მზისა და ქარის ენერგიის წარმოება მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის მსოფლიოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მესამედზე მეტს შეადგენს. Rocky Mountain Institute-ის (RMI) ანგარიშით, პროგნოზი ენერგეტიკის სექტორში გლობალური კლიმატური მიზნების მისაღწევად საჭირო ცვლილებების განხორციელების პოტენციალზე მიუთითებს.
RMI-ის მოხსენებით, სექტორის მსგავსი მასშტაბის ზრდა ნიშნავს, რომ ქარისა და მზის ენერგიის პროექტები 2030 წლისთვის გლობალური ელექტროენერგიის სულ მცირე 33%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი დღეს მხოლოდ 12%-ს უტოლდება. აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, RMI-ის კვლევა Bezos Earth Fund-თან – კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებულ $10-მილიარდიან ფონდთან პარტნიორობით ჩატარდა.
გაეროს მომავალი კლიმატური სამიტის, COP28-ის პრეზიდენტი სულთან ალ–ჯაბერი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გამომუშავების გასამმაგების მოწოდებით გამოვიდა. წარმოების გაძლიერება სათბური ემისიების შემცირებასა და 2015 წლის პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.
მოხსენების თანახმად, მზის ენერგიის ღირებულება, რომელიც უკვე ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე იაფი ფორმაა, პროექტების სიმრავლესთან ერთად კიდევ უფრო შემცირდება. ამჟამად ერთი მეგავატსაათის მზის ენერგიის წარმოება დაახლოებით $40 ჯდება, ათწლეულის ბოლომდე კი ხარჯი $20-მდე განახევრდება.