TEGETA MOTORS-მა IT-ინფრასტრუქტურა CISCO-ს ტექნოლოგიებით წარმატებით განაახლა

TEGETA MOTORS-მა IT-ინფრასტრუქტურა CISCO-ს ტექნოლოგიებით წარმატებით განაახლა

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიის ზრდა და განვითარება ტექნოლოგიების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა მხოლოდ ტექნოლოგია ვერაფერს წყვეტს, თუ ის გამართული არ არის და პერიოდულად არ ახლდება. ამას მსოფლიოს ყველა წარმატებული კომპანია ითვალისწინებს. ამ კუთხით გლობალურ კორპორაციებსა და ჰოლდინგებს არ ჩამორჩება საქართველოში საავტომობილო ბაზრის ლიდერი კომპანია Tegeta Motors-ი, რომელმაც მონაცემთა ქსელის რედიზაინი წარმატებით განახორციელა. პროცესში მას ჯითი ჯგუფის“ კვალიფიციური გუნდი და კომპანია Cisco დაეხმარა.

საერთაშორისო ტექნოლოგიური გიგანტი, Cisco, ათობით წელია, მთელ მსოფლიოში ოპერირებს, “ჯითი ჯგუფი“ კი ქართული IT-კომპანიაა, რომელიც ცნობილია თავისი წარმატებული პროექტებით. ამ თანამშრომლობის შედეგად, დღეს Tegeta Motors-ს უსაფრთხო, გამართული და გაცილებით უფრო გამტარუნარიანი ქსელი აქვს. კომპანიამ სრულიად ახალი არქიტექტურის IT-ინფრასტრუქტურა შექმნა, მათ შორის კორპორაციული ქსელი და დამატებით ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრი. კომპანიას ახლა უკვე ორი მონაცემთა დამუშავების ცენტრი აქვს, რაც სისტემის კიდევ უფრო გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

“ვინაიდან დღეს Tegeta Motors-ი ერთ- ერთი სწრაფად მზარდი კომპანიაა, დღის წესრიგში დადგა IT-სერვისების დუბლირება და ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა. შედეგად დამატებით აშენდა ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რომლის პროექტის ფარგლებშიც განხორციელდა ზემოაღნიშნული ქსელის რედიზაინი. თუ ერთ- ერთ მონაცემთა დამუშავების ცენტრში მოხდება გარკვეული სერვისის გათიშვა/შეფერხება, მეორე მონაცემთა დამუშავების ცენტრი მყისიერად ერთვება პროცესში, რაც უზრუნველყოფს სისტემის უწყვეტ რეჟიმს და გამართულ მუშაობას. ამჟამად გამტარუნარიანობის კუთხით, საშუალო დატვირთვა გვაქვს 30%, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღარ არის გადატვირთული“, – განაცხადა Tegeta Motors-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ზურაბ ძაგანიამ.

Tegeta Motors-მა ქსელის რედიზაინზე მუშაობა 2019 წლის დასაწყისში დაიწყო და კონკურსიც გამოაცხადა. მასში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია “ჯითი ჯგუფმა“ გაიმარჯვა, რომელმაც მოდერნიზებული ტექნოლოგიების, მათ შორის Cisco-ს აპარატურის გამოყენებით Tegeta Motors-ის IT-გუნდთან ერთად გადააწყო კომპანიის მთელი კომპიუტერული ქსელი. IT ქსელური ინფრასტრუქტურის რედიზაინი Tegeta Motors-ში გასული წლის აგვისტოში დასრულდა. პროცესში ასევე მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ჰოლდინგური კომპანია ELCORE GEORGIA, რომელმაც საჭირო კონსულტაციები და Cisco-ს ბოლო მოდელის ტექნოლოგიების დროული მიწოდება უზრუნველყო.

“ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო აღნიშნული პროექტი, რადგან ის, თავის მხრივ, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებდა, თუმცა, ვფიქრობ, GT Group-თან პარტნიორობით და ჩვენი პროფესიონალების გუნდის წყალობით, შევძელით და წარმატებით გავართვით თავი. დიდი მადლობა Tegeta Motors-ს, რომ დანერგა Cisco-ს უახლესი ტექნოლოგიები და არჩევანი ჩვენზე შეაჩერა და ასევე დიდი მადლობა Cisco-ს, რომელიც ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში დაგვეხმარა. ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით, პარტნიორ კომპანიებს ხელს ვუწყობთ, თავიანთ საქმიანობაში უფრო ეფექტიანები და მოგებიანები გახდნენ“, – განაცხადა ELCORE GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუმბაძემ.

Tegeta Motors-ში, რომელიც ბაზარზე უკვე 25 წელია, ოპერირებს, მიიჩნევენ, რომ კომპანიის წინსვლა საიმედო კორპორაციული IT-ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია, Tegeta Motors-ის ზომის ჰოლდინგისთვის კი განსაკუთრებით პრიორიტეტულია IT-სერვისებისა და ქსელის უსაფრთხოება. ამ უმსხვილეს კომპანიას 250,000 რიტეილ- მომხმარებელი ჰყავს, ასევე 10,000 კორპორაციული კლიენტი და 2,000 საბითუმო შემსყიდველი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

“დღეს Tegeta Motors-ის არსებული ქსელი მაქსიმალურად უზრუნველყოფს კიბერშეტევისგან დაცვას. აღნიშნული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ ამას ემსახურებოდა. „თეგეტა“, როგორც ყველაზე მსხვილი მოთამაშე კავკასიაში საავტომობილო კუთხით, ბუნებრივია, კიბერშეტევის ინტერესის ობიექტს წარმოადგენს და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს „ჯითი ჯგუფის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა შელია და მაგალითად ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მისამართით განხორციელებული სამი კიბერშეტევა მოჰყავს, რომლებიც Tegeta Motors- მა მშვიდად გადაიტანა. შელია ამბობს, რომ ამაში Cisco-ს ტექნოლოგიების როლი დიდია, ვინაიდან სწორედ ეს იყო IT-ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გარანტორი.

აღსანიშნავია, რომ ახალი და სრულად გამართული ქსელი Tegeta Motors-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს უფრო სწრაფად და კომფორტულად მოემსახუროს. ქვეყნის მასშტაბით კომპანია 26 ფილიალს ფლობს, გარდა ამისა, კავკასიის რეგიონში არსებული სერვისცენტრებით ოპერირებს. Tegeta Motors-ის სერვისცენტრი ყოველდღიურად დაახლოებით 1500-მდე ავტომობილს ემსახურება.

“აღნიშნულმა პროექტმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო მეტად გაგვეფართოებინა კომპანიის გამტარუნარიანობა. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებით ხარჯის გაწევის გარეშე კიდევ მინიმუმ ორჯერ არის შესაძლებელი გავაფართოოთ Tegeta Motors-ი და გავზარდოთ კომპანიის გამტარუნარიანობა“, – განაცხადა Forbes-სთან საუბრისას ზურაბ ძაგანიამ. Tegeta Motors-ში განმარტავენ, რომ პროექტის წარმატებას ასევე განაპირობებს სისტემის დატვირთვის პროცენტული მაჩვენებელიც. კერძოდ, თუ ძველი სისტემა თავისი შესაძლებლობების საშუალოდ 80-90%-იანი დატვირთვით მუშაობდა, ახალი სისტემის პირობებში საშუალოდ მხოლოდ 30-40%- ია დატვირთული.

IT-კომპანია “ჯითი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჯაბა შელიას თქმით, Tegeta Motors-ს Cisco-ს აპარატურული მოწყობილობების გამოცვლისა და მოდერნიზების საჭიროება სულ მცირე 5 წელი არ დაუდგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიის დატვირთვა გაიზრდება. დღეს Tegeta Motors-ი, როგორც უმსხვილესი ჰოლდინგი საავტომობილო ბაზარზე, 9 შვილობილ კომპანის აერთიანებს, ჰყავს 3,000-მდე დასაქმებული კადრი, 300-მდე ბრენდი პორტფელში და 50 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტი. Tegeta-ს პორტფელშია ისეთი ბრენდები, როგორიცაა: PORSCHE, VOLVO, TOYOTA, MAZDA, MAN, JCB, BRIDGESTONE, MICHELIN, MOBIL, VARTA და სხვა. 1995 წელს სათადარიგო ნაწილების პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი დღეს ამიერკავკასიის ლიდერია ავტობიზნესის კუთხით. ასეთ საათივით აწყობილ ბიზნესს ხომ საათივით აწყობილი IT- ინფრასტრუქტურა სჭირდება, რაც მის მმართველებს კარგად ესმით. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს Tegeta Motors-ი უკვე უსაფრთხო, გამართული და მოდერნიზებული ქსელითა და Cisco-ს მოდერნიზებული აპარატურით მუშაობს. 

ცნობისთვის, Cisco საერთაშორისო წამყვანი კომპანიაა IT, კომპიუტერული ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ის ყველა ზომის კომპანიას ეხმარება IT- პროდუქტებისა და სერვისების ტრანსფორმაციაში, უსარფთხოების, კოლაბორაციის, მონაცემთა ცენტრებისა და IoT-ის კუთხით. კომპანია ოპერირებს ათობით ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ის საქართველოში წარმატებულად თანამშრომლობს ქართულ IT-კომპანია ჯითი ჯგუფთან“. თავის მხრივ ჯითი ჯგუფი“ 2015 წელს დაარსებული კომპანიაა, თუმცა დღეს მისი მომხმარებლების რაოდენობა 100-ს აღემატება, მათ შორის არიან სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული და მოწინავე კომპანიები. „ჯითი ჯგუფის“ დამფუძნებლების პრიორიტეტს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მუდმივი განვითარება წარმოადგენს. კომპანია ELCORE-ი კი საერთაშორისო ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც 1996 წლიდან წარმატებით ეწევა ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყანაში კომპიუტერული და ქსელური მოწყობილობების დისტრიბუციას. Elcore-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. მისი გუნდი უკვე ათ წელზე მეტია, მომხმარებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ხარისხიან პროდუქციას, ეფექტიან სერვისსა და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.