პანდემიის პერიოდის წარმატებული ბიზნეს-იდეები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს

პანდემიის პერიოდის წარმატებული ბიზნეს-იდეები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოაცხადა. დედამიწა ახალ რეალობაში აღმოჩნდა, რამაც არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამერიკულმა Forbes-მა იმ ლიდერებს მოუყარა თავი, რომელთა იდეებმა და კომპანიებმა გასული წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ესენი არიან:

ალბერტ ბურლა

პანდემიის გამოცხადებიდან ორ თვეში, დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის დაინფიცირების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ საჭირო იყო ვაქცინა. თან სწრაფად. გაჩნდა კითხვა: რამდენად სწრაფად შეეძლო მსოფლიოს მიეღო ვაქცინა? როგორც აღმოჩნდა, პასუხი ამ კითხვაზე Pfizer-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელ ალბერტ ბურლას ჰქონდა. ბურლამ, რომელსაც Pfizer-ში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, გასული წლის მაისში Forbes-ს უთხრა, რომ კომპანია 2020 წლის განმავლობაში $1 მილიარდს დახარჯავდა ვაქცინის წარმოებისთვის. იქიდან შვიდ თვეში Pfizer-ის ვაქცინამ ავტორიზაცია მოიპოვა ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კანადასა და აშშ-ში

სტეფან ბანსელი

ვაქცინის სწრაფად შექმნაში კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის 47 წლის სტეფან ბანსელის როლიც დიდია. როგორც წესი ვაქცინების შექმნას წლები სჭირდება. თუმცა, Moderna-ს გუნდს 2020 წლის იანვრისთვის ვაქცინის დიზაინი უკვე მზად ჰქონდა, მარტში კი მათ უკვე მისი კლინიკური შემოწმების პირველი ფაზა დაიწყეს, აქედან ცხრა თვეში, აშშ-ში Moderna-ს ვაქცინამ ავტორიზაცია მოიპოვა.

ერიკ იუანი

მაშინ როდესაც მსოფლიო ჩაიკეტა, ადამიანები სახლში დასხდნენ და მუშაობა და სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ერიკ იუანის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Zoom-მა უდიდესი როლი შეასრულა დასაქმებულთა, სტუდენტთა და მოსწავლეთა ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ადამიანები Zoom-ს მეგობრებთან დისტანციურად შეხვედრისა და დაბადების დღეების ონლაინ აღნიშვნისთვისაც იყენებდნენ. 2020 წლის 1 აპრილს Zoom-ის მომხმარებელთა დღიურმა რაოდენობამ 200 მლნ-ს მიაღწია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 20-ჯერ მეტი იყო. Zoom-ის წარმატებამ 51 წლის ერიკ იუანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშიც მოახვედრა.

ვლადიმირ ტენევი და ბაიჯუ ბჰატი

მას შემდეგ რაც საფონდო ბირჟებზე პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, მილიონობით ახალბედამ Robinhood-ს მიაშურა. ეს არის აპლიკაცია, სადაც აქციებით ვაჭრობაა შესაძლებელი. პანდემიის პერიოდში, აღნიშნული აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარული გახდა. პლატფორმის დამფუძნებლები კი 34 წლის ვლად ტენევი და 36 წლის ბაიჯუ ბჰატი არიან.

აპურვა მეჰტა

ამერიკაში სურსათის მიტანის წამყვანი კომპანია Instacart-ის როლი განსაკუთრებით გაიზარდა. პანდემიის შედეგად Instacart-ი ჩვეულებრივი აპლიკაციიდან, მაღალშემოსავლიან ბიზნესად იქცა. კომპანიის მოგება სუპერმარკეტებთან თანამშრომლობით გაიზარდა. როგორც კომპანიის 34 წლის დამფუძნებელი აპურვა მეჰტა ამბობს, 9 წლის კომპანიის რამდენიმეკვირიანი ზრდა მთელ ხუთწლიან ზრდას უდრიდა. ამჟამად Instacart-ის საბაზრო ღირებულება $39 მილიარდია.

რიდ ჰასტინგსი

პანდემიამ გასართობ ინდუსტრიას დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა, Netflix-მა რეკორდული ზრდა განიცადა. მისმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რიდ ჰასტინგსმა პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულ რაოდენობამდე – 204 მილიონამდე გაზარდა. ამჟამად Netflix-ის საბაზრო ღირებულება $233.6 მილიარდს შეადგენს.

ბრინ პატნემი

მაშინ როდესაც პანდემიის დროს სავარჯიშო დარბაზებში სიარული საფრთხის შემცველად იქცა, სახლში ვარჯიშის სექტორმა უდიდესი ზრდა განიცადა. ასე მაგალითად, ბრინ პატნემის მიერ დაარსებულმა Mirror-მა მომხმარებლების რაოდენობის რეკორდული ზრდა განიცადა, კომპანიის 2020 წლის შემოსავლებმა $100 მილიონს გადააჭარბა. ცნობისთვის, აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, სახლში მყოფ მომხმარებლებს ინსტრუქტორი ასწავლის და ეხმარება ვარჯიშში. აპლიკაციით ტარდება იოგას, ბოქსის და სხვა სპორტული აქტივობების გაკვეთილებიც.

ტოდ მაკინონი

პანდემიის დროს სახლიდან მუშაობის შედეგად გაჩნდა უსაფრთხოების რისკები. ამ პროცესში კი ტოდ მაკინონის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Okta-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. აღნიშნული კომპანია ორგანიზაციებს ეხმარება თანამშრომელთა და მომხმარებელთა იდენტიფიცირებასა და კიბერუსაფრთხოებაში. Okta-ს მომხმარებლები არიან FedEx-ი, MGM-ი, LVMH-ი, Equifax-ი, Western Union-ი და კიდევ ათობით მსხვილი კომპანია. შედეგად მისი დამფუძნებელი მილიარდერების სიაშიც მოხვდა.

კატი ვუდი

„ინოვაციები პრობელემებს აგვარებს“, – ამის შესახებ 64 წლის კატი ვუდი აცხადებს, რომლის კომპანია Ark Investment Management-ის როლი პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა. აღნიშნული კომპანია ბიზნესებს აქტივების მართვაში ეხმარება. სწორედ ასე დაეხმარა ის გასულ წელს მაგალითად Square-ს და Zillow-ს, რომელთა აქტივები $29 მილიარდამდე გაიზარდა. „კორონავირუსმა ჩვენი ინოვაციური პლატფორმების კატაპულტირება მოახდინა ისეთ უმსხვილეს მექანიზმად, რომელიც პრობლემებს აგვარებს“, – განაცხადა ვუდმა.

სიდ სიჯბრანდიჯი

კომპანიების ვირტუალურ ოფისებში გადასვლამ პანდემიის დროს, ე.წ ქლაუდ-სერვისის კიდევ უფრო განვითარება გამოიწვია. სიდ სიჯბრანდიჯის ბიზნესიც სწორედ ამას უკავშირდება. 41 წლის ინოვატორი GitLab-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელია. კომპანია დეველოპერებს ეხმარება აპლიკაციების შექმნასა და მართვაში და მათ ადეკვატური პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოებით უზრუნველყოფს. შედეგად 2020 წელს GitLab-ის საბაზრო ღირებულება $6 მილიარდამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2019 წელს $2.8 მილიარდი იყო. „მე ფიქრობდი რომ დაახლოებით ათი წელი დაგვჭირდებოდა დაგვერწმუნებინა მსოფლიო, თუ რამდენად კარგია დისტანციურად მართვა, თუმცა, კოვიდმა ეს რამდენიმე თვეში მოახერხა“, – აღნიშნა სიჯბრანდიჯმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *