ფოტო: AP
უკრაინამ და ევროკავშირმა დრონების ერთობლივ წარმოებაზე ახალი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც უკრაინის საბრძოლო ექსპერტიზასა და ცოდნას ევროკავშირის სამრეწველო შესაძლებლობებთან გააერთიანებს. შეთანხმების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ, ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გავაერთიანოთ. აღნიშნული შეთანხმება უკრაინულ ინოვაციებს ევროპის სამრეწველო მასშტაბებთან დააკავშირებს“, — განაცხადა კიევში ევროკომისიის პრეზიდენტმა. შემდგომ კი, ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მიმართა და უთხრა, რომ ცოდნა, რომელიც კიევმა დრონებისა და დრონსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის შესახებ მიიღო, უნიკალურია.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს აქვს საშუალება, შესთავაზოს უკრაინას როგორც ფართოდ ტექნოლოგიური და სამრეწველო შესაძლებლობები, ასევე უსაფრთხო ლოკაციები წარმოებისთვის. „ეს შესაძლებლობები ჩვენ ერთად უნდა გამოვიყენოთ, რადგან კარგად გვესმის, თუ რა საშიშროების წინაშეა ევროპა ამ მიმართულებით — ჩვენ უკვე ვიხილეთ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები და საგანგაშო მდგომარეობა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში“, — აღნიშნა ლაიენმა.
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი ქმედებების დაწყების შემდეგ, კიევმა დრონების შიდაწარმოება მნიშვნელოვნად გააფართოვა და სრულად გარდაქმნა სექტორი, რომელშიც ადრე ქვეყანას მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება ჰქონდა.
დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმებები უკრაინამ რიგ სახელმწიფოებთან წარსულშიც გააფორმა, მათ შორის, გასულ კვირაში ზელენსკიმ ანკარაში გამართულ ნატო-ს სამიტზე დამატებით სამ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შედეგად, მსგავსი ხელშეკრულებების რაოდენობა კიევმა ცხრამდე გაზარდა, ხოლო უახლესი შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნებსა და კომპანიებს მოიცავს.














