სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო და თავდაცვის სფეროში ერევანსა და მოსკოვს შორის არსებულ პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას ახალი კავშირების დამყარება სჭირდება. ფაშინიანის განცხადებით, რუსეთი ვეღარ იქნება ისეთი მჭიდრო სამხედრო პარტნიორი სომხეთისთვის, როგორიც წარსულში იყო.
„ადრე სომხეთის თავდაცვითი ურთიერთობების 95-97% რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა, თუმცა ახლა ეს შეუძლებელია როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთმა სომხეთის ნდობა გარკვეულ სიტუაციებში ვერ გაამართლა, მათ შორის მაშინ, როდესაც კრემლმა ალიანსის შექმნის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.
სამომავლო სამხედრო და თავდაცვით პარტნიორებად კი ფაშინიანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს განიხილავს. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა საფრანგეთი სომხეთისთვის იარაღის მიწოდებასა და ომისთვის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. პრემიერი ასევე საუბრობს საქართველოსა და ინდოეთთან არსებული ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე.
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებითაც დაიძაბა. ფაშინიანის თქმით, რუსეთმა სომხეთის იმედები ვერ გაამართლა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ ანკლავზე კონტროლი დაიბრუნა. შედეგად, ეთნიკურ სომხებს თავიანთი საცხოვრებლების დატოვება მოუხდათ.