სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ შეძენითაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, ინგლისური კლუბის მფლობელი ამერიკული კომპანიის, Fenway Sports Group-ის წარმომადგენლებმა ახალი აქციონერების შესაძლო დამატების შესახებ გასულ კვირაში განაცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, „ლივერპულის“ რამდენპროცენტიანი წილის გაყიდვას აპირებს FSG-ი, თუმცა, როგორც ირკვევა, ის კლუბს 4 მილიარდ გირვანქა სტერლინგად აფასებს.
Reliance Industries-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, მუკეშ ამბანი, რომლის ქონებაც Forbes-ის თანახმად მოცემული დროისთვის $93.4 მილიარდს შეადგენს, „ლივერპულის“ შეძენის სურვილს ჯერ კიდევ 2010 წელს გამოთქვამდა. მილიარდერს კლუბის 51%-იანი წილის ყიდვა Sahara Group-ის თავმჯდომარესთან, სუბროტო როისთან ერთად სურდა.
თუმცა 2010 წელს „ლივერპული“ Fenway Sports Group-მა შეიძინა. ამერიკულმა კომპანიამ კლუბის სანაცვლოდ £300 მილიონი გადაიხადა.