პარიზში მიმდინარე ზაფხულის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მესამე მედალი მოიპოვა. ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაო მოიგო.
ნინამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მასპინძელი საფრანგეთის წარმომადგენელი, ბრიანა ვიდე დაამარცხა. თიბილაშვილმა დაპირისპირება ანგარიშით 15:11 მოიგო და კარიერაში მეორე პარაოლიმპიურ მედალს დაეუფლა. შეგახსენებთ, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ პირველი მედალი ტოკიოში მოიპოვა, როდესაც პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ნინა თიბილაშვილმა ტურნირზე პირველი შეხვედრა სამხრეთკორეელი ჰიო კიონგ კვონის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 15:5 დაამარცხა. ამის შემდეგ მან შვიდი პარაოლიმპიური ოქროს მფლობელ იუ ჩუ იეს დიდი ანგარიშით, 15:4 მოუგო. შედეგად, თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ჩინელ ჰაიან გუსთან შეხვედრა ანგარიშთ 6:15 დათმო და რეპეშაჟში გადაერთო. აქ მან უკრაინელ ნატალია მორკვიჩს დაძაბულ დაპირისპირებაში 15:14 აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს უკვე სამი მედალი აქვს მოპოვებული. ნინა თიბილაშვილამდე, პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიგო, გიგა ოჩხიკიძე კი ბირთვის კვრაში ოქროს მედალს დაეუფლა.
2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშები 28 აგვისტოს ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. პარასპორტსმენებს შორის სპორტის 22 სახეობაში შეჯიბრი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს პარიზის პარაოლიმპიადაზე 14 წარმომადგენელი ჰყავს.
აქვე გეტყვით, რომ ნინა თიბილაშვილი Forbes Georgia-ს პროექტის, 30 Under 30-ის 2020 წლის გამარჯვებულებს შორისაა, სპორტის კატეგორიაში.