პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი საკანონმდებლო რეგულირება ‒ ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და გრანთ თორნთონის ორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართება

პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი საკანონმდებლო რეგულირება ‒ ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და გრანთ თორნთონის ორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართება

2024 წლის 17 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება საჯარო-კერძო დიალოგი „პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი საკანონმდებლო რეგულირება“.

ღონისძიება ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და გრანთ თორნთონის თანამშრომლობით იგეგმება. საჯარო-კერძო დიალოგში ჩართული იქნებიან წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიდან. შეხვედრაში მონაწილეობას 60-ზე მეტი დელეგატი მიიღებს, ბიზნესის სხვადასხვა სექტორებიდან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2024 წლის 01 მარტიდან, რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. ახალი კანონის მიღებით ქართული კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის რეგულაციებს და საქართველოს ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

პერსონალური მონაცემები თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ახალი საკანონმდებლო რეგულირებით კი გაიზარდა იმ კომპანიების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს თავიანთ ბიზნეს საქმიანობის პროცესში.

საკანონმდებლო რეგულაციებიდან მნიშვნელოვანია, გამოვყოთ შემდეგი:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის საფუძველზე შემოღებული იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი. ოფიცერი წარმოადგენს შესაბამისი დაწესებულების სავალდებულოდ ან ნებაყოფლობით განსაზღვრულ პირს, რომელიც შეასრულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ 2024 წლის 1 ივნისამდე განსაზღვრონ ევალებათ თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შეფასების საფუძველზე.
  • ერთ-ერთ საინტერესო სიახლეს ასევე წარმოადგენს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმა: ახალი კანონის მიხედვით პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, აღნიშნული ჩანაწერის პრაქტიკაში იმპლემენტირების პროცესმა კი დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა კომპანიები.
  • მონაცემთა ტექნოლოგიებით დამუშავების პროცესი ხშირად უხილავია ადამიანებისთვის, რადგანაც მათთვის ხილვადი მხოლოდ საბოლოო შედეგია. ახალი კანონის მიხედვით კი კომპანიებზე, მონაცემთა ტექნოლოგიებით დამუშავების შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულებები განისაზღვრა.
  • ახალი კანონით ასევე ჩამოყალიბდა მონაცემების უსაფრთხოების დაცვის პრინციპი, რის საფუძველზეც კომპანიებს ევალებათ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევასთან რეაგირების, აღრიცხვისა და სხვა კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება.
  • საკანონმდებლო სიახლით განსაზღვრულ ვალდებულებებს შორის აგრეთვე საყურადღებოა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება, აუდიო, ვიდეო მონიტორინგის განხორციელების ახალი წესები და სხვ.

ახალი კანონი ერთი მხრივ, ბიზნესს მოუწოდებს, კომპანიების შიდა რეგულაციები შესაბამისობაში იყოს ახალ მოთხოვნებთან, მეორე მხრივ, კი მეტად იცავს იმ ფიზიკური პირების უფლებებს, რომელთა შესახებ მუშავდება მონაცემ(ებ)ი.

ღონისძიების მთავარი თემა ახალ საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა იქნება, რაც ხელს შეუწყობს, რომ მეტად დაუახლოვდეს საჯარო და კერძო სექტორის პოზიციები ერთმანეთს და პერსონალური მონაცემების დაცვის პარალელურად ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. S

 

„ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ (EBA) 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია; ახორციელებს ევროპული ბიზნესის ადვოკატირებას საქართველოში და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას.

„გრანთ თორნთონ“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000-მდე თანამშრომელი, 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.