1970 წელს დაარსებული სამკერვალო „ნიტექსი“ წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ კომპანია 2007 წლიდან უნიფორმებს კერავს. სამკერვალოს მიერ შექმნილ სამოსს ამჟამად პატრულის, შემოსავლების სამსახურის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ თანამშრომლები ატარებენ. „ნიტექსის“ სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ელიზბარ მანაგაძეს ვესაუბრეთ.
ელიზბარ, როგორც ცნობილი გახდა, „ნიტექსი“ წარმოების გაფართოებას აპირებს. კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ?
კომპანია „ნიტექსს“ საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. დაახლოებით 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ვაპირებთ მრავალპროფილიანი საწარმოს აშენებას. აქ იქნება პრემიუმ-ხარისხის ქსოვილების მაღაზია, „ნიტექსის“ მიერ შექმნილი უნიფორმების შოურუმი, ასევე, უფასო აკადემია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ექნებათ სურვილი, ჩვენი სფეროს სხვადასხვა მიმართულებას დაეუფლონ. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, აქცენტი გაკეთდება უნიფორმების მასობრივ წარმოებაზე.
სად იგეგმება სივრცის მოწყობა და პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
საწარმოს მშენებლობა ისანი-სამგორის ტერიტორიაზე 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება. 2023 წელს წარმოების ყველა მიმართულება უკვე მაქსიმალური დატვირთვით უნდა ამუშავდეს.
რა მოცულობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება?
საწყის ეტაპზე დაახლოებით 3-4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. მომავალში კი ეს თანხა უფრო გაიზრდება. ეს იქნება როგორც პირადი ინვესტიცია, ასევე ფინანსური სახსრების მოძიების მიზნით მოლაპარაკებებს ვმართავთ EBRD-სა და EIB-სთან.
რომელ ქვეყნებში გეგმავთ ექსპორტზე გასვლას და ძირითადად რა სახის პროდუქციის შეთავაზებას აპირებთ მათთვის?
„ნიტექსში“ შექმნილი უნიფორმების ექსპორტი ევროპაში განხორციელდება. უკვე ვმართავთ მოლაპარაკებებს საკმაოდ სერიოზულ კომპანიებთან. ბრენდების სახელწოდებების გამხელას შეთანხმების მიღწევის შემდეგ შევძლებთ.
ვინაიდან დღეს აქცენტი კეთდება წარმოების ჩინეთიდან ევროპაში გადმოტანაზე, არ გამოვრიცხავთ, რომ მთელი კონტინენტი მოვიცვათ. ამისთვის ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა გვაქვს. გარდა ამისა, აქ მუშახელი ევროპის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით იაფია. ამის მიუხედავად, ჩვენი კომპანიის თანამშრომლების ანაზღაურება ქართულ რეალობაში საკმაოდ მაღალი იქნება.
უნიფორმების გარდა „ფეშენ-მიმართულებასაც“ ვაკეთებთ. გვინდა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს საშუალება მივცეთ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოდის კვირეულებში მიიღონ მონაწილეობა. ეს როგორც მათი სახელის, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით შექმნილი სამოსი ევროპული და ამერიკული ბაზრისთვის იქნება გათვლილი.
რამდენი ადამიანია ამჟამად კომპანიაში დასაქმებული და წარმოების გაფართოების შემდეგ რამდენი კადრის დამატებას გეგმავთ?
ამჟამად კომპანიაში 100 მკერავია დასაქმებული. მათი ანაზღაურება 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს. წარმოების გაფართოების შემდეგ კიდევ 400 მკერავს დავასაქმებთ.