მსოფლიოს რომელი წერტილები აერთიანებს ყველაზე მდიდარ ფენებს

მსოფლიოს რომელი წერტილები აერთიანებს ყველაზე მდიდარ ფენებს

პანდემიამ, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა გასულ წლებში მსოფლიოში არაერთი პრობლემა წარმოშვა. თუმცა, ამ გარემოებებს ხელი არ შეუშლია მსოფლიოს უმდიდრესი ფენის წარმომადგენლებისათვის კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე მოეხვეჭათ.

Knight Frank-ის მიერ გამოქვეყნებული სიმდიდრის ანგარიშის მიხედვით, 2020-დან 2021 წლამდე შუალედში უდიდესი სიმდიდრის მქონე ინდივიდების რიცხვი მსოფლიოში 9.3%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ ეს ზრდა მსოფლიოს ყველა რეგიონში თანაბრად შეინიშნება. ცნობისათვის, უდიდესი სიმდიდრის მქონე ინდივიდად (UHNWI) მსოფლიო პრაქტიკით მიჩნეულია ადამიანი, რომლის ქონებაც 30 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ასეთი სიმდიდრის მქონე ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში იყო. აქ 30 მილიონი აშშ დოლარის ქონება 230 000 ინდივიდს აქვს. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით აზიის კონტინენტია. აქ ყველაზე მდიდარი ფენის 170 000 წარმომადგენელი ცხოვრობს. წინა წლის განმავლობაში კი ამ რეგიონებში უმდიდრესი ადამიანების რაოდენობა 12%-ით და 7%-ით გაიზარდა.

მესამე პოზიციაზე ამ მაჩვენებლით ევროპის კონტინენტია. ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ევროპაში საფრანგეთში ცხოვრობს და მათი რიცხვი 30 000-ს შეადგენს. 28 000-ს უტოლდება მათი რიცხვი გერმანიაში, 25 000-ს – ბრიტანეთში, იტალიაში კი – 17 000. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებელს, ამ მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე მონაკო იმყოფება. აქ ყოველი ათასი მოსახლიდან 5 ინდივიდი სწორედ უმდიდრესი ფენის წარმომადგენელია.

საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს საკმაოდ დიდი ზრდა დაფიქსირდა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. უმდიდრესი ადამიანების რიცხვი აქ 11.2%-ით გაიზარდა და 6 500 ადამიანი შეადგინა. თუმცა, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ექსპერტების მოლოდინით, 2026 წლისათვის უმდიდრესი ადამიანების რიცხვი 28%-ით გაიზრდება. ცნობისათვის, 2016-დან 2021 წლამდე პერიოდში ზრდა 75% იყო. პროგნოზების მიხედვით, ზრდა ყველა დიდ რეგიონშია მოსალოდნელი. გამორჩეული მაჩვენებლები კი სინგაპურს, ავსტრალიას, ჩინეთსა და არგენტინას ექნებათ.

მსგავსი მზარდი ტენდენციის მთავარი მამოძრავებელი ძალა უძრავი ქონებისა და აქტივების ფასების მკვეთრი ზრდაა. ამას კი პანდემიის დროს დაბალი საპროცენტო განაკვეთიც დაემატა.

Visual Capitalist