ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla, მიმდინარე წელს, Nvidia-სგან აპარატული აღჭურვილობის („ჰარდვეარი“) შეძენაზე $3-$4 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი პლატფორმა X-ზე თავად ავრცელებს.
როგორც მილიარდერის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, წლის დასრულებამდე მთლიანი ფულადი სახსრების დაახლოებით $10 მილიარდი ხელოვნური ინტელექტის პროექტებისთვის გამოიყოფა. აქედან ნახევარი კი უშუალოდ კომპანიის შიდა დანახარჯებზე გადანაწილდება.
„AI-ტრენინგების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, Nvidia-ს აპარატულ აღჭურვილობაზე („ჰარდვეარი“) თანხების დაახლოებით 2/3 დაიხარჯება“, – წერს მასკი. თუმცა, განცხადების მიუხედავად, რამდენიმე დღით ადრე ელექტრომობილების კომპანიამ თხოვნით მიმართა Nvidia-ს, ხელოვნური ინტელექტის პროცესორების მიწოდებისას პრიორიტეტი არა Tesla-სთვის, არამედ X-ისა და xAI-ისთვის მიენიჭებინა.
კაპიტალური დანახარჯების შესახებ პროგნოზი Tesla-მ აპრილში წარადგინა. არსებული გეგმით, ელექტრომობილების მწარმოებელი მიმდინარე წელს $10 მილიარდს დახარჯავს, მომდევნო წლებში კი კომპანიის დანახარჯები $8-$10 მილიარდით განისაზღვრება.
მიუხედავად პროგნოზებისა, ელექტრომობილების მწარმოებელი თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებებს განაგრძობს და პარალელურად რამდენიმე სასამართლო სარჩელთანაც უწევს გამკლავება. ერთ-ერთი ბოლო ბრალდებით, Tesla-ს აქციონერი მასკს 7.5 მილიარდის ინსაიდერული ვაჭრობისთვის უჩივის და თანამდებობის მის სასარგებლოდ გამოყენებას ედავება.