ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირა დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილების გამოცხადებით დაიწყება, რა დროსაც ის საზოგადოებას აცნობებს, 21 ივნისიდან გაუქმდება თუ არა ამ დრომდე მოქმედი კოვიდ-რეგულაციები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯონსონმა შაბათს „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შტამით („დელტა-შტამით“) ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო. ამიტომ არსებული კოვიდ-რეგულაციების გაუქმებამ შესაძლოა რამდენიმე კვირით გადაიწიოს.

ამერიკაში კი მიმდინარე კვირას ინვესტორების ყურადღება ფედერალური სარეზერვო სამსახურის გადაწყვეტილებებისკენ იქნება მიპყრობილი. ორდღიანი შეხვედრები სარეზერვო სამსახურში ოთხშაბათს დასკვნების გამოცხადებით დასრულდება. ამერიკის ფედერალური სამსახური მუდმივად აცხადებს, რომ ფასების ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ინფლაცია ხანგრძლივად შენარჩუნდება. სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი შეეცდება ბაზრის დარწმუნებას, რომ მათი პოლიტიკა ადეკვატური იქნება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ში გამოქვეყნდება მაისის რიტეილ-გაყიდვების და მწარმოებელთა ფასების ინდექსი.

ჩინეთი კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, , ასევე მაისის ინდუსტრიული წარმოების და რიტეილ-გაყიდვების მონაცემებს გამოაქვეყნებს, რაც ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე შეიქმნან წარმოდგენა.

ჩინეთში ელოდებიან, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკის რეკორდული  18.3%-იანი ზრდა დაფიქსირდება. წლიურ ჭრილში კი ბევრი ეკონომისტი ჩინეთის ეკონომიკის 8%-იან ზრდას პროგნოზირებს.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი გამოქვეყნდება, კერძოდ:

  • 14 ივნისი – საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2021 წლის მაისი);
  • 14 ივნისი – ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2021 წლის I კვარტალი);
  • 15 ივნისი – სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2020 წელი);
  • 15 ივნისი – საარსებო მინიმუმი (2021 წლის მაისი);
  • 15 ივნისი – მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2020 წელი);
  • 15 ივნისი – თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2020 წელი);
  • 15 ივნისი – ბეჭდვითი პროდუქციის მაჩვენებლები (2020 წელი);
  • 15 ივნისი -სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020“ (სოფლის მეურნეობის დაზუსტებული მაჩვენებლები, 2020 წელი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია);
  • 16 ივნისი – დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2021 წლის I კვარტალი);
  • 18 ივნისი – მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2021 წლის I კვარტალი, წინასწარი).
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *