საქართველოში საწვავის იმპორტი იზრდება. მარტში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 96,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 22 ათასი ტონით მეტია თებერვლალთან შედარებით. ამავე პერიოდში, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 48,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 48,7 ათასი ტონა.
სულ მიმდინარე წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა შეადგინა 242,5 ათასი ტონა, რაც 52,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 84,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 58 ათასი ტონა (23,9%), თურქმენეთი – 39,3 ათასი ტონა (16,2%); აზერბაიჯანი – 30,6 ათასი ტონა (12,6%), ბულგარეთი – 18,2 ათასი ტონა (7,5%); საბერძნეთი – 11,8 ათასი ტონა (4,9%).
შედარებისთვის, 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა ასევე განხორციელდა რუსეთიდან – 46,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 44,1 ათასი ტონა (23,2%), ბულგარეთი – 40,2 ათასი ტონა (21,1%); თურქმენეთი – 25,2 ათასი ტონა (13,2%) და სხვა.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტების უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებს, სტატისტიკის სამსახურის მიერ Forbes-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი მოცულობის იმპორტი შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს:
- ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
- სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- რომპეტროლ საქართველო
- ლუკოილ-ჯორჯია
- სან პეტროლიუმ ჯორჯია
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტლის შედეგების მიხედვით, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება ბოლო წლების კვალდაკვალ კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იზრდება ჰიბრიდული ტიპისა და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი, რომელიც საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.