გასულ წელს სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

გასულ წელს სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

2016 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1415 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთაც გააჩნიათ 1496 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მოქმედი სასტუმროების 99.5% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.5% – სახელმწიფო საკუთრებაში. 

2016 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 61.4 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 28.4 ათასი ერთეულია, რომელთა 10.0% ლუქსია, 12.9% – ერთადგილიანი, 57.8% – ორადგილიანი, ხოლო 19.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2539.8 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 37.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 34.2% – საქართველოდან. 

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (13.8%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (24.0%) და ირანიდან (11.8%) შემოსულ სტუმრებს უკავია.

2016 წელს, წინა წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2% – ით, თურქეთიდან – 70.0% – ით, უკრაინიდან – 41.4%-ით, გერმანიიდან – 27.9%- ით, პოლონეთიდან – 21.6%-ით, აშშ-დან – 19.4% – ით და სომხეთიდან – 11.9% – ით. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (74.6%), საქმიანი და პროფესიული მიზნით – 16.0%, მკურნალობის მიზნით – 1.6%, ხოლო დარჩენილი 7.8% სხვა მიზნებზე მოდის. 

რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 14.3% მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 13.6% – თურქეთზე, 7.4% – უკრაინაზე, 6.8% – ირანზე, 6.3% – ისრაელზე, 3.6% – აზერბაიჯანზე, 3.6% – სომხეთზე და 3.2% პოლონეთზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *