Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის შემოწმების მესამე ფაზის პირველადი შედეგები ცნობილია – ის 90%-ით ეფექტურია

Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის შემოწმების მესამე ფაზის პირველადი შედეგები ცნობილია – ის 90%-ით ეფექტურია

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი და გერმანული BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ამის შესახებ ევროპული და ამერიკული მედია წერს.

განცხადება კომპანიებმა მასშტაბური ტესტირებების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთეს.

როგორც ისინი აცხადებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოწმების პროცესში უსაფრთხოების თვალსაზრისით, არანაირი სერიოზული საფრთხე არ გამოვლენილა.

ამას გარდა, მკვლევარების თქმით, მათი ვაქცინის იმუნიზაციის ეფექტი მოკლევადიანი არ იქნება.

“ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ იმუნიზაციის ეფექტი ვაქცინას სულ მცირე ერთი წელი მაინც ექნება“, – განაცხადა BioNTech-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა უგურ საჰინმა.

“კორონავირუსის ვაქცინის შემოწმების მესამე ფაზის პირველადი შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენს ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის პრევენცია“, – დასძინა Pfizer-ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ.

შემოწმების პროცესში, რომელიც ივლისში დაიწყო, 43 500 ადამიანი იყო ჩართული.

ცნობისთვის, Pfizer-სა და BioNTech-ს აშშ-ის მთავრობასთან $1.95 მილიარდიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული, რომლის მიხედვითაც მათ 100 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდონ ქვეყანას. გარდა ამისა, კომპანიებს შეთანხმებები აქვთ დადებული ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, კანადასა და იაპონიასთან. ვაქცინის წარმოება უკვე დაწყებულია, რათა დრო მოიგონ და წინასწარ გარკვეული მარაგი შექმნან. 2020 წლის ბოლომდე კომპანიები 50 მლნ დოზის წარმოებას გეგმავენ, რაც 25 მლნ ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების მესამე ფაზის შედეგები ცნობილია, ეს მაინც არ ნიშნავს 100%-ით იმას, რომ ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა. როგორც ჯონ ჰოპკინსის სკოლის, ვაქცინაზე წვდომის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნაორ ბარ ზეევი ამბობს, ვაქცინის შემოწმების პროცესი კვლავ გრძელდება. ამას კი შესაძლოა არაერთი წელი დასჭირდეს.

“ვფიქრობ, საზოგადოების მოლოდინი არის ის, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, აღარ ვატარებთ პირბადეს, შევწყვეტთ სოციალურ დისტანცირებას“, – დასძინა ბარ ზეევმა და აღნიშნა, რომ ვაქცინის ეფექტურობის საბოლოოდ დადგენა ხანგრძლივი პროცესია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *