NATO: რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება უცვლელია

NATO: რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება უცვლელია

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგებაში ცვლილებები არ შეინიშნება. სტოლტენბერგის განცხადება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ რუსეთისგან გარკვეული ტიპის ტაქტიკური იარაღის მიღების დადასტურებას მოჰყვა.

ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ ღიად განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ტაქტიკური იარაღის გამოყენების ბრძანებას დაუყოვნებლივ გასცემს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომავალ თვეში ბელარუსში იარაღის განთავსება დაადასტურა, რომელიც მოსკოვის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ იქნება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ქმედებებს. არსებული მდგომარეობით, რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგებაში რაიმე ტიპის ცვლილება, რომელიც ჩვენი განლაგების ცვლილებისკენ გვიბიძგებს, არ შეინიშნება“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს NATO-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. ცნობისთვის, NATO-ს თავდაცვის საიდუმლო ჯგუფი პარასკევს შეიკრიბება, სადაც მთავარ განსახილველ საკითხებს შორის პუტინისგან მოსალოდნელი საფრთხე და შეიარაღებული შეზღუდვის ხელშეკრულებიდან რუსეთის გაყვანა იქნება.

სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის ბირთვული რიტორიკა და მესიჯები დაუფიქრებელი და საშიშია: „რუსეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო ახალი თანამედროვე ბირთვული შესაძლებლობების განსავითარებლად. ამავდროულად კი ბირთვული იარაღი ნატოს საზღვრებთან ახლოს, მაგალითად, ალიანსის ზედა ჩრდილოეთში განათავსა“.

მიმდინარე წლის დასაწყისში პუტინმა მეზობელ და მოკავშირე ბელარუსში მცირე რადიუსის ბირთვული იარაღის განთავსება დააანონსა. პარასკევს, ლუკაშენკოსთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერმა განაცხადა, რომ იარაღის ობიექტებზე მუშაობა 7-8 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც ის ბელარუსის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდშივე გადაინაცვლებს.