ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA-ის) სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი გასულ სეზონთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს – $1.46 მილიარდს მიაღწია.
IEG-ის განმარტებით, ლიგის დონეზე მიღწეულმა შეთანხმებებმა საგრძნობლად გაზარდა NBA-ის შემოსავალი. ასოციაციამ 13 ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. შედეგად, 2017-2018 წლების სეზონთან შედარებით, პარტნიორებისგან მიღებულმა დაფინანსებამ 50%-ით მოიმატა. ტექნოლოგიების სფერო, თამაშებისა და ლატარიის ინდუსტრია, ტელეკომუნიკაციები, სპორტული ტანსაცმლის კომპანიები და საბანკო სექტორი ყოველწლიურად $100 მილიონს უხდის NBA-ს.
IEG-ის შეფასებით, NBA-ის ყველაზე აქტიური დამფინანსებლები არიან კომპანიები – State Farm-ი და Verizon-ი. თითოეულ მათგანს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან დადებული აქვს 20-ზე მეტი შეთანხმება. Verizon-მა მიმდინარე სეზონში 12 ახალი კონტრაქტი გააფორმა.
NBA-ის 27 კლუბის წარმომადგენელს თამაშისას მაისურზე გამოსახული აქვს სპონსორის ლოგო. სწორედ ამ შეთანხმების წყალობით, ზოგიერთი გუნდი წლიურად $15 მილიონზე მეტს იღებს.
NBA-ის სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი უახლოვდება ნაციონალური ფეხბურთის ლიგის შემოსავალს, რომელიც გასულ სეზონზე $1.62 მილიარდს შეადგენდა. IEG-ის დირექტორის, პიტერ ლანცის განცხადებით, კალათბურთელი ვარსკვლავების პოპულარობა, თამაშთა რაოდენობა, სპონსორებისათვის შესათავაზებელი განსხვავებული აქტივები და NBA-ის გლობალური ცნობადობა ხელს უწყობს ასოციაციის შემოსავლის ზრდას.