პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია - ეკონომიკის მინისტრი

პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია - ეკონომიკის მინისტრი

საქართველოში პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია. ამის შესახებ Agenda.ge-ის ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც გამოცემა წერს, მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ინვესტორების საქმიანობის შეფერხება გამოიწვია, რის გამოც მათ ვერ დაიწყეს ელექტრომობილების წარმოება. კომპანიას დამატებითი დრო მიეცა ვალდებულებების შესასრულებლად.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განვავითაროთ მწვანე ეკონომიკა, ამავე დროს გავაძლიეროთ ქუთაისი, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ  ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა. ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირში 2020 წელს გავიდოდა.

გეგმის მიხედვით, კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. მაშინ განაცხადეს, რომ ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი უნდა დასაქმებულიყო და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა დამზადებულიყო.

თუმცა კომპანია „აიგრუპმა” გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია, კომპანიის გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაიხედა.  „საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომლებიც  კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში. ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას იმისათვის, რომ დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, – განაცხადეს მაშინ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *