ვინ არის კამალა ჰარისი – ქალი, რომელიც აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი გახდა

ვინ არის კამალა ჰარისი – ქალი, რომელიც აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი გახდა

კამალა ჰარისი  – ის იქნება აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი, რომელიც მოვალეობის შესრულებას მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს. ვინ არის ჰარისი და რა გზა გამოიარა მან? Forbes Georgia-მ მისი ბიოგრაფია და კარიერული წინსვლის ეტაპები შეისწავლა.

დავიწყოთ იქიდან რომ კამალა 1964 წლის ოქტომბერში კალიფორნიაში, კერძოდ კი ოუკლენდში დაიბადა. კამალა ჰარისის მამა ფერადკანიანი იამაიკელი იყო, დედა კი, ინდოელი დიპლომატის ქალიშვილი და კიბოს მკვლევარი. ჰარისის მშობლები ამერიკაში იმიგრანტები იყვნენ და სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ამიტომაც, როდესაც კამალა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ბაიდენმა, ბევრი მოწინააღმდეგე ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა ამ პოზიციის დაკავების უფლება, თუმცა, ფაქტია, რომ 56 წლის კამალა აშშ-ში დაბადებული და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

თუმცა, ის 12-დან 17 წლამდე კანადაში, კერძოდ კი მონრეალში ცხოვრობდა, ვინაიდან დედას იქ სამსახური შესთავაზეს იმ პერიოდში. ამ პერიოდს უკავშირდება კამალა ჰარისის პირველი აქტივისტობაც. 13 წლის იყო ის, როდესაც მის მეზობლად მცხოვრები ბავშვები შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა იმ წესების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე გაზონზე თამაშის უფლება არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია წარმატებით დასრულდა.  

კამალას იურიდიული განათლება აქვს, მან ჰასტინგსის კოლეჯში შესაბამისი ხარისხი 1989 წელს მოიპოვა. 1990–98 წლებში ჰარისი ძირითადად მუშაობდა ოუკლენდში პროკურორის მოადგილედ, მას მნიშვნელოვანი რეპუტაცია და აღიარება მოუტანა ისეთ საქმეებზე მუშაობამ, როგორიც იყო ჯგუფური ძალადობის, ნარკოტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საქმეები. ამ ყველაფრის შემდეგ ჰარისი უკვე 2004 წელს ოუკლენდის პროკურორი ხდება. 2010 წელს კი კალიფორნიის გენერალური პროკურორი. მან ხმების დაახლოებით 1%-იანი სხვაობით შეძლო აღნიშნული პოზიციის დაკავება, შედეგად ის გახდა პირველი ქალი და ასევე პირველი ფერადკანიანი ამერიკელი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა. ამის შემდეგ უკვე კამალა „პოლიტიკური დამოუკიდებლობის“ დემონსტრირებას ხშირად ახდენდა. მის, როგორც პროკურორის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება. ასე მაგალითად, 2013 წელს, მან უარი განაცხადა, სამართლის ნორმა ე.წ Proposition 8-ის დაცვაზე, რომელიც ერთი სქესის წარმომადგენელთა აკრძალვას ეხებოდა შტატში.

მანამდე კი 2012 წელს ჰარისმა დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოთქვა დემოკრატთა ეროვნულ კონვენციაზე, რითიც თავისი პროფაილი მთლიანად ფედერალურ დონეზეც ცნობადი გახადა. აქედან ორი წლის შემდეგ კი ის პროკურორ დაგლას ემჰოფზე დაქორწინდა. როგორც ამომავალი ვარსკვლავი დემოკრატების პარტიაში, კამალა აშშ-ის სენატშიც მიიწვიეს. 2015 წელს ჰარისმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა. კამპანიის დროს კი ის აქცენტს აკეთებდა საიმიგრაციო საკითხებსა და კრიმინალურ-სამართლებრივ რეფორმებზე. ასევე მინიმალური ხელფასის გაზრდასა და ქალების რეპროდუქციული უფლებების დაცვაზე. შედეგმაც არ დააყოვნა და 2016 წლის არჩევნებში ის სენატში აირჩიეს.

2017 წლის იანვრიდან კამალა ჰარისმა მუშაობა დაიწყო დაზვერვისა და იურიდიულ კომიტეტში. ის ცნობილი გახდა თავისი პროკურორული სტილით მოწმეების დაკითხვის პროცესში, რასაც რესპუბლიკელების მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა. 2017 წლის ივნისში განსაკუთრებული ყურადღება ჰარისმა მაშინ მიიპყრო, როდესაც ის ამერიკის გენერალურ პროკურორს ჯეფ სესიონს ჰკითხავდა. საქმე რუსეთის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხს ეხებოდა.

ცნობისთვის, ჰარისს მემუარებიც აქვს დაწერილი The Truths We Hold: An American Journey, რომელიც 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

სწორედ ამის შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ ჰარისს სურდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატთა ნომინაციაში მიეღო მონაწილეობა. თავდაპირველად ის მიჩნეული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კანდიდატი, მან ყურადღება მიიპყრო დებატებში, თუმცა, მოგვიანებით ის რბოლას გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, კამალა მაინც რჩებოდა პოლიტიკური მოვლენების სცენაზე. ის ყურადღებას ამახვილებდა სოციალურ-სამართლებრივ რეფორმაზე, განსაკუთრებით 2020 წლის მაისში, აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით. კამალას მაშინდელმა მცდელობებმა ბევრი გააჩუმა კიდეც, რომლებიც ადრე მას აკრიტიკებდნენ და ბრალად სდებდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობის გადამეტების ფაქტების არასათანადოდ გამოძიებაში. ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ის სპეციალურად ამახვილებდა ჯორჯ ფლოიდის საქმეზე ყურადღებას, და ეს მისი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური მანევრი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა კამალას პოპულარობის გაზრდას.

ამ პროცესების პარალელურად, დემოკრატები ჯო ბაიდენს მოუწოდებდნენ რომ ვინმე ფერადკანიანი ამერიკელი ქალი აერჩია ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად, ვინაიდან ქვეყანაში რასობრივი უსამართლობა მთავარ გამოწვევად იყო ქცეული. აი ასე, 2020 წლის აგვისტოში, ბაიდენმა აირჩია ჰარისი.

კამალა ახლა უკვე პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი იქნება. ხოლო თუ ჯო ბაიდენი მხოლოდ ერთი ვადით იქნება პრეზიდენტი, არსებობს დიდი შანსი რომ 2024 წლის არჩევნებში კამალა ჰარისი გახდეს აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტი.

თუმცა, მანამდე ხშირად ისმის კითხვა, ვინ არის ჰარისი? კარიერისტი თუ აქტივისტი? პრაგმატიკოსი თუ პროგრესულად მოაზროვნე? ამაზე წლებია უკვე ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს. ამერიკული ვებგვერდი GovTrack-ი კამალა ჰარისს 100 ყველაზე ლიბერალურ სენატორის შორის ასახელებს. The New York Times-ი მას მოიხსენიებს როგორც პრაგმატიკოსს, ხოლო Fox News-ი მას რადიკალს უწოდებს.

თუმცა, ფაქტი ერთია, კამალამ არაერთხელ მიიპყრო ყურადღება რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოსვლებში. ამ მხრივ ის კორონავირუსის პანდემიის დროსაც აქტიური იყო. კერძოდ, ჰარისი აცხადებდა, რომ ფერადკანიანები ვირუსით არაპროპორციულად იღუპებიან და წარადგინა ინიციატივა სამედიცინო მუშაკებისთვის ანტირასობრივი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისთვის ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით.  

ვიცეპრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, საინტერესო იქნება ჰარისის საიმიგრაციო პოლიტიკაც. მისი უპირველესი პრიორიტეტი ტრამპის ანტისაიმიგრაციო დღის წესრიგის შეცვლაა. ჰარისი აცხადებს, რომ ის უფრო მეტად ყოვლისმომცველი რეფორმის მომხრეა, თუმცა, კონკრეტულად როგორის, ეს მალე გამოჩნდება. მანამდე კი ჰარისი, რომელიც თავადაც იმიგრანტია, პირობას დებს, რომ აშშ-ში მცხოვრებ დოკუმენტის გარეშე მყოფ მილიონობით იმიგრანტს შესთავაზებს მოქალაქეობის მიღების გზას.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, საინტერესოა ისიც რომ ჰარისი მხარს უჭერს მარიხუანას ლეგალიზებას ქვეყნის მასშტაბით, აღსანიშნავია, რომ ეს ისაა, რასაც ბაიდენი ეწინააღმდეგება.

და ბოლოს, კამპანიის დროს ჰარისი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიდ კომპანიებს მოეთხოვოს თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, რათა სხვაობა ქალებსა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის შემცირდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *