დღეს, 10 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენელი ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს. მათ შორის ორს ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს.
თავისუფალი სტილით ჭიდაობის ფინალში, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს, რომელიც უკვე არის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი. ახლა კი გენო უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვებას პარიზის ოლიმპიადაზე ეცდება. ის ამისთვის ირანის წარმომადგენელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება. ზარე ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, გენო კი – მეორე ნომრად.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხვალ კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი ჩაებმება – 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილი იასპარეზებს, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გივი მაჭარაშვილს ვიხილავთ. მერვედფინალში გოდერძის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სომეხი ვაზგენ ტევანიანი იქნება. რაც შეეხება გივის, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ის პირველ შეხვედრას სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟეს წინააღმდეგ გამართავს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ოქროს მედალს ველით ლაშა ტალახაძისგან, რომელიც ძალოსანთა ტურნირზე, +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ლაშა ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ასევე აღსანიშნავია, რომ ტალახაძეს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში. ამ წონით კატეგორიაში შეჯიბრი 22:30 საათზე დაიწყება.
ხვალ ოლიმპიადაზე საქართველოს კიდევ ერთი ძალოსანი წარადგენს. 102 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს. ირაკლი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. აღნიშნულ წონით კატეგორიაში ტურნირი თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ამ დრომდე ოთხი მედალია – ერთი ოქრო (ლაშა ბექაური), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).