საგანმანათლებლო კრიზისიდან გამოსვლა და პანდემია

საგანმანათლებლო კრიზისიდან გამოსვლა და პანდემია

საქართველოში საგანმანათლებლო კრიზისი გვაქვს – ეს ფაქტობრივი მოცემულობაა, რომელსაც ვერავინ უარყოფს, თუმცა მასზე აქტიურად საუბარიც არავის სურს. რატომღაც ყველას თვითკმაყოფილება იპყრობს განათლების სხვადასხვა საფეხურზე – ამ მიდგომის ნეგატიური შედეგები კი პანდემიის ფონზე კიდევ უფრო შიშვლდება.

ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ადამიანი კი განათლების სისტემის ნაწილი ადრეული ასაკიდანვე ხდება – მაშინ, როდესაც იგი მშობლებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიჰყავთ.

UNICEF-ის 2020 წლის დეკემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების მხოლოდ 25% აღწევს წიგნიერების განვითარების ნიშნულს, ხოლო სოციალური და ემოციური განვითარების ნიშნულს – 89%. ასეთი სურათი იყო მანამ, სანამ პანდემიის გამო საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაიხურებოდა. რამდენიმე თვეში UNICEF-ის ახალ ანგარიშში ითქვა, რომ სახლებში გამოკეტილი ბავშვების ემოციური მდგომარეობა გართულდა – უკვე გამოკვეთილია სოციალური უნარების განვითარებაში ჩამორჩენა, მათ აქვთ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გაჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც. შესაბამისად, არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვით, რომ ბაღების დახურვამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ბავშვების ადრეულ განვითარებაზე.

არანაკლებ საგანგაშო მდგომარეობა იყო ზოგადი განათლების სისტემაში – სკოლები პერიოდულად იხურებოდა და იხსნებოდა. ბავშვები და მასწავლებლები დაუგეგმავად და მოუმზადებლად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. UNICEF-ის შეფასებით, სკოლების დახურვამ გავლენა იქონია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე კი აღმოჩდნენ მოსწავლეები სოციალურად მოწყვლადი ოჯახებიდან. IDFI-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, გასულ წელს შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი, ხოლო 16%-ს – ინტერნეტთან წვდომა. საგულისხმოა, რომ გასულ სასწავლო წელს ონლაინსწავლების პლატფორმით 65,000-მდე მოსწავლესა და 7,000-მდე მასწავლებელს საერთოდ არ უსარგებლია (საერთო რაოდენობის თითქმის 11%).

ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსწავლეთა დასწრება დისტანციურ გაკვეთილებზე პირისპირ სწავლებასთან შედარებით შემცირდა, მათ შორის, დროის სვლასთან ერთად მცირდებოდა ონლაინგაკვეთილებზე დამსწრე მოსწავლეების რაოდენობაც. იმავე კვლევის თანახმად, გაუარესდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებაც.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მცირე და ზედაპირული ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა და პრობლემების, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე არაორგანიზებულად გადასვლამ წარმოშვა ზოგადი განათლების სისტემაში.

პანდემიამ ბევრად კომპლექსური პრობლემები წარმოაჩინა უმაღლესი განათლების საფეხურზე. დისტანცირებულ სწავლებაზე დაუგეგმავად გადასვლამ ცხოვრება გაურთულა როგორც სტუდენტებს, ისე თავად უმაღლეს სასწავლებლებსაც.

საგულისხმოა, რომ თითქმის ერთადერთი პოზიტიური მოვლენა ამ ყველაფრის ფონზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის შენარჩუნება იყო, განსხვავებით სხვა ქვეყნების პრაქტიკისა, სადაც მსგავსი დატვირთვის გამოცდები გადაიდო, გაუქმდა ან ჩანაცვლდა შეფასების სხვა მეთოდით. უკვე მეორედ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროცესი წარმატე­ბულად მართა. იმავე შედეგის მიღწევა ვერ შეძლო, მაგალითისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, როდესაც A-level და GCSE გამოცდების გაუქმებით დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

თუმცა საათის მექანიზმს ერთი მოძრავი ჭანჭიკი არას არგია. ამ გამოცდების შედეგად უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა პირველკურსელებმა სწავლა სახლებიდან გააგრძელეს, სწავლების გაუარესებული ხარისხის პირობებში. ხოლო სტუდენტები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ აუდიტორიაში სწავლის გამოცდილება, მეტწილად უკმაყოფილოები იყვნენ სწავლების ხარისხითა და სერვისით, რაშიც კვლავ იმავე საფასურის გადახდა უწევდათ.

განათლების ამ საფეხურზეც მწვავე პრობლემად რჩება თანაბარი ხელმისაწვდომობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 96,000 სტუდენტია სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, მათგან 78,000-ს კი ინტერნეტთან ან კომპიუტერთან წვდომა არა აქვს.

გალტ & თაგარტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, უმაღლესი განათლება საქართველოში დასაქმების შანსს ისედაც უმნიშვნელოდ ზრდიდა, ხოლო სახელფასო დანამატს მცირედით აუმჯობესებდა. ამ ვითარების ფონზე, ბოლო ორი წელიწადია, საქართველოში სტუდენტები განათლებას აუდიტორიის მიღმა იღებენ. მათ შორის ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც აქტიურ ლაბორატორიულ მუშაობას მოითხოვს. შედეგად, შესაძლოა, სტუდენტების დასაქმების ან შემდგომი კარიერული განვითარების შანსები გაუარესდეს.

ცხადია, განათლების ხარისხის გაუარესება გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. IDFI-ის კვლევის თანახმად, სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგის ღირებულება საქართველოს ეკონომიკისთვის დაახლოებით 55 მილიარდი ლარია. UNICEF-ის შეფასებით, სასწავლო პროცესის ამგვარი შეფერხება ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე შეუქცევად კვალს დატოვებს, ბავშვების დიდი ნაწილი კი სასწავლო პროგრამას ვერასდროს დაეწევა.

ამ ყველაფრის ფონზე ზოგიერთი პოლიტიკოსი თავს იწონებდა დისტანციური სწავლების შედეგებით და ქვეყანას ონლაინგანათლების ჰაბობასაც უწინასწარმეტყველებდა, თუმცა რეალობა არც ისე პოზიტიურია და პანდემიის ნეგატიური გავლენა განათლების სფეროზე თვალსაჩინოა მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და პროფესორებისთვის – მათ ალბათ დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვებათ Zoom-ისა და MS Teams-ის ლოგოებთან ასოცირებული ნეგატიური შეგრძნებები.

შორეული მომავლის წინასწარმეტყველებამდე ახლოს კი წინ 4 ოქტომბერია. სწორედ 4 ოქტომბერს განახლდება ბაღებსა და სკოლებში პირისპირ სწავლება, უნივერსიტეტები კი თავად გადაწყვეტენ, სწავლების რა ფორმატია მათთვის მისაღები. მასწავლებელთა ვაქცინაციის ტემპების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, ვიდრე უმაღლესი განათლება – რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სტუდენტთა დიდი ნაწილი კვლავ აუცრელია.

#აიცერი!