NASA-მ ISS-ზე ასტრონავტების შარდისა და ოფლის 98%-ის სასმელ წყლად გადამუშავება შეძლო

NASA-მ ISS-ზე ასტრონავტების შარდისა და ოფლის 98%-ის სასმელ წყლად გადამუშავება შეძლო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ წარმატებას მიაღწია – NASA-მ დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების მიერ გამოყოფილი შარდისა და ოფლის 98%-ის სასმელ წყლად გადამუშავება შეძლო.

სააგენტომ ასტრონავტების მიერ მოხმარებული წყლის აღდგენა „გარემოსდაცვითი კონტროლისა და სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემის“ (ECLSS) დემონსტრირების დროს მოახერხა.

აღნიშნული მიღწევა მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე კოსმოსური მისიების დაუბრკოლებლად განსახორციელებლად, ასევე ფრენების რაოდენობის შესამცირებლად, რომლებიც ასტრონავტებისთვის სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მარაგის მიწოდებას ითვალისწინებს.

მომავალში ნივთიერებების გადამუშავების ან რეგენერაციის გზით, შესაძლოა, უფრო შორეული კოსმოსური მისიებისთვის საკვების, ჰაერისა და წყლის მიღება გახდეს შესაძლებელი.

ცნობისთვის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის თითოეულ წევრს დღეში დაახლოებით ერთი გალონი (3.8 ლიტრი) წყალი სჭირდება დასალევად, საკვების მოსამზადებლად და ჰიგიენური გამოყენებისთვის, როგორიცაა მაგალითად კბილების გახეხვა. საუკეთესო შემთხვევაში NASA-ს მიზანი წყლის 98%-ის აღდგენა იყო, რასაც სააგენტომ უკვე მიაღწია.