მრეწველობისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, ჯეფრი კესლერმა, კონგრესს Nvidia-ს მიერ ჩინეთისთვის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპის, H200-ის, მიწოდების დაწყების შესახებ განუცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა Reuters-ი წერს.
„ამ დროისთვის ჩინეთში H200-ების ექსპორტი მინიმალურია“, — განუცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს კესლერმა და დასძინა, რომ კომერციის დეპარტამენტმა H200-ის ტიპის ჩიპების შესყიდვასთან დაკავშირებული განაცხადებისა და მათი სტატუსის კონფიდენციალური სია კონგრესს უკვე გადასცა.
მანამდე, გამოცემა Reuters-ი წერდა, რომ იმ ჩინურ კომპანიებს შორის, რომელთაც აშშ-ისგან მოწინავე AI-ჩიპების შესყიდვაზე მიიღეს ნებართვა, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი ZTE Corporation-ის შვილობილი კომპანია და დამატებით კიდევ ორი ჩინური ფირმა ირიცხებოდნენ. ხოლო მაისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა H200-ის შესაძენად ნებართვა 10-მდე ჩინურ კომპანიაზე გასცა, თუმცა მაშინ მიწოდება არ დაწყებულა. გამოცემის წყაროების ცნობით, დამტკიცებულ კომპანიებს შორის იყვნენ Alibaba Group-ი, Tencent-ი და ByteDance.
კესლერის განცხადებითვე, ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების წარმოების ინდუსტრიისთვის უახლოეს პერიოდში ახალი რეგულაციები კვლავ შემუშავდება. როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მას არც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული ე.წ. „ხელოვნური ინტელექტის დიფუზიის წესის“ გაუქმება სურს, რაც AI-ჩიპებისა და ტექნოლოგიების გლობალურ გავრცელებაზე კონტროლს გულისხმობს. თუმცა მიიჩნევს, რომ რეგულაცია შესაძლოა გლობალური AI-ეკოსისტემის განვითარებისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდეს.














