება აშშ–ის და ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, ნიკა გილაური ამბობს:
„იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მთავრობა ხელს არ შეუწყობს ფიქლის ნავთობის ინდუსტრიას, პირველი ის დამარცხდება ამ დაპირისპირებაში (რადგან ასეთი ტექნოლოგიით ნავთობის მოპოვება ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ეს ტრადიციული ტექნოლოგიით არის შესაძლებელი და კიდევ უფრო მაღალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე დღეს ნავთობის ფასია). თუმცა დიდია შანსი, რომ ამერიკის მთავრობა ჩაერიოს და „ტეხასურ დუელში” აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრია დაუმარცხებელ მოთამაშედ აქციოს.
ასევე მნიშვნელოვანია კითხვა, აშშ-ის მთავრობა ამ პროცესში ჩაერევა მხოლოდ საკუთარი ნავთობის ინდუსტრიის გარკვეული სუბსიდირებით, თუ საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მომწესრიგებლის როლს ითამაშებს, რათა გრძელვადიან პერიოდში არ დაეცეს ნავთობის ფასი, რამაც შესაძლოა, აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრიის გაკოტრება გამოიწვიოს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ საწყისი მცდელობა სწორედ ერთობლივი შეთანხმების მიღწევა იქნება, თუმცა, თუ ეს არ გამოვიდა, აშშ თავის ინდუსტრიას მიხედავს და საუდის არაბეთს და რუსეთს ერთმანეთის ეკონომიკური მდგრადობისა და რეზერვების გამოცდა მოუწევთ.
ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება რამდენიმე ფაქტორი: რუსეთს უკვე აქვს ნახევრად იზოლაციური ეკონომიკის მართვის გარკვეული გამოცდილება (გასული წლების სანქციების გამო) და რუსული რუბლის დევალვაცია ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად ხდება, რაც რუსულ რუბლში მის შემოსავლებს არცთუ ისე დიდად ამცირებს ნავთობის ფასის ვარდნისას. რა თქმა უნდა, ამას თავისი უარყოფითი შედეგები აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, თუმცა ვალუტის მოქნილობა ასეთი ეკონომიკური დაპირისპირების დროს დამატებით უპირატესობას სძენს.
თავის მხრივ, საუდის არაბეთს ფიქსირებული გაცვლითი კურსი აქვს, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს უფრო მეტი რეზერვის ხარჯვას (ან ფიქსირებულ გაცვლით კურსზე უარის თქმას, რასაც სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება). თუმცა საუდის არაბეთის სავალუტო რეზერვები (490 მილიარდი დოლარი, მაქსიმუმი იყო 731 მილიარდი დოლარი 2014 წელს) ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ აღემატება რუსეთისას (15,000 დოლარი და 3,000 დოლარი შესაბამისად) და იმპორტის მოცულობაშიც ბევრად მაღალია – საუდის არაბეთის სავალუტო რეზერვები მისი ყოველთვიური იმპორტის 40-ჯერადია, რუსეთის კი 27-ჯერადი. რუსეთის სავალუტო რეზერვები 440 მილიარდ დოლარს შეადგენს, რეზერვების მაქსიმალური მოცულობა კი, 582 მილიარდი დოლარი, 2008 წლის ივლისში ჰქონდა (რამე მოვლენას ხომ არ გახსენებთ ეს თარიღი?).
რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს ამ რეზერვების მინიმუმამდე დაყვანას, თუმცა ეს ციფრები სერიოზულ როლს ითამაშებს ამ დაპირისპირებაში (მონაცემები სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით ოფიციალურად არის გამოქვეყნებული, თუმცა ორივე ქვეყანას დამატებითი სუვერენული ფონდები აქვს, რომელთა დაზუსტებული მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი)“.
ნიკა გილაური გლობალიზაციის ტემპის შენელებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„გლობალიზაციის ტემპი დროებით მნიშვნელოვნად შენელდება. ეს, სავარაუდოდ, არ შეეხება ონლაინ სერვისებს (ონლაინ განათლებას, ონლაინ საკონსულტაციო მომსახურებას, ონლაინ შოპინგს და ა.შ. (რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ), მაგრამ პირველ ეტაპზე მაინც (შემდეგი სამი-ხუთი წლის განმავლობაში) შემცირდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების ტემპი. მთავრობები, იმის მაგივრად, რომ აღრმავებდნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს და დაბლა სწევდნენ სავაჭრო ბარიერებს, შეეცდებიან პირიქით, უფრო კონსერვატულად მიუდგნენ ამ საკითხს. მთავრობები პროტექციონიზმის სხვადასხვა ფორმას გამოიყენებენ და გამოაცხადებენ, რომ ქვეყნის ინტერესშია, ყველაფერი თავად აწარმოოს, რათა იყოს თვითკმარი და საერთაშორისო ვაჭრობაზე ნაკლებად დამოკიდებული (მიზეზი იქნება – აი, საერთაშორისო ვაჭრობაზე რომ არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, ხომ უფრო ნაკლები იქნებოდა ეკონომიკური ვარდნა ამ კრიზისის დროს). ეს კი გამოიწვევს კორუფციის ზრდას განვითარებად ქვეყნებში – ინდუსტრიები, რომლებსაც პროტექციონიზმი შეეხება და კომპანიები, რომლებსაც მხარდაჭერა ექნება, შეირჩევა უსამართლო და არაკონკურენტული გზით, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შეანელებს.
სახელმწიფო კონტროლი კიდევ უფრო გაიზრდება. სხვადასხვა ტიპის მაკონტროლებელი სისტემები (Face recognition software, mobile phone tracing software, etc.), რომელთა დანერგვასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმებოდა, ჩვეულ ნორმად იქცევა. არგუმენტად კი გამოყენებული იქნება პოსტულატი – კორონავირუსის დროს ასეთი სისტემები რომ გვქონოდა დანერგილი, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით. შესაძლებელია მოსახლეობის ყოველწლიური ტესტირებაც სხვადასხვა ვირუსზე ნორმად იქცეს“, – ამბობს გილაური.
და ბოლოს, მისივე თქმით, რაც შეეხება თავდაცვის სტრატეგიებს, მეტად სავარაუდოა, რომ ფოკუსი ბიოლოგიური იარაღისკენ გადაინაცვლებს, რაც ქვეყნებს ბიოლოგიური იარაღის სფეროში შეჯიბრისკენ უბიძგებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ბიოტექნოლოგიების სახელმწიფო დაფინანსებას.
სრული მოსაზრება წაიკითხეთ აქ