კრედო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSMEs) მხარდასაჭერად 10 მილიონი დოლარის მოცულობის საინვესტიციო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ტრანზაქცია მიზნად ისახავს მეწარმეთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში.
სომხეთში, ერევანში EBRD-ის 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე ხელმოწერის ცერემონიალის დროს, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა – ფრანსის მალიჟმა განაცხადა: „ეს 10 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კრედო ბანკისთვის არის განკუთვნილი – საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გასაძლიერებლად, ფინანსური ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, და ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად, კონკრეტულად კი ქალი მეწარმეების და მათი ბიზნესის მხარდასაჭერად. ჩვენი მიზანია საქართველოს კეთილდღეობის და საბაზრო ორიენტაციის უზრუნველყოფა, ჩვენი თანამშრომლობა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს უწყვეტ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით.“
კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ განაცხადა: “ამ ტრანზაქციით კრედო ბანკი და EBRD კიდევ ერთხელ ადასტურებენ ხანგრძლივ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში ბიზნესის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. წლების განმავლობაში EBRD-მა ჯამში 120 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა კრედო ბანკში – მისი მომხმარებლებისთვის ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესების, მდგრადობის ხელშეწყობის და ქალთა მიერ მართული საწარმოების გაძლიერების მიზნით. კრედო ბანკი უწყვეტად აგრძელებს ხელმისაწვდომი და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“.
კრედო ბანკი, სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 90 სერვის ცენტრითა და ციფრული ინფრასტრუქტურით, 480 ათასზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, განსაკუთრებული აქცენტით ქალ მეწარმეთა განვითარებაზე. ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა Access Microfinance Holding AG (გერმანია), responsAbility Investment Management AG (შვეიცარია), Triodos Investment Management (ნიდერლანდები) და Proparco (საფრანგეთი).
EBRD მულტილატერალური ბანკია რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორსა და მეწარმეობრივ ინიციატივებს 36 ქვეყანაში, 3 კონტინენტის მასშტაბით. ბანკის მფლობელია 73 ქვეყანა, ასევე, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. EBRD-ის ინვესტიციები მიზნად ისახავს რეგიონებში ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ინკლუზიურობას, ძლიერ მმართველობას, მდგრადობას და ინტეგრირებულობას. დღემდე EBRD-მა საქართველოს ფინანსური, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების 296 პროექტში – 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ამ ინვესტიციების 83% კი კერძო სექტორზე მოდის.