ფოტო: REUTERS/Brendan McDermid
OpenAI დაფინანსების ახალ რაუნდში $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რის შედეგადაც კომპანიის შეფასებამ შესაძლოა $1.4 ტრილიონს მიაღწიოს. აქედან დაახლოებით მესამედის, $10 მილიარდამდე ინვესტირებას კი არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები განიხილავენ. ამ შემთხვევაში ისინი დაფინანსების რაუნდში ერთობლივ კონსორციუმს შექმნიან.
გარიგებაში მონაწილეობას განიხილავენ BlackRock-ი და OpenAI-ის უკვე არსებული ინვესტორები, Thrive Capital-ი და Andreessen Horowitz-იც. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და, Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, გარიგების პირობები შეიძლება შეიცვალოს.
ცნობისთვის, მარტში გამართულ დაფინანსების რაუნდში OpenAI-მა $122 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც მისი შეფასება $852 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიის შიდა პროგნოზებით, ეს თანხა შესაძლოა 2028 წლისთვის ამოიწუროს. სწორედ ამიტომ, კომპანია ახალი კაპიტალის მოზიდვაზე მუშაობს.
MGX უკვე მონაწილეობდა OpenAI-ისა და Anthropic-ის წინა დაფინანსების რაუნდებში და ახლო აღმოსავლეთში ხელოვნური ინტელექტის სექტორისთვის დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ჩამოყალიბდა.
OpenAI-ის შეფასებითვე, 2030 წლისთვის კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯი გამოთვლით სისტემასა და ინფრასტრუქტურაზე მოვა. კერძოდ, ამ მიმართულებით დაახლოებით $856 მილიარდის დახარჯვა იგეგმება.















