მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალის ქონება გაორმაგდა

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალის ქონება გაორმაგდა

ფოტო: Luana Lopes Lara/Instagram

 

პროგნოზირების პლატფორმა Kalshi-მ უახლესი დაფინანსების რაუნდში დაახლოებით $1 მილიარდის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა, რის შედეგადაც სტარტაპის დამფუძნებლების, ტარეკ მანსურისა და ლუანა ლოპეს ლარას ქონება, ინდივიდუალურად, $2.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამჟამად Kalshi, რომელშიც მანსური და ლოპესი 12%-12%-იან წილს ფლობენ, $22 მილიარდადაა შეფასებული.

29 წლის ლუანა ლოპეს ლარა გასული წლის დეკემბერში ამერიკული Forbes-ის მიერ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა უმდიდრეს თვითშემდგარ მილიარდერ ქალად დასახელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იმავე თვეში Kalshi-მ დამატებით $1 მილიარდის დაფინანსება მიიღო და სტარტაპის ღირებულება $11 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად, სტარტაპის დამფუძნებლები, ტარეკ მანსური და ლუანა ლოპეს ლარა, $1.3 მილიარდის ქონებით პირველად მოხვდნენ Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში.

დაფინანსების უახლეს რაუნდში კი, რომელიც დეკემბრის შემდეგ დაახლოებით ექვს თვეში გაიმართა, Kalshi-ის შეფასება $22 მილიარდამდე გაორმაგდა. ინვესტორებს შორის Sequoia Capital-ი, Andreessen Horowitz-ი, Morgan Stanley და Cathie Wood-ის ARK Invest-ი იყვნენ, ხოლო დაფინანსების რაუნდს საინვესტიციო ფირმა Coatue ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ლუანა ლოპეს ლარამ, რომელიც ყოფილი ბალერინა და MIT-ის კურსდამთავრებულია, თანაკურსელ ტარეკ მანსურთან ერთად Kalshi 2018 წელს დააფუძნა. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ფსონი განათავსონ — დაწყებული NFL-ის მატჩებით, დასრულებული ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებებით.

პლატფორმა 2021 წელს გაეშვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიისგან (CFTC) ნებართვა მიიღო. Kalshi-ის ყოველთვიურად 2 მილიონი აქტიური ტრეიდერი ჰყავს. მისი წლიური სავაჭრო ბრუნვა კი ბოლო 6 თვეში $178 მილიარდამდე გასამმაგდა. Kalshi-ზე მოდის აშშ-ის საპროგნოზო ბაზრების აქტივობის 90%-ზე მეტი, მის მონაცემებს კი ისეთი მედიაპლატფორმები იყენებენ, როგორებიცაა CNN, CNBC და Fox Corporation-ი, ხოლო Robinhood-ი და Coinbase-ი.