მსოფლიოში ყველაზე სადავო გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. საუბარია “ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე. ამის შესახებ Bloomberg-ი თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით წერს.
ამ გაზსადენის მიზანს რუსული გაზის ნაკადის ევროპაში გაზრდა წარმოადგენს. მის მშენებლობაზე მომუშავე ხომალდი Akademik Cherskiy-ი უკვე ჩავიდა გერმანიის ერთ–ერთ პორტში. ნიშნავს ეს იმას თუ არა რომ პროექტის მშენებლობაზე მუშაობა სრულდება, ამის შესახებ გაზსადენის მშენებელ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, გასულ წელს, აშშ-მა სანქციები დააწესა, რათა ეს პროექტი არ განხორციელებულიყო. კერძოდ, გაზსადენი, რომელმაც 55 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის რუსული გაზი წლიურად ციმბირიდან პირდაპირ გერმანიაში უნდა ჩაიტანოს, გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი გახდა. ტრამპმა გერმანია დაადანაშაულა რუსეთისთვის “მილიარდების“ გადახდაში გაზის სანაცვლოდ, მაშინ როდესაც ბერლინი აშშ-ის პროტექციითაც სარგებლობს.
“ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის ოპერატორი რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომია“, მას ასევე აფინანსებს რამდენიმე ევროპული უმსხვილესი ენერგოკომპანია.
ამერიკის სანქციებმა შვეიცარიული კომპანია Allseas Group SA, რომელიც ზღვაში მილების განთავსებაზე მუშაობდა, იძულებული გახადა მუშაობა შეეჩერებინა. ახლა კი “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული სანქციები არის ევროპული კომპანიების წინააღმდეგ არაკანონიერი დისკრიმინაცია.
მიუხედავად ამერიკული სანქციებისა, „გაზპრომის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საშუალება ააშენოს დარჩენილი ნაწილი თავისითაც, თუმცა, არ დაუკონკრეტებია როგორ. ხოლო ამ ხაზით ექსპორტი შესაძლოა წლის ბოლომდეც დაიწყოსო, დასძინა მან.
გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე აქტივობები, მაშინ როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, კარანტინია გამოცხადებული მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა ეს პროექტი. ობიექტი, რომელიც კუნძულ რიუგენზეა განთავსებული, ბერლინიდან 300 კილომეტრში, “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მთავარი ლოგისტიკური ცენტრია. აღნიშნულ ობიექტზე გაზსადენის სეგმენტების მიღება 2016 წელს დაიწყეს.
თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები მოწმობს იმას, რომ ახლა გაზსადენის მოკვეთებზე მიმდინარეობს გარკვეული აქტივობები. ამ ობიექტის სიახლოვეს შეინიშნება ასევე გაზსადენის კონტრაქტორის საბურღი ხომალდები, ასევე რუსული მილსადენების განთავსებისთვის საჭირო ამწე ხომალდი.
ხომალდი Akademik Cherskiy კი იაპონიის ზღვიდან თებერვალში დაიძრა, მანამ ვიდრე ევროკავშირში ეკონომიკური აქტივობა ეპიდემიის გამო შეჩერდებოდა. ხომალდის წყნარ ოკეანეში ნავიგაციის პერიოდში კი პანდემიის შედეგად მსოფლიოში დაღუპულთა რიცხვი 904-დან 287 000-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ევროპული ბენჩმარკით ბუნებრივი აირის ფასი 40%-ზე მეტად შემცირდა.
დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს გაზსადენი ევროპაზე რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი იქნება. ამასთან, გასულ წელს თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური რეგიონის მოკავშირეებს ამის ნაცვლად ამერიკული თხევადი გაზის შეძენა შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაახლეობით $11 მილიარდიანი პროექტია, რომელსაც აფინანსებს Royal Dutch Shell-ი, გერმანული Uniper SE და Wintershall AG და ფრანგული Engie SA და ავსტრიის OMV AG.