Netflix-ის, Zoom-ის და პანდემიის პერიოდის სხვა წარმატებული კომპანიების აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის შემოწმების მესამე ფაზის შედეგები გახდა ცნობილი. მონაცემების თანახმად ვაქცინა 90%-ში ეფექტურია. ფარმაცევტული კომპანიების წინ წამოწევის და ვაქცინის შესახებ კიდევ უფრო მეტად დამაიმედებელი ახალი ამბის გავრცელებამ, ვიდეო კონფერენციების, ე.წ სტრიმინგ სერვისების და ონლაინ რითეილერების აქციების შემცირება გამოიწვია.
- კერძოდ, Zoom-ის აქციები დაეცა 17.37%-ით.
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის Slack-ის აქციები 4.66%-ით შემცირდა.
- სტრიმინგ-გიგანტი Netflix-ის აქციები ერთ დღეში 8.59%-ით დაეცა.
- მედია კონტენტზე წვდომის მოწყობილობების მწარმოებელი Rocu-ს აქციები 12.41%-იან კლებას განიცდის.
- Amazon-ის აქციები 5.06%-იან კლებას, Peloton-ის 20.29%-იან, ხოლო ონლაინ სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი კომპანია Teladoc-ის აქციები 13.66%-იან კლებას განიცდიან.
გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ სადეზინფექციო ხელსახოცების მწარმოებელი Clorox-ი, რომელიც პანდემიის გამო ყვაოდა, ახლა აქციების 10.62%-იან კლებას უჩივის.
ინვესტორები უკვე ფიქრობენ, რომ ვაქცინის გამოჩენის პარალელურად, მომხმარებლები ნაკლებ დროს გაატარებენ სახლში, ასევე ნაკლებად ისარგებლებენ ონლაინ შოპინგით, სტრიმინგ სერვისებით და ა.შ. შედეგმაც არ დააყოვნა და მსგავსი მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიების აქციები შემცირდა.
ამის საპირისპიროდ, გაიზარდა თავად ვაქცინაზე მომუშავე კომპანიების აქციები: Pfizer-ის 7.69%-ით, BioNTech-ის 13.91%-ით, Moderna-ს 7.3%-ით, ხოლო Johnson & Johnson-ის 2.69%-ით. თუმცა, მათ გარდა ასევე ზრდა განიცადეს კინოთეატრების ქსელურმა კომპანია AMC-მა 51.4%-ით, კონცერტების პრომოუტერმა Live Nation-მა, საკრუიზო კომპანიებმა და ავიაკომპანიებმაც. დასვენების და მოგზაურობის მიმართულებით კი გაიზარდა ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა Marriott-ი, Hilton-ი და Booking.com.