ნეობანკ Space-ის პლატფორმაზე აწყობილ TBC Bank UZ-ს ორი მილიონი მომხმარებელი ჰყავს

ნეობანკ Space-ის პლატფორმაზე აწყობილ TBC Bank UZ-ს ორი მილიონი მომხმარებელი ჰყავს

საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის, Space-ის ბაზაზე დაარსებული TBC Bank Uzbekistan-ის აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობამ, ოპერირების არასრულ მეორე წელიწადს, ორ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ TBC UZ-ი ახალი თაობის სრულად ციფრული ბანკია, რომელიც ქართული საერთაშორისო ფინტექ-პლატფორმის, Space-ის ბაზაზე, 2020 წელს დაფუძნდა. უზბეკეთის ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, ნეობანკ Space-ის შემთხვევაში, კომპანია საცალო დაკრედიტების მიმართულებას ავითარებს და მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.

„რეალურად, TBC UZ-მა კომერციული ოპერირება დაახლოებით თვრამეტი თვის წინ დაიწყო და ამ პერიოდში ორი მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის მოგროვება, თანაც სრულად ციფრულ საოპერაციო გარემოში, რომელიც ჩვენი ციფრული საბანკო პლატფორმით, Space International-ით, საქართველოდან უზბეკეთში იმართება – კოლოსალურად დიდი მიღწევაა. თანაც, უზბეკეთი სუპერ გაციფრულებული და დიჯიტალიზებული ქვეყანა არ არის.

ამასთანავე, ეს რიცხვი – ორი მილიონი, უზბეკეთის 35-მილიონიან მოსახლეობასთან შედარებით უნდა გავიაზროთ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 6% ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებელია. თვრამეტ თვეში დაფიქსირებული ეს მაჩვენებელი ამ კონტექსტშიც დიდი რიცხვია, თანაც იმის ფონზე, რომ უზბეკეთში უკვე სამი ციფრული ბანკი და ფინანსური გადახდების ბევრი ორგანიზაცია ოპერირებს“, – განაცხადა ნიკა ქურდიანმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.

თავისთავად ცხადია, რომ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ქართული კომპანიის უზბეკური სამომავლო გეგმების შესახებაც ვკითხეთ. ნიკა ქურდიანის განცხადებით, კომპანიის სამომავლო გეგმები თიბისი ჯგუფის კიდევ ერთ ფინტექ-კომპანიასთან, Payme-სთან აქტიური სინერგიული პროექტების დაწყებას ასახელებს.

საინტერესოა, რომ Payme-ი ციფრული გადახდების ყველაზე დიდი პლატფორმაა უზბეკეთში, რომელსაც შვიდი მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ამგვარად, თიბისი ჯგუფის ორი შვილობილი კომპანია, საერთო ჯამში, უზბეკეთში დაახლოებით ცხრა მილიონ მომხმარებელს, ანუ მოსახლეობის 25%-ზე მეტს ემსახურება.