პრეზიდენტის ინიციატივები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

პრეზიდენტის ინიციატივები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

ქვევრის ღვინო ევროპაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ზოგი მას ფორთოხლის ღვინოს უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაკოში ვიზიტის დროს „Forbes-კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არის იდეა, რომ დაწესდეს ქვევრის ღვინის დღე.

„ეს დღე შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს ტურიზმისთვის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის პრომოციაში მონაწილეობის კუთხით, პრეზიდენტს თავისი როლი აქვს. მსურს, ერთი პრიზი დაწესდეს წლის საუკეთესო ქვევრის ღვინისთვის და ცალკე პრიზი წლის საუკეთესო მეღვინე ქალისთვის. უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება ღვინის ინდუსტრიაში, რაც ძალზედ სასიხარულოა და საქართველოს უფრო კულტურულად მიმზიდველს ხდის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წელია, ქართული ღვინის შესახებ ცნობიერების ზრდის ტემპი ევროპაში სწრაფია. მისივე თქმით, ერთია, იყო ცნობილი და აღიარებული, როგორც უძველესი ღვინის ქვეყანა, თუმცა მეორე მხრივ საჭიროა ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია.

ცნობისთვის, გასულ კვირას, მონაკოში ქართული ღვინის გაცნობის ღონისძიება გაიმართა. „ასკანელის“ დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ ქვევრის ღვინოები მონაკოს სამთავროს პრინც ალბერტ II-ს და ევროპის გავლენიან მეღვინეებს გააცნო. პრეზენტაცია-დეგუსტაცია მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში გაიმართა და მის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

პრეზენტაციაზე 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარდგენილი. ღონისძიებაზე „ასკანელის“ გარდა, მეღვინეობის სექტორში დომინანტ საფრანგეთსა და მონაკოში ცნობილ მეღვინეებს და არამხოლოდ მეღვინეებს, „ჯაყელების“, „ჭოტიაშვილის მარნის“, „ვაზისუბნის მამულის“ და სხვა ქართული ღვინოები გააცნეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საჭიროა უფრო მეტი მსგავსი ღონისძიება, „რადგან სწორედ იქ გვეძლევა შანსი, გავეცნოთ ღვინის გლობალურ ინდუსტრიას, ქართული ღვინო გავაცნოთ როგორც კონკურენტებს, ისე ექსპერტებს. ასეთი ტიპის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ის არის ყველგან, სადაც მისი ყოფნა საჭიროა ქართული ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

„ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული. ამ მხრივ ჩემი კონტაქტების გამოყენება არის არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნაწილები. მაღალი დონის სამთავრობო ორგანოების მხარდაჭერა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მივმართავ ქართულ ბიზნესს – სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *