ნორვეგიის სუვერენული ფონდი კომპანიებს: შეიყვანეთ უფრო მეტი ქალი დირექტორთა საბჭოში

ნორვეგიის სუვერენული ფონდი კომპანიებს: შეიყვანეთ უფრო მეტი ქალი დირექტორთა საბჭოში

ნორვეგიის სუვერენულ ფონდს, რომლის მოცულობაც $1.3 ტრილიონს შეადგენს, სურს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებშიც ფონდი ინვესტიციებს ახორციელებს, უფრო მეტი ქალი დაასაქმონ წამყვან პოზიციებზე. სუვერენული ფონდის განცხადებით, კომპანიების დირექტორთა საბჭოში ქალების რაოდენობა 30%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიებმა ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნონ.

ცნობისთვის, ნორვეგიის სუვერენული ფონდი მსოფლიო მასშტაბით 9 200 კომპანიაში ფლობს აქციებს.

„ჩვენ შესაძლოა, ეს თავაზიანად განვაცხადოთ, მაგრამ საკმაოდ ნათელია, რასაც ვფიქრობთ. ჩვენ გვსურს, დირექტორთა საბჭოებში უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი. მრავალფეროვნება კარგია საბჭოსთვის, მას მოაქვს უფრო მეტი პერსპექტივა, უფრო კარგია გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ასევე ზრდის კომპანიების ლეგიტიმურობას“, – განაცხადა ნორვეგიის სუვერენული ფონდის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ნიკოლაი ტანგენმა.

ნორვეგიის სუვერენულ ფონდში ასევე აცხადებენ, რომ ყურადღება თავდაპირველად მიექცევა განვითარებად ქვეყნებს და ამ ბაზრებზე მოქმედ კომპანიებს, სადაც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები. Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად აქცენტი, შესაძლოა, ბრიტანულ ავტომწარმოებელ Aston Martin-სა და მეორეული ავტომობილების ონლაინაუქციონის ამერიკულ კომპანია Copart-ზე გაკეთდეს.

ცნობისთვის, 2003 წელს ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გენდერული კვოტა დააწესა და დაახლოებით 500 კომპანიას მოსთხოვა დირექტორთა საბჭოში ქალთა წარმომადგენლობა 40%-მდე გაეზარდა. ნორვეგიის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვნენ, მაგალითად, ბრიტანეთი, სადაც ქალთა წარმომადგენლობა დირექტორთა საბჭოებში 33% უნდა იყოს.

ნორვეგიის სუვერენული ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, გლობალურად კომპანიების 17%-ს საბჭოში ერთი ქალიც კი არ ჰყავს შეყვანილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *