მთავრობა ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებას ყიდის

მთავრობა ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებას ყიდის

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის და რეკლამირების უფლება იყიდება – შესაბამისი აუქციონი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოცხადდა. ობიექტის სახელის დარქმევის უფლებას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ყიდის. საწყისი ფასი 1 მილიონი ლარია.

საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ორგანიზაციები სპორტული დაწესებულებების სახელებს ყიდულობენ. მაგალითად, ასეთია Allianz Arena, Vodafone Arena, Etihad Arena და სხვა. თუმცა, ეს საქართველოში სტადიონის სახელის გაყიდვის პირველი შემთხვევაა.

აუქციონის პირობების მიხედვით, სტადიონის ახალ სახელში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სიტყვა “არენა”.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც აუქციონში გაიმარჯვებს სტადიონისთვის სახელის მინიჭების უფლებით 5 წლის განმავლობაში ისარგებლებს.

კომპანიებს აუქციონში საკუთარი ბიჯის დასაფიქსირებლად დრო 23 ივნისის 17:00-მდე აქვთ.

20,000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ. ობიექტის ასაშენებლად და მოსაწყობად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.