NYT: შესაძლოა Forbes Media ამერიკულმა Yahoo-მ შეიძინოს

NYT: შესაძლოა Forbes Media ამერიკულმა Yahoo-მ შეიძინოს

შესაძლოა, ამერიკული Forbes Media, რომელიც ჟურნალ Forbes-ის 45 ლიცენზირებულ გამოცემას მსოფლიოს 76 ქვეყანაში გამოსცემს, ამერიკული Yahoo-ს საკუთრებაში გადავიდეს, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემა იუწყება, რომ უკანასკნელ კვირებში, Forbes-ის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელზეც Citigroup-მა იმუშავა, რამდენიმე მედიაგიგანტს გადაეგზავნა, მათ შორის Yahoo-ს. ამ დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, Forbes Media-მ შემოსავლის სახით $200 მილიონზე მეტი მიიღო და $40 მილიონის მოგება ნახა.

როგორც The New York Times-ს არაერთმა წყარომ დაუდასტურა, Forbes Media-ს საკონტროლო პაკეტის ამჟამინდელ მფლობელს, ჰონგ-კონგში დაფუძნებულ Integrated Whale Media Investment-ს, მედიაბიზნესის გაყიდვა, სულ მცირე $630 მილიონად სურს. შეგახსენებთ, რომ ეს ის შეფასებაა, რომელიც კომპანიამ შარშან გამოაცხადა, როცა SPAC-გარიგების შედეგად საფონდო ბირჟაზე განთავსებას გეგმავდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ჰონგ-კონგურმა კომპანიამ Forbes Media-ს საკონტროლო პაკეტი ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა – ამ გარიგებისას Forbes Media-ს ღირებულება $475 მილიონად განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის არასაკონტროლო პაკეტს ჯერ კიდევ ფლობს ფორბსების ოჯახი.

შეგახსენებთ, რომ Yahoo, რომელიც ფინანსური თემატიკის გამოცემა Yahoo Finance-ს ფლობს, გასული წლის მაისში კერძო კაპიტალის ამერიკულმა კომპანიამ, Apollo-მ $5 მილიარდად შეიძინა. მას მერე, Yahoo საკუთარი პროდუქტების, მათ შორის Yahoo Mail-ისა და Yahoo Sports-ის განვითარებაზე იყო გადართული.

ჟურნალი Forbes-ი ბერტი ჩარლზ ფორბსმა დააარსა, 1917 წელს. მოგვიანებით, კომპანია ჯერ მისმა შვილმა, მალკოლმმა გადაიბარა, ხოლო შემდგომ მისმა შვილიშვილმა, სტივმა.