Forbes მსოფლიოს იმ 50 მსხვილი კომპანიის სიას აქვეყნებს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებენ. გამოცემამ გასულ წელს პირველად გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც ბლოკჩეინ შესაძლებლობებს სწავლობდნენ. ამჯერად კი Forbes იმ პლატფორმებსაც ასახელებს, რომლებსაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები იყენებენ. მათგან რამდენიმე საქართველოშიცაა წარმოდგენილი.
სიაში მოხვდა Bitfury ჯგუფი, რომელიც მსოფლიოში ბიტკოინ მაინინგის ინფრასტრუქტურისა და სერვისის უმსხვილესი მიმწოდებელია. კომპანია წლებია საქართველოშიც არის წარმოდგენილი. თავდაპირველად ქართულ ბაზარზე კომპანიამ პირველი მეგამონაცემთა ცენტრი ააშენა, მალევე კი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ქონების რეგისტრაციის პროექტი დაიწყო.
Maersk კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი და მსოფლიოს იმ უმსხვილეს კომპანიებს შორისაა, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს იყენებს. კომპანიამ გასულ წელს დაანონსა, რომ საზღვაო გადაზიდვებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს, პლატფორმაში გაწევრიანების სურვილი უკვე 100-ზე მეტმა პორტმა და გადამზიდმა კომპანიამ გამოთქვა.
სიაში მოხვდა Amazon. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია ბლოკჩეინის მეშვეობით სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს კომპანიებს, რომლებსაც ე.წ. განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიების გამოყენება სურთ. ეს კომპანიისთვის კარგი გზაა, რომ მოწინავე ადგილი შეინარჩუნოს კომპიუტერული ქლაუდ სისტემების კუთხით.
სიაშია ფრანგული BNP Paribas-იც. სხვადასხვა სახის მონაცემებისა და დოკუმენტების გაციფრულებაზე ბანკი HSBC-სთან ერთად მუშაობდა. ბლოკჩეინ პლატფორმები, რომლებსაც ბანკი იყენებს შემდეგია: Corda, Hyperledger, Fabric, Etherium.
კიდევ ერთი ბანკი, რომელიც ბლოკჩეინ პლატფორმებს იყენებს Citigroup-ია. ამერიკულმა ბანკმა არაერთ სტარტაპში მოახდინა ინვესტირება, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ავითარებენ. გასულ წელს კი კომპანიამ აპლიკაცია ledgerConnect წარადგინა, რომელიც კომპანიებს ბლოკჩეინ ინსტრუმენტების შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
სიაშია Coinbase – ამერიკული კომპანია, რომელსაც დღეს უკვე 20 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს და აშშ-ში კრიპტოვალუტების გადაცვლის წამყვანი კომპანიაა.
გასულ წელს Facebook დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი კრიპტოვალუტების შესაძლებლობების სწავლას იწყებს. რომელ პლატფორმას იყენებს ცუკერბერგი ცნობილი არაა, თუმცა თებერვალში ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში შესვლა მომხმარებელს, შესაძლოა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით შესთავაზონ, ნაცვლად ტრადიციული Facebook connect-სა.
უკვე წლებია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში ინვესტირებას ახდენს Google. მათ შორის აღსანიშნავია Veem, საგადახდო სისტემა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ვალუტების გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობას აძლევს, ე.წ. შუამავალ რგოლად კი ბიტკოინი გამოიყენება.
სიაშია JPMorgan Chase-იც. უმსხვილესი ბანკის სახელს უკავშირდება Quorum-ის შექმნა. ამჯერად კი კომპანიამ JPM Coin-ის გამოშვებაც დაანონსა, რომელიც სხვადასხვა სახის გადახდებზე იქნება ორიენტირებული.
Forbes სიაში მოხვდა სხვა ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Mastercard, Microsoft, NASDAQ, Nestle, Oracle, SAMSUNG, SIEMENS, Walmart, UBS.