ციფრული ტრანსფორმაციის პიონერები

ციფრული ტრანსფორმაციის პიონერები

გამართული IT-ინფრასტრუქტურა, კიბერუსაფრთხოება და სწრაფი ციფრული ტრანსფორმაცია ბოლო ნახევარი წელია, თითქმის ყველა ორგანიზაციის მთავარი გამოწვევაა. ორიენტ ლოჯიკი საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერას კომპანიებს უკვე 25 წელზე მეტია, სთავაზობს. რა შეცვალა ტექნოლოგიურ სფეროში პანდემიამ და რას უნდა ელოდოს “ორიენტ ლოჯიკისგან“ მომხმარებელი, ამის შესახებ Forbes Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს და კომერციულ დირექტორს, გიორგი ტუსკიას ესაუბრა.  

ორიენტ ლოჯიკი” ბაზარზე ორ ათეულ წელზე მეტია, ფუნქციონირებს. თქვენი დაკვირვებით, როგორ ვითარდებოდა IT ბაზარი საქართველოში მთელი ამ ხნის განმავლობაში?

ლევან ახვლედიანი: “ორიენტ ლოჯიკის“ ისტორია 1995 წლიდან იწყება, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა ტექნოლოგიების შესახებ. ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, “ორიენტ ლოჯიკის“ დამფუძნებლებმა – მომავლის ტექნოლოგიებისადმი ინტერესით გაერთიანებულმა ოთხმა მეგობარმა გადაწყვიტა, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები საქართველოს ბაზრისთვისაც გაეცნო. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ტექნოლოგიური შესაძლებლობების პლატფორმას, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვან 30-ზე მეტ ტექნოლოგიურ ბრენდს აერთიანებს.

გიორგი ტუსკია: ჩვენი ორგანიზაცია დაარსებიდან ძირითადად კომპიუტერული ტექნიკის ვაჭრობით იყო დაკავებული, დაახლოებით ათი წლის შემდგომ, როდესაც ბაზარზე არსებული მოთხოვნა სხვა პრიორიტეტებით ჩანაცვლდა, კომპანიამ მომხმარებლებს ბრენდული პერსონალური კომპიუტერები და ტექნიკა შესთავაზა. მსოფლიო ბაზრის განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაც განვითარდა და შესაბამისად, განვვითარდით ჩვენც. დღეს „ორიენტ ლოჯიკი“ ხუთი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, ქსელური და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებები, პერსონალური სისტემების მიმართულება, პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციული უსაფრთხოება. მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ვეხმარებით წარმატებულ ციფრულ ტრანსფორმაციაში.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? შედარებით დიდი კომპანიები თუ ნებისმიერი ზომის და ნებისმიერი მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები?

გიორგი ტუსკია: ჩვენი მომხმარებლები საქართველოს ბაზარზე არსებული მსხვილი, ასევე საშუალო ზომის ბიზნესებია, რომლებიც მიიწევენ ციფრული ტრანსფორმაციისკენ. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამას გარდა, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სექტორი, სადაც არაერთი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. კერძო სექტორის მიმართულებით ჩვენს პორტფელშია საფინანსო სექტორის წამყვან ორგანიზაციებში განხორციელებული მასშტაბური პროექტები, ასევე სატელეკომუნიკაციო, სამედიცინო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.

თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართული IT კომპანიები საქართველოში?

ლევან ახვლედიანი: ქართული IT კომპანიები პირველ რიგში დგანან საკადრო პრობლემის წინაშე, ასევე ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკის სიმცირეა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სწორედ საკადრო პრობლემასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს ქართულ ბაზარზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროექტებს, ნამდვილად ვისურვებდით აღნიშნული მიმართულებით მეტ პროფესიონალს, რათა კიდევ უფრო მეტი კომპლექსური და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, რაც სამომავლოდ პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შევქმნათ “ორიენტ ლოჯიკის აკადემია“, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ხარისხიანი ტექნოლოგიური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც ძალიან ღირებული იქნება.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა, ცვლილებები თითქმის ყველა სექტორს შეეხო. რა შეიცვალა საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში?

გიორგი ტუსკია: პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის მთელი მსოფლიო დისტანციურ სამუშაო და სასწავლო რეჟიმზე გადავიდა, ტექნოლოგიების როლი აღნიშნულ პროცესებში კიდევ უფრო გაიზარდა. გარდა ამისა, აუცილებელია, ხაზი გავუსვათ საკითხს, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული რისკები მნიშვნელოვნად წამოიწია წინ, ეს საკითხი არა მხოლოდ ტექნოლოგიებში დასაქმებული პირებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

შექმნილმა კრიზისმა რა შეცვალა თქვენი კომპანიის საქმიანობაში?

ლევან ახვლედიანი: იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც კრიზისმა წამოსწია წინ, დავიწყეთ “ორიენტ ლოჯიკის“ გუნდის აქტიური ზრდა და IT პროფესიონალებით დაკომპლექტება. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ჩვენი ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულება, რომელიც აქტიურად ახორციელებს პროექტებს პარტნიორ ორგანიზაციებში მათი ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, დაგვემატა ახალი მიმართულება – DevOps & Cloud Native – დეველოპმენტის გაყიდვების გუნდი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებები, რაც მათ ხარისხიან და სწრაფ ციფრულ ტრანსფორმირებაში დაეხმარება.

ორიენტ ლოჯიკს“ არაერთი მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული, მათგან რომელია თქვენთვის გამორჩეული, რამაც განვითარების შესაძლებლობა მოგცათ, როგორც კომპანიას?

ლევან ახვლედიანი: ჩვენს პორტფელში უამრავი წარმატებული პროექტია, რაც საქართველოს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა ინდუსტრიას მოიცავს. გამოვყოფდი საგანმანათლებლო სექტორის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, რაც, ვფიქრობ, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული გვაქვს საქართველოს 200-მდე საჯარო სკოლის უსადენო დაშვების წერტილებით უზრუნველყოფის პროექტი, ასევე ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს საჯარო სკოლებში ხარისხიანი და თანამედროვე სასწავლო პროცესის წარმართვას. აქვე აღსანიშნავია მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული ტექნოლოგიური აღჭურვა. მოხარულები ვართ, რომ საგანმანათლებლო სექტორში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები მომავალი თაობებისთვის მეტი შესაძლებლობისა და უკეთესი განათლების მიღების საწინდარია. გარდა ამისა, აქტიურად ვახორციელებთ ტექნოლოგიურ პროექტებს საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში საფინანსო, საჯარო, სატელეკომუნიკაციო და სხვა მიმართულებებით. ასევე ჩვენს პორტფელშია ისეთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტები, როგორიცაა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სრული ტექნოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ციფრებზეც რომ ვისაუბროთ, საინტერესოა გაყიდვებისა და მომხმარებლების რაოდენობა და ა.შ.

გიორგი ტუსკია: ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით 2019 წელს “ორიენტ ლოჯიკმა“ მიიღო 25 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი და ისტორიულ რეკორდს მიაღწია. ამ შედეგის საფუძველზე, 2020 წელი კიდევ უფრო ამბიციურად დავგეგმეთ, თუმცა პანდემიამ ბევრი სირთულე წარმოშვა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა და შემცირებული ეკონომიკისა, წლის პირველი ნახევარი დადებითად შეგვიძლია, შევაფასოთ, რაც ჩვენი გუნდის თავდადების შედეგია. მომხმარებლების რაოდენობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ბაზარზე არსებულ დაახლოებით 150 პარტნიორ ორგანიზაციასთან.

დღეს წარმატებული და პასუხისმგებლობიანი კომპანიის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული აქტივობებია. როგორია „ორიენტ ლოჯიკის“ ნაბიჯები ამ მიმართულებით?

გიორგი ტუსკია: “ორიენტ ლოჯიკი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. აღნიშნული მიმართულებით მრავალი პროექტი გვაქვს განხორციელებული. კრიზისის პერიოდში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განვახორციელეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, შეიქმნა პლატფორმა SupportIT.ge, რომელიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს უფასო კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, პროექტში ჩართულია ჩვენი ორგანიზაციის თითოეული ტექნოლოგიური მიმართულება. ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტის საფუძველზე ქართულ ორგანიზაციებს საკმაოდ შევუწყვეთ ხელი და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფაში დავეხმარეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გამოვყავით ფინანსური რესურსი 20,000 ლარის ოდენობით და გადავრიცხეთ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში. აქვე აღსანიშნავია საქველმოქმედო პროექტი, რომელშიც ჩავერთეთ სამოქალაქო მოძრაობა “შენმოქმედთან“ ერთად და რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური სასწავლო რეჟიმის პერიოდში განათლების ხარისხიანად მიღების მიზნით, გადავცემთ კომპიუტერულ ტექნიკას და უზრუნველვყოფთ მათ ინტერნეტიზაციას.

გეგმავს თუ არა კომპანია ახალ ინვესტიციებს?

ლევან ახვლედიანი: ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე რთულია, ვისაუბროთ ახალი ინვესტიციების შესახებ, თუმცა უახლოესი სამი წლის განმავლობაში კომპანია მიზნად ისახავს საერთაშორისო მასშტაბით გაძლიერებას, რაც ბუნებრივად გულისხმობს ახალ ინვესტიციებს. როგორც კი ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, გადალახოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული ბარიერები, კომპანია მზად იქნება ინვესტიციების გასაზრდელად საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც სათავო ოფისი საქართველოში ექნება. დაბოლოს, ბევრი ამბობს, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი სწორედ ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური უნარების ექსპორტია. საინტერესო იქნება “ორიენტ ლოჯიკის“ მოსაზრება ამ საკითხზე…. ლევან ახვლედიანი: საქართველოს ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზეზით, ორი წლის წინ შევედით შვედეთის ბაზარზე და გავხსენით ფილიალი. ვფიქრობ, სწორედ DevOps მიმართულებას აქვს ტექნოლოგიური უნარების ექსპორტის უდიდესი პოტენციალი, რადგან ეს არის მიმართულება, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ექსპორტზე გავიტანოთ სერვისები, რომლებიც საქართველოშია შექმნილი და რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო ვენდორების პლატფორმებზე როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებში. ამ მიმართულებითაც ჩვენი გეგმები ძალიან დიდია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე უახლოეს მომავალში მრავალ მასშტაბურ და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *