საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 3.3%-ით გაიზრდება. IMF-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, სწორედ ასეთივე ზრდას უნდა ველოდოთ 2026 წელსაც. ამასთან, სავალუტო ფონდის ვარაუდით, წელს მსოფლიოში ინფლაცია 4.2%-მდე შემცირდება, ხოლო 2026 წელს – 3.5%-მდე.
IMF-ის პროგნოზით, 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატების რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2.7%-ს მიაღწევს, ევროპის არეალში კი – 1%-ს. რაც შეეხება ევროპის ცალკეულ ქვეყნებს, მაგალითად, ესპანეთის ეკონომიკის 2.3%-იანი ზრდაა ნავარაუდევი; გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი კი, თითოეულის შემთხვევაში, 1%-ზე დაბალია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით, მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება, ინდოეთის – 6.5%-ით, რუსეთის კი – 1.4%-ით. 2025 წელს IMF-ი საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით ზრდას პროგნოზირებს.
IMF-ის პროგნოზის თანახმად, 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის აფრიკასა და აზიაში მდებარე ქვეყნები ლიდერობენ. მათ შორის პირველ ადგილს სამხრეთ სუდანი იკავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს ამ ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 27.2%-ით ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო სამხრეთ სუდანის მშპ მნიშვნელოვან რყევებს განიცდიდა, რამაც ქვეყნის მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო. როგორც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა, სამხრეთ სუდანი ნავთობის წითელ ზღვაში გადასატანად დამოკიდებულია მილსადენებზე, რომლებიც მის ჩრდილოელ მეზობელ სუდანზე გადის.
2024 წელს სამხრეთ სუდანის ყველაზე მნიშვნელოვანი მილსადენი დაზიანდა, რამაც მთავრობის შემოსავლის შემცირებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მილსადენის შეკეთებას ართულებს ის, რომ მისი ნაწილი აქტიურ კონფლიქტურ ზონებშია.
თუმცა, Bloomberg-ის თანახმად, სამხრეთ სუდანი ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიულ გზებს აქტიურად ეძებს. ის ასევე ფულადი დახმარების მიღებას კატარიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რათა ეკონომიკა გადაარჩინოს.
IMF-ის პროგნოზის თანახმად, 2025 წელს მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, 14.4%-ინი ზრდის მოლოდინით, გაიანა იქნება. ის ქვემოთ მოცემულ რეიტინგში წარმოდგენილი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკიდან. გაიანა ოდესღაც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო იყო, სანამ 2015 წლის მაისში მის სანაპიროებთან ნავთობის საბადოები არ აღმოაჩინეს.
Associated Press-ის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, გაიანაში ნავთობის მოპოვება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ქვეყანას მილიარდ აშშ დოლარზე მეტის შემოსავალი მოუტანა. გაიანის მთავრობა მიღებულ შემოსავალს ინფრასტრუქტურის განვითარების დასაფინანსებლად იყენებს, რომელიც ახალ საავადმყოფოებს, სკოლებს, მაგისტრალებსა და მის პირველ ღრმაწყლოვანი პორტს მოიცავს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მიერ ნავთობიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი 2040 წლისთვის 157 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.