გაკვეთილები ისტორიიდან
სტატიას ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პირამიდის ისტორიით დავიწყებ, რომელიც ჩვენს მეზობლად მოხდა. 1994 წლის თებერვალში რუსეთში ამოქმედდა ახალი ფინანსური პირამიდა კორპორაცია MMM-ის თაოსნობით. კომპანია მომხმარებლებს წელიწადში 1000%-იან უკუგებას სთავაზობდა, რაც მზარდი ინფლაციის პირობებში თანხის შენახვისა და შემოსავლის მიღების ძალიან კარგ ვარიანტად ჩანდა. კომპანიამ იმიჯზე ზრუნვა ერთი წლით ადრე დაიწყო: ჩაატარა უფასო მგზავრობის აქციები, იყო მსხვილი ღონისძიებების სპონსორი და საახალწლო მიმართვაც კი განახორციელა ტელევიზიით. დადებითმა იმიჯმა ნდობის დამატებითი ფარი შექმნა კომპანიისთვის, რომლის ანაზღაურების სქემაც მარტივ პრინციპზე იყო აგებული: პირველი აქციონერების დივიდენდები მომდევნო აქციონერების შენატანებით გაესტუმრებინა.
აღწერილი სქემა კლასიკური პირამიდაა: ის არ ქმნის დოვლათს და მისი მყიფე კარკასი ფუნქციონირებს მხოლოდ მანამ, სანამ სქემას ემატებიან ახალი მონაწილეები. პრობლემა კი იმაშია, რომ მონაწილეთა დამატება სასრულია, თანაც სასრულია იმაზე გაცილებით მალე, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. ასე მაგალითად, თუ სქემის პირველი მონაწილის „მოგების“ გასტუმრებას 6 წევრის შენატანი სჭირდება, მეორე დონის 6 წევრის გასტუმრება 6×6=36 ადამიანის ჩართვას მოითხოვს სქემაში და ა. შ. უკვე მე-8 იტერაციაზე წევრთა რაოდენობა 1,7 მილიონ ადამიანამდე ადის, მე-13 იტერაციაზე კი მსოფლიო მოსახლეობას აჭარბებს. ამ ექსპონენციურად მზარდი სქემის გამო ჰქვია მოდელს ფინანსური პირამიდა.
რა გასაკვირია, და MMM-ის უზარმაზარი პირამიდაც საკმაოდ მალე ჩამოიშალა: იმავე წლის აგვისტოში. ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა 2 მილიონამდე მონაწილის ფინანსური სტაბილურობა, ქონება, დანაზოგები და მიზნები.
იგივე ბედი ეწია საქართველოში მოქმედ რამდენიმე ათეულ ფინანსურ პირამიდას, MMM-ის დამფუძნებლის – სერგეი მავროდის მიერ მოგვიანებით დაარსებულ 30-მდე სხვა სქემას და ისტორიაში არსებულ უკლებლივ ყველა ფინანსურ პირამიდას. სხვაგვარად შეუძლებელი იყო – პირამიდის დიზაინია ამგვარი, წინასწარ გათვლილი ჩამოშლაზე.
რისკი, რომელსაც ვერ ვხედავთ
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დაინტერესება ფინანსური პირამიდით კონკრეტულად, და მაღალი უკუგებით ზოგადად, აბსოლუტურად რაციონალურ სურვილს ემყარება. ყველა ინვესტორს სურს მაღალი უკუგების მიღება იმავე რისკის ფასად. სწორედ აქ არის ნაღმი დამარხული: სქემების შემქმნელები ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდით ცდილობენ რისკის ფაქტორი დამალონ, შენიღბონ ან არსებულზე მცირე გამოაჩინონ.
სარეკლამო თუ პირდაპირ ტექსტებში ხშირად მოისმენთ ფრაზებს: „ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა“, „არ დაუჯერო სხვას, ვინც ვერ გაბედა“, „მე უკვე ამოვიღე ინვესტიციაც და მოვიგე X$“, „როდემდე უნდა იცხოვრო ხელფასზე, იყავი საკუთარი თავის უფროსი“, „ტესლა საიმედო სახელია“ და ა. შ. ყველა ეს მოწოდება ემსახურება რისკის ფაქტორის უგულებელყოფას, ყურადღების გადატანას რისკიდან მოგებაზე.
სქემების მმართველები კარგად იცნობენ ნახევარსიმართლის ტექნიკებს, ფსიქოლოგიურ წინასწარგანწყობებს და ქცევით ტენდენციურობებს (ბაიასებს). ქცევითი ფსიქოლოგებისთვის კარგადაა ცნობილი გადარჩენილის სისტემური შეცდომა (Survivorship bias) – როდესაც უამრავი მონაცემიდან მხოლოდ წარმატებულ მაგალითს ვეცნობით და ვიჯერებთ, რადგან ასე უფრო ხელსაყრელია. ან შერჩევის ტენდენციურობა (Selection bias), როცა მხოლოდ იმ მონაცემებს გვიჩვენებენ, რაც პრეზენტატორს აწყობს. კონტროლის ილუზიაც (illusion of control bias) პირამიდული სქემების სასარგებლოდ მუშაობს, მონაწილეს უქმნის-რა მცდარ შთაბეჭდილებას, რომ სქემის დროულად დატოვებას და ზარალისგან თავის დაღწევას მოახერხებს.
ჩამონათვალს აღარ გავაგრძელებ, ჩვენი წინასწარგანწყობების სია საკმაოდ გრძელია. მაგიერ გაგიზიარებთ ინვესტორის წეს ნომერი 1-ს:
თუ შესაძლებლობა მეტისმეტად კარგია, რათა სიმართლე იყოს, ის არ არის სიმართლე.
ფინანსური პირამიდების სახეობები
დავუბრუნდეთ ფინანსურ პირამიდებს. ქოლგა ტერმინის ქვეშ რამდენიმე ტიპის სქემას მოიაზრებენ.
კლასიკური ფინანსური პირამიდა ზემოთ აღვწერეთ: არავითარი დაპირება ბიზნესის საქმიანობაზე, ყველა მონაწილე ფულს „გამოიმუშავებს“ მანამ, სანამ პირამიდის ქვედა ეშელონები ემატება. ძველი წევრების შემოსავლები სრულად მიიღება ახალი წევრების შემონატანებიდან, და სქემა ჩამოიშლება მაშინვე, როგორ კი ახალი წევრების შემოსვლა წყდება. პირამიდის კონკრეტულ შემთხვევებში წევრებს ევალებათ ახალი წევრების მოყვანა სქემაში – მათი შემოსავლები ახალი წევრების მოყვანაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევებში პირამიდა სხვადასხვა სარეკლამო არხების და „წარმატებული“ წევრების მაგალითებით, ე. წ. Word of mouth-ის მეშვეობით იზიდავს ახალ მონაწილეებს.
პონცის სქემა პირამიდის პრინციპის მქონე უფრო რთული და კარგად შენიღბული მოდელია. ის ხშირად მოქმედებს საინვესტიციო სქემის ფორმით და წევრებს საბაზროზე მაღალ შემოსავალს ჰპირდება. ფინანსისტებისთვის კარგად არის ცნობილი პრინციპი, რომ საბაზრო შემოსავლიანობას მუდმივად ვერ აჯობებ და რომ ბაზარზე გარანტირებული შემოსავალი არ არსებობს. ცნობილი პონცის სქემები რამდენიმე წლის განმავლობაში ახერხებდნენ ინვესტორებისთვის საბაზროზე მაღალი, ან წინასწარ შეპირებული შემოსავლის გადახდას, მაგრამ შემოსავალი ამ შემთხვევაშიც სქემის ახალი მონაწილეების შემონატანით ფინანსდებოდა და მას არაფერი ჰქონდა საერთო ინვესტირებასთან.
პირველი მასშტაბური პონცის სქემას ჩარლზ პონცის – აშშ-ში ემიგრირებული იტალიელი საქმოსნის სახელს უკავშირდება. სქემა ინვესტორებს 3 თვეში 100%-იან მოგებას ჰპირდებოდა საფოსტო მარკების არბიტრაჟული ვაჭრობის ხარჯზე, მაგრამ ამ ბიზნეს-მოდელი პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელი იყო. სქემამ 1920 წლის იანვრიდან ივლისის ბოლომდე იარსება და ინვესტორები $20 მილიონით აზარალა. პონცის სქემებში ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი ბერნი მეიდოფის საინვესტიციო აფერაა. მეიდოფის მიერ შექმნილმა, ფენომენალურად წარმატებული საინვესტიციო პოლიტიკით ცნობილმა კომპანიამ უამრავი ინვესტორი მიიზიდა. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აფერა მეიდოფის 4800 კლიენტს 65 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდათ.
ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ფინანსური პირამიდებიც იცვლის ფორმას, იხვეწება და სულ უფრო რთული ამოსაცნობიც ხდება. ბოლო 5 წელია, სპეციალისტებმა კრიპტოვალუტის პონცი სქემებზე დაიწყეს საუბარი. პირამიდებმა ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, დაიმატა სათამაშო ელემენტები და ჯერ ვირტუალურ ბოტასებად, სულ ახლახან კი TeslaVideoMedia პლატფორმად მოგვევლინა. კიდევ რა ფორმას მიიღებს მომავალში, რთული სათქმელია. ფაქტია, რომ მარეგულირებლებსაც და მომხმარებლებსაც ახალ თავსატეხებს უჩენს და მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ უბიძგებს.
როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა
საინვესტიციო ურთიერთობები მარტივ ფუნდამენტურ კავშირებზე დგას: მეტი რისკი მეტი შემოსავლით ანაზღაურდება, ხოლო მაღალი შემოსავლიანობის უკან მაღალი რისკი დგას. შემოსავალი ინვესტიციიდან დოვლათის შექმნის შედეგია. რაც მეტ დოვლათს ქმნის ინვესტირებული რესურსები, მით მეტად იზრდება ინვესტიცია და მეტი უკუგება აქვს ინვესტორს.
სწორედ აქ იკვეთება ფინანსურ პირამიდასა და ინვესტიციას შორის მთავარი წყალგამყოფი: პირამიდაში თავმოყრილი რესურსები არ ხმარდება დოვლათის შექმნას და არ იზრდება ორგანულად. მაშ, რამ უნდა დააგენერიროს სქემის მონაწილეთა მოგება? ცხადია, არაფერმა. პირამიდის ზედა შრეებზე ნაწილდება ქვედა შრეების თანხა. ამიტომ პირამიდის ბოლო რამდენიმე შრის მონაწილეები აუცილებლად წაგებულნი არიან. ინვესტიციისგან განსხვავებით, პირამიდა არ არის win-win თამაში. ის ე. წ. ნულოვანი ჯამის თამაშია, სადაც იგებს მხოლოდ ის, ვინც პირველმა მოახერხა სხვისი თანხის მიღება.
სქემის ეთიკურ მხარეზე არ შევჩერდები, მაგრამ ეკონომიკაზე ზემოქმედება და პოტენციურად დამანგრეველი შედეგები განსახილველია. როგორც ეკონომიკის ისტორია გვიჩვენებს, საზოგადოების მცირე ნაწილშიც კი დანაზოგების დაკარგვა ასუსტებს გამართულად მოქმედი ფინანსური სისტემისადმი ნდობას, ანელებს ფინანსური რესურსების მოძრაობას და შედეგად აძვირებს მათ. ფინანსური პირამიდა ხელს უწყობს რესურსების უსამართლო და არაეფექტურ განაწილებას, ზრდის სისტემურ რისკებს, რომელთაც დაგროვების და სხვა რისკებზე უარყოფითი ზეგავლენის უნარი გააჩნიათ. საბოლოო ჯამში კი, ასეთი დანაკარგების სიმრავლემ ფინანსურ სტაბილურობას შეიძლება შეუქმნას საფრთხე.
დეცენტრალიზებულმა ბაზრებმა ახალი რეალობა შექმნა, სადაც რეგულაციების სადავეები მოშვებულია ან საერთოდ არ არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად უნდა ვიყოთ დამოკიდებულები საკუთარ ალღოზე, ცოდნასა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე.
როგორ დავიცვათ თავი
- უფასო ყველი და უფასო სადილები არ არსებობს. არც ურისკო ინვესტიცია არსებობს მაღალი უკუგებით. როდესაც შემოგთავაზებენ ასეთ ინვესტიციას, დასვით ძალიან ბევრი კითხვა. ან, უმჯობესია, თავი შორს დაიჭიროთ მისგან.
- კარგად გაერკვიეთ მოგების გენერირების მოდელში. თუ სქემა მეტისმეტად რთულია ასახსნელად, დიდი შანსია, რომ მისი ახსნის სურვილი არ არსებობს.
- „არ განათავსოთ ყველა კვერცხი ერთ კალათში“. ინვესტიციების დივერსიფიკაცია უმნიშვნელოვანესია რისკების შესამცირებლად.
- ინვესტირებისას უპირატესობა მიანიჭეთ ტრადიციულ ინსტრუმენტებს და მიმართეთ კარგი რეპუტაციის მქონე ბაზრის მოთამაშეებს მრავალწლიანი ისტორიით: ბროკერებს, ბანკებს, ბირჟებს, აქტივების მმართველ კომპანიებს.
- დანაზოგის შემოსავლიანების საზომად იხელმძღვანელეთ ისეთი საბაზრო მარკერებით, როგორიცაა ცნობილი ინდექსები. ნუ ეცდებით აჯობოთ ბაზარს – საუკეთესო პორტფელის მენეჯერებიც კი ამას იშვიათად და არასტაბილურად ახერხებენ.
- განაგრძეთ დაზოგვა და გონივრული ინვესტირება.