მურატოვს ნობელის პრემიის მედლის გაყიდვის უფლება მისცეს

მურატოვს ნობელის პრემიის მედლის გაყიდვის უფლება მისცეს

ნობელის პრემიის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნობელიანტი ჟურნალისტის, რუსული გაზეთი „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის, დმიტრი მურატოვის გადაწყვეტილებას, გაყიდოს მისი მედალი და მიღებული თანხა სრულად გადარიცხოს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„ნორვეგიის ნობელის კომიტეტი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს დმიტრი მურატოვის გადაწყვეტილებას. ეს გახლავთ როგორც მორალური, ისე მატერიალური მხარდაჭერა და თავისი არსით, ღირსეული საქციელია“ – განაცხადა ინსტიტუტის დირექტორმა, ნიოლსტადმა.

მან არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ უნდა შეფასდეს მედლის ღირებულება, თუმცა დამატებით განმარტა, რომ მედალი სრულად ოქროსგან არის დამზადებული – „ მედალი ღირს ზუსტად იმდენი, რამდენიც იმავე მოცულობის სუფთა ოქრო. თუმცა, ვფიქრობ, რომ რეალურად მედლის ფასი აუქციონზე ბევრად მეტი იქნება“

ნობელის კომიტეტის ვებგვერდის თანახმად, პრემიასთან ერთად გაცემული მედალი სუფთა ოქროსგან მზადდება და მისი წონა 175 გრამია. Bloomberg-ის ცნობით, ერთი უნცია (31.1 გრამი) ოქროს ფასი 22 მარტის მოცემულობით 1935.2 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, რომ მურატოვმა მედლის გაყიდვის სურვილი თავისივე გამოცემის საშუალებით გაახმოვანა და მკითხველს მოუწოდა, სააუქციონო სახლის მიერ გასაყიდად გამოტანილი მედალი შეეძინათ. აღნიშნული განცხადებით მურატოვმა ასევე გაავრცელა მოწოდება, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გაცვლა, დაღუპული მეომრების გადმოსვენება, ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა და ლტოლვილების დახმარება.

პრემია რუსმა ჟურნალისტმა მიიღო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, რაც დემოკრატიისა და გრძელვადიანი მშვიდობის ქვაკუთხედია“. მურატოვი „ნოვაია გაზეტას“ თანადამფუძნებელი და ამავდროულად, მისი მთავარი რედაქტორია 1995 წლიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *