მეწარმე ქალბატონი მამაკაცად შეინიღბა და $3-მილიარდიანი კომპანია ასე ააშენა

მეწარმე ქალბატონი მამაკაცად შეინიღბა და $3-მილიარდიანი კომპანია ასე ააშენა

1960-იან წლებში ქალებს ბანკში ანგარიშის გახსნის უფლებაც კი არ ჰქონდათ, ხოლო საოჯახო საქმეებზე მაღლა კარიერის დაყენების იდეა, მით უმეტეს, ყველას აბსურდულად მიაჩნდა. 50 წლის წინ სწორედ ასეთ სამყაროში შეაბიჯა დეიმ სტეფანი შირლიმ, როდესაც თავისი მულტიმილიარდიანი პროგრამული უზრუნველყოფის ბრიტანული კომპანია Freelance Programmers-ი, მოგვიანებით კი Xansa დააარსა. მას „ტექნიკურ სფეროში ყველაზე წარმატებულ მეწარმედ” მოიხსენიებდნენ. სწორედ შირლის ეკუთვნის „ქალებისათვის და ქალების მიერ მართული კომპანიის შექმნის” იდეა. საბოლოოდ, დეიმ სტეფანი შირლიმ შექმნა $3-მილიარდიანი საჯარო კომპანია, სადაც 8,500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. მას იმდენჯერ მოუწია „შუშის ჭერის” თავით გარღვევა, რომ საკუთარ თავზე ხუმრობით ამბობს, ბრტყელი თავი გამიხდაო. TED Talk-ის ერთ-ერთ განხილვაში სახელწოდებით „რატომ აქვთ ამბიციურ ქალბატონებს ბრტყელი თავები?” მან დეტალურად უამბო აუდიტორიას იმ გამოწვევების შესახებ, რომელთანაც მას სამუშაო გარემოში უწევდა გამკლავება და ასევე გაუმხილა, რომ საქმიან მიმოწერაში იყენებდა სახელ „სტივს”, რათა ბიზნესწრეებში იგი სერიოზულად აღექვათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იურიდიული გამოწვევა, რომელთანაც შირლის უწევდა გაკლავება, ხუთი ათწლეულის წინ უკვე აღარ არსებობდა, საზოგადოების მიკერძოებული დამოკიდებულება სამუშაო ადგილას ქალების ლიდერ პოზიციასთან დაკავშირებით მაინც ხშირია. დეიმ სტეფანი შირლიმ გაგვიზიარა ოთხი ძირითადი დებულება, რომლებიც, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ნუ მისცემთ საშუალებას სხვა ადამიანებს, რომ მათმა მოლოდინებმა განსაზღვროს, თუ რა არის თქვენთვის შესაძლებელი, ან, პირიქით, შეუძლებელი

როდესაც შირლიმ თავისი კომპანია შექმნა, ხელშეკრულებით მომუშავე პროგრამისტების იდეას ყველა ირონიით უყურებდა, რადგან იმ პერიოდში კომპიუტერული პროგრამები უფასო იყო და თანაც კომპიუტერებს მოჰყვებოდა. არავინ იყიდდა პროგრამას, განსაკუთრებით კი – ქალისგან. ნაცვლად იმისა, რომ ამ გავრცელებული მოსაზრების გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, შირლიმ უფრო რადიკალური გზა აირჩია და ნაცვლად „სტეფანისა”, მამაკაცის სახელი „სტივი” დაირქვა. საკუთარი კომპანიის ღირებულებაში ურყევმა რწმენამ სრულად გააბათილა ყველა ეჭვი, რომ მისი იდეა განუხორციელებელი დარჩებოდა.

ინვესტიცია განახორციელეთ ისეთ აქტივებში, რომლებიც სათანადოდ არ არის შეფასებული

იმ პერიოდში, როდესაც ქალები მშრომელთა საზოგადოების ნაკლებად პროდუქტიულ წევრებად იყვნენ მიჩნეულნი, შირლის აქტიურად აჰყავდა სამსახურში სათანადო კვალიფიკაციის მქონე ქალები, რომელთა დასაქმება სხვას არავის სურდა. შირლი მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა ისეთ ქალებს, რომლებიც ქორწინების ან შვილების გაჩენის შემდეგ იძულებული იყვნენ, სამსახურიდან წამოსულიყვნენ. შირლი ამ ქალბატონებისათვის ქმნიდა სამუშაო გარემოს, სადაც მათ მოქნილი გრაფიკი და სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ. თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და ოჯახის პატივისცემაზე აგებული პოლიტიკის წყალობით, შირლიმ უაღრესად ლოიალური კადრები შექმნა. თანამშრომლების მხრიდან ერთგულება ფასდაუდებელი გახდა შირლისათვის, როდესაც თავად მოექცა ოჯახური ვალდებულებების წნეხის ქვეშ. შირლის კომპანიის აქციების პირველადი გამოტანა საჯაროდ 1993 წელს მოხდა, რის შემდეგაც მისი 70 თანამშრომელი მილიონერი გახდა, ხოლო თანამშრომელთა საერთო რაოდენობამ 8,500-ს მიაღწია.

ყოველთვის მზად უნდა იყო წარმატების საფასურის გადასახდელად

წარმატება იოლი რომ იყოს, ყველანი მილიარდერები ვიქნებოდით. წარმატება მსხვერპლს მოითხოვს. შირლისათვის წარმატების საფასური მისი ოჯახური ცხოვრება და ჯანმრთელობა აღმოჩნდა. იმ პერიოდში, როდესაც შირლი კომპანიის გაფართოებას ცდილობდა, მის ვაჟს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მას უწევდა სამსახურსა და საოჯახო ვალდებულებებს შორის ბალანსირება. თავის ერთ-ერთ მეტად საკამათო ინტერვიუში შირლიმ განაცხადა: „ბევრ ადამიანს არ სურს წარმატების საფასურის გადახდა, საფასურს კი საკუთარი ჯანმრთელობის, ოჯახისა და პირადი ცხოვრების სახით ვიხდით”. მან ასევე გამოხატა თავისი იმედგაცრუება თანამედროვე ახალგაზრდა ქალბატონების გამო, „რომლებიც საუბრობენ იმაზე, რაც მე 50 წლის წინ შევძელი”. როგორც ქალი, რომელმაც სხვა ქალებსაც გაუკაფა გზა ტექნოლოგიების სფეროში, მან ყველას ნათლად დაანახვა, რომ აღმასრულებელი დირექტორიის პოზიციაზე მყოფი ყველა ქალი კარგად უნდა დაფიქრდეს წარმატების საფასურზე და იმაზეც, თუ რამდენად მზად არიან ისინი, ამ წარმატებისთვის თავიანთი პირადი ცხოვრება მსხვერპლად გაიღონ.

დაისახეთ მისია, რომელიც, ერთი შეხედვით, თქვენს ძალებს აღემატება

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის დაარსება ისედაც რთული წამოწყება იყო, შირლი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და სამუშაო ადგილას ქალთა თანასწორი უფლებებისათვის ბრძოლა საკუთარ მისიად აქცია. სწორედ ასეთმა მიდგომამ განსაზღვრა მისი კომპანიის ფუნდამენტური ღირებულებები, თანამშრომელთა აყვანის პოლიტიკა, სამუშაო გარემო და საბოლოოდ კომპანიის წარმატება. ფული არასოდეს ყოფილა მისი უპირველესი მიზანი. მიუხედავად მუდმივი წნეხისა და უამრავი მსხვერპლისა, მას მაინც ყოველთვის უყვარდა თავისი სამუშაო.

სამუშაო ადგილას ქალებს კვლავაც უწევთ დაუფარავ სექსიზმთან და მიკერძოებულ დამოკიდებულებასთან გამკლავება, რაც მუდმივად ძირს უთხრის მათ საქმიანობას. გასაოცარი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ააშენო კომპანია, მაგრამ წარმატებას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც საყოველთაოდ დამკვიდრებულ შეხედულებებს უპირისპირდება, არ გაურბის გამოწვევებს და ბოლომდე სწამს საკუთარი ხედვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *