ძველი ქართული პრესის კვლევისას, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი ტფილისში, კავკასიის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრში მიმდინარე სავაჭრო თუ საწარმოო აქტივობების, ასევე იმდროინდელი სერვისის სფეროს შესახებ არაერთ საგულისხმო ფაქტს შეიძლება წააწყდეს.
ძველი თბილისის ეკონომიკური ცხოვრების ასპექტები განსაკუთრებით საინტერესო და მრავლისმეტყველი მაშინაა, როდესაც იმდროინდელ სტატისტიკურ ცნობებზეც მიგვიწვდება ხელი. XIX საუკუნის მიწურულის სტატისტიკური ცნობები თავისთავადაც საყურადღებო მონაცემებია, რომლებიც, გარკვეულწილად, ქალაქს თუ ქალაქის ცხოვრების ნაწილს რიცხვებში აღწერს…
დავიწყოთ ერთი საყოველთაოდ აღიარებული ამბით, რომ ძველი თბილისის, ისე როგორც ზოგადად, აღებმიცემობით განთქმული ქალაქების ეკონომიკურ ცხოვრებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი სამართალდამცავ სამსახურებს ეკისრებოდათ. სწორედ მათ უნდა შეექმნათ უსაფრთხოების გარანტიები ქალაქში საშოვარზე თუ პროდუქტების გასასაღებლად ჩამოსული გლეხებისთვის, ხელოსნებისთვის, ქარვასლების ბინადრებისა თუ მეპატრონეთათვის, ძვირფას მასალაზე მომუშავე ოსტატებისთვის, დუქნებისა და სხვადასხვა სავაჭრო თუ საწარმოო დაწესებულების მფლობელთათვის. შესაბამისად, ქალაქის ზრდასთან ერთად, ძველი თბილისის ცხოვრებაში სამართალდამცავთა პროფესიონალიზმსა და პატიოსნებასთან ერთად, უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მათ რიცხოვნობასაც.
მაგალითად, 1896 წლის სახალხო აღწერის მიხედვით, აღნიშნული წლის დამლევს, ტფილისში 160.645 ათასი ადამიანი ირიცხებოდა, მათგან – 96.187 მამაკაცი და 64.549 ქალი:
„ეროვნებით ასე განიყოფიან: რუსი ყოფილა – 18.588 მამაკაცი, ხოლო დედაკაცი – 10.582; ქართველი – 24.448 მამაკაცი და 17.246 დედაკაცი; ოსი – 1271 მამაკაცი, ხოლო დედაკაცი – 782; ბერძენი – 606 მამაკაცი და 265 დედაკაცი; პოლონელი – 1686 მამაკაცი და 1028 დედაკაცი; გერმანელი – 1388 მამაკაცი და 1052 დედაკაცი; სომეხი – 34.545 მამაკაცი და 26.523 დედაკაცი; თათარი – 2121 მამაკაცი და 1287 დედაკაცი; კურდები – 181 მამაკაცი და 71 დედაკაცი; აისორი – 1712 მამაკაცი და 506 დედაკაცი; ჩაჩანი – 385 მამაკაცი და 175 დედაკაცი; სპარსელი – 4421 მამაკაცი და 1649 დედაკაცი; ებრაელი – 1613 მამაკაცი და 1397 დედაკაცი და სხვა და სხვა ერობის წარმომადგენელი – 4071 მამაკაცი და 1986 დედაკაცი.
შთამომავლობით აზნაური ყოფილა 4650 მამაკაცი და 3186 დედაკაცი, პირადი აზნაური – 3751 მამაკაცი და 2186 დედაკაცი, ვაჭარი – 2078 მამაკაცი და 1458 დედაკაცი, მოქალაქე – 7014 მამაკაცი და 5531 დედაკაცი; ქალაქის მკვიდრი – 37.881 მამაკაცი და 31.636 დედაკაცი და სხვ.
სარწმუნოებით ქალაქის მცხოვრებნი გაიყოფიან: მართლმადიდებელი – 72.270, მწამებელი – 2748, კათოლიკეთა სარწმუნოებისა – 2322, პროტესტანტი – 2440, სომეხ-კათოლიკე – 7947, სომეხ-გრიგორიანი – 52.958, ებრაელი – 3040, სუნიტი – 4356, შიიტი – 5122 და სხვა სარწმუნოებისა – 7442“.
წარმოიდგინეთ, რომ ასეთ მრავალფეროვან და წინა წლებთან შედარებით ხალხმრავალ ქალაქში, 1897 წელს, წესრიგსა და უსაფრთხოებაზე იმდენივე პოლიციელი აგებდა პასუხს, რამდენიც 1870-იან წლებში, ანუ მაშინ, როდესაც ქალაქი თითქმის ორჯერ ნაკლებ მცხოვრებს ითვლიდა. შესაბამისად, 1897 წლისთვის, პოლიციის მოხელეთა სიმცირე ყველასთვის საგრძნობი და თვალში საცემი ყოფილა:
„ამოდენა ქალაქის მცხოვრებთა უზრუნველ საყოფად სულ 10 ბოქაული და ამოდენივე თანაშემწე ბოქაულებისა, 52 პოლიციის მოხელე, 300 პოლიციელი და 100 საპოლიციო სადარაჯო, ე.ი. 1600 მცხოვრებელის კვალობაზედ თითო სადარაჯოა გამართული. რიცხვი პოლიციის მოხელეთა დადგენილია 70 წლებიდგან…“
პოლიციის მოხელეთა სიმცირე პირდაპირ აისახებოდა ქალაქში კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე და მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გამო, ტფილისში მოქმედ კრიმინალთა დიდი ნაწილი სატუსაღოში არ ხვდებოდა, პატიმართა „ბოროტ მოქმედების მხრივ განაწილების“ სტატისტიკა მაინც მრავალფეროვან სურათს აჩვენებს:
„ტფილისის გუბერნიის საპატიმროში 1897 წლის 1 იანვრისთვის სულ 1004 პატიმარი ყოფილა. ბოროტ მოქმედების მხრივ ასე განაწილდებიან პატიმარნი:
სარწმუნოების წინააღმდეგ დამნაშავე – 13, მართვა-გამგეობის წეს-რიგის წინააღმდეგ დამნაშავე – 277, სამსახურის წინააღმდეგ – 14, სახელმწიფო ქონებისა და შემოსავლის წინააღმდეგ – 39, საზოგადოების წეს-რიგის და მშვიდობიანობის დამრღვევი – 207, მამათ-მავლობისა და მაჭანკლობისათვის – 15, ქურდობისათვის – 194, ადამიანის სასიკვდილოდ ხელის მიტანისათვის – 80, თავის მოკვლის განზრახვისათვის – 6, დაჭრისა და დაშავებისათვის – 74, ცემისათვის – 2, ძალდატანებით ნამუსის ახდისათვის – 12, სიტყვითა და მოქმედებით შეურაცხყოფისათვის – 33, ცრუ-ბეზღობისათვის – 3, შვილის მკვლელობისათვის – 2, ცეცხლის წაკიდებისათვის – 8, ავაზაკობისა და მტაცებლობისათვის – 142, ქურდობისათვის – 712, ქურდობის დაფარვისათვის – 79, მაშენიკობისათვის – 36, ყალთაბანდობისათვის – 19, ცხენისა და საერთოდ საქონლის ქურდობისათვის – 67, კერძო კაცთა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთათვის – 69 და ქორწინების წინააღმდეგ დანაშაულობისთვის – 19. 1897 წლის 1 იანვარს სულ 78 ავადმყოფი პატიმარი ყოფილა“.
1898 წლის დამდეგს, „ტფილისის გუბერნიის ყველა სატუსაღოებში დაპატიმრებული ყოფილა 945 კაცი. წლის განმავლობაში დაუპატიმრებიათ 5451 კაცი, განუთავისუფლებიათ – 5344“. უშუალოდ ტფილისში კი, წლის განმავლობაში, „ჩაუდენიათ 1611 დანაშაული, რომელთა გამო სამოსამართლო დაწესებულებათ სხვა-და-სხვა გვარი სასჯელი გადაუწყვეტია 807 მამაკაცისა და 33 დედაკაცისათვის“.
პოლიციის მოხელეთა გარდა, მრავალი თვალსაზრისითაა საინტერესო სტატისტიკური ცნობები ტფილისის გამგეობის მომსახურე პერსონალის შესახებ, რომლებიც 1897 წელს, გაზეთ „ცნობის ფურცელს“ შეუკრებია:
„საზოგადოდ, ქალაქის გამგეობას და მის ქვემდებარე დაწესებულებებში, როგორც აგენტები, ექიმები, ფერშლები, მასწავლებლები, მილის წყლის მოხელენი, ტეხნიკები, ზედამხედველნი, მეზვერენი და სხვა-და-სხვა მსახურნი ამ ჟამად ირიცხება სამას კაცზე მეტი. მათ შორის ქართველები და რუსები ძლივს შეადგენენ 8-9%, ესე იგი სამას მსახურს შორის ქართველი და რუსი ოცი, ოცდა-ხუთი კაცია, დანარჩენი 90-92% ესე იგი 275-280 სომხობაა.
ქუჩის დამგველები და მრწყველნი სულ ერთიანად სომხები არიან. ამათი რიცხვი 150-მდე იქნება.
ქართველებს და რუსებს უჭირავთ სულ დაბალის ხარისხის ადგილები, როგორც, მაგალითად, მეანკანეობა, ფერშლობა და სხვ.
ხილად არიან ქართველი მდივანი, ხაზინადარის თანაშემწე და წყლის კანტროლის თანაშემწე.
ტეხნიკები და ინჟინერები ათამდეა, მათ შორის მარტო ერთი ებრაელია, დანარჩენი სულ სომხობაა.
ექიმი ოცამდეა, მათ შორის ერთი ებრაელია, დანარჩენი სომხობაა. მხოლოდ ამ კვირია ერთი ქართველი მიიწვიეს (მიხ. გედევანიშვილი) და ისიც დროებით შავის ჭირის მოლოდინში.
სამი ბეითალი ჰყავთ, მათ შორის ერთი ებრაელია, ორი სომეხი. ავჭალაშიაც მილის წყლის მანქანაზე ათამდე მოხელეა და ისინიც სულ სომხები, რომელთა შორის ბევრმა ქართული სულ არ იცის. იქვე ასასები სულ სომხები არიან“.
[არადა, გაზეთ „დროებას“ თუ დავუჯერებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური ქართველები წლების განმავლობაში ქუჩებისა და მეიდნების „დამგველებად“ არ მუშაობდნენ, 1880 წლისთვის ვითარება რადიკალურად შეცვლილა და ქალაქის დასუფთავების სამსახურში, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, მასობრივად დასაქმებულან თბილისის ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული ქართველი გლეხები.]
დასაქმების კუთხით საინტერესოა შემდეგი ცნობებიც – 1897 წლისთვის, ტფილისში არსებულ 274 ქარხანაში 4657 ადამიანს უმუშავია. ამავე წელს ქალაქში თურმე 4605 სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულება ფუნქციონირებდა.
რაც შეეხება ჰორეკა სექტორს. დღევანდელისა არ იყოს, ეს სფერო ძველ თბილისშიც შემოსავლიანი ყოფილა. გარკვეული თვალსაზრისით, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში თბილისში ჰორეკა სექტორი ყვაოდა. იმდროინდელი პრესა აჭრელებული იყო სასტუმროების, რესტორნების, დუქნებისა თუ ტრაქტირების სარეკლამო განცხადებებით.
მაგალითად, მხოლოდ 1899 წელს, ტფილისში გაუხსნიათ 242 დუქანი და სამიკიტნო, 13 სასტუმრო, 8 ბუფეტი, 12 რესტორანი, 37 ყავახანა და საკონდიტრო და 3 ლუდხანა.
მიუხედავად ამისა, თბილისელთა თავშეყრის საყვარელი ადგილები მაინც ბაღები იყო… XIX საუკუნის ბოლოსთვის ქალაქში სულ 274 ბაღი ყოფილა, ამას გარდა: საეკლესიო 2 ბაღი, სახელმწიფო – 4 და ქალაქისა – 2.
რესტორნების, დუქნებისა თუ ბაღების გარდა, თბილისელები კარგ დროს ატარებდნენ ქორწილებშიც, რომელთა ფინანსური მხარე ცალკე განხილვის საგანია, რადგან, როგორც ამბობდნენ, ცოლის შერთვის დროს იმდროინდელი ყმაწვილები ხასიათსა და ზნეზე მეტ ყურადღებას – ქალის მზითევს აქცევდნენ.
ამგვარი მიდგომა, ერთი მხრივ, განაპირობებდა იმას, რომ სოციალური სტატუსის მიუხედავად, კარგი მზითვის პატრონს სხვადასხვა წოდებისა თუ შეძლების აუარება მთხოვნელი „უმიზნებდა“, უმზითვო ქალი კი ლამის „დაღუპულად“ მიიჩნეოდა, რადგან მზითვის გარეშე ან არავინ ითხოვდა, ან ახალგაზრდა გოგონას უმზითვოდ ცოლად შერთვას ასაკით, თუ სხვა კუთხით შეუსაბამო მამაკაცი დასთანხმდებოდა. მაგალითად, 1889 წელს, 70 წელს მიტანებული ვაჭრისთვის 16 წლის გოგონა მიუთხოვებიათ…
მიუხედავად ამისა, მაჭანკლების გარიგებული თუ ანგარებიანი ქორწინებების გარდა, ბუნებრივია, ოჯახები სიყვარულითაც იქმნებოდა და მეტიც, ამისათვის გარკვეულ მსხვერპლზეც კი მიდიოდნენ, მაგალითად, 1890-იან წლებში, „ტფილისში მართლმადიდებელი ქრისტიანობა მიიღო ცირკის არტისტმა ტ-ჩმა, რომელიც იაპონიიდგან იყო და ბუდის სარწმუნეობას აღიარებდა. ამ არტისტს დიდი ხანია გულში ჰქონია მონათვლა, რადგან ძალიან მოსწონებია ერთი ქრისტიანი ქალი, რომელზედაც ჯვარის დაწერა ჰსურს თურმე“.
უცნობია, შეძლო თუ არა იაპონელმა არტისტმა საყვარელ ქალზე „ჯვარის დაწერა“, თუმცა, როგორც „ოფიციალურ ცნობებიდგანა სჩანს, 1898 წლის განმავლობაში ტფილისში 1016 კაცს დაუწერია ჯვარი. პირველად ჯვარი დაუწერია 924 მამაკაცს და 937 დედაკაცს. მეორეჯერ – 82 მამაკაცს და 76 დედაკაცს, და მესამეჯერ – 10 მამაკაცს და 3 დედაკაცს.
ახლად ჯვარ-დაწერილ მამაკაცთა უმრავლესობა ხნოვანებით ყოფილა 25-30 წლისა (437), ხოლო დედაკაცთა უმრავლესობა – 15-20 წლისა (521).
იმავე წლის განმავლობაში დაბადებულა 4899 ბავშვი, მათ შორის 2261 ვაჟი ყოფილა და 2155 ქალი; უკანონოდ დაბადებულთა რიცხვი უდრის 183, მათ შორის, 85 ვაჟი ყოფილა, ხოლო 98 ქალი“.
1898 წელსვე, ქალაქში გარდაცვლილა 3427 ადამიანი, მათ შორის 2317 მამაკაცი და 1610 ქალი. გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტნი 5 წლამდე ასაკის ბავშვები და 25-30 წლამდე ახალგაზრდები ყოფილან. გარდაცვლილთა შორის ყოფილან 100-დან 105 წლის ასაკის 4 კაცი და 3 ქალი. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქალაქის იმ უბნებში ფიქსირდებოდა, „რომლებიც მეტის მეტადაა დასახლებული და უფრო უსუფთაოებია“.
თქვენ წარმოიდგინეთ და ერთ-ერთ თბილისელს ისიც კი მოუხერხებია, რომ ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე სტატისტიკურ ცნობაში ერთდროულად ამოეყო თავი:
„აბა, ახირებული ამბავი თუ გინდათ, ეს არის: როგორც გვიამბეს, წარსულს ყველიერში უკანასკნელს დღეს ერთმა ავლაბარში მცხოვრებმა მეზურნემ სამ ნაირი ვალი მოიშორა თურმე: დილით ქალის ქორწილი ჰქონდა, შუადღისას დედა დაასაფლავა და საღამოზედ კიდევ შვილის ნათლობა გადაიხადა“, – წერდა გაზეთი „ივერია“ 1891 წელს.
ძველ ქართულ პრესაში გვხვდება საინტერესო მონაცემები „პირუტყვთა მფარველი საზოგადოებისა“ – ორგანიზაციის, რომლის დაფუძნების იდეაზე ტფილისში 1870-იან წლებში ყოფილა მსჯელობა.
ცხოველთა უფლებებზე მზრუნველი ორგანიზაციის შექმნის იდეის ავტორებს საქმე ბოლომდე მიუყვანიათ და „პირუტყვთა მფარველი საზოგადოება“ დაუარსებიათ, რომელსაც 1890-იანი წლებისთვის საკუთარი სამკურნალოც კი ჰქონდა გახსნილი.
1889 წელს ამ სამკურნალოში მიუყვანიათ „1898 ავადმყოფი პირუტყვი, რომელთაგანაც ცხენები ყოფილა – 534, ჯორები და ვირები – 25, სპილო – 2, აფრიკის ცხოველი ჭრელი ცხენი [ზებრა] – 4, მსხვილ ფეხი საქონელი – 756, წვრილ ფეხი – 19, მაიმუნი – 1, ძაღლი – 375, კატა – 3, სხვა-და-სხვა ფრინველი – 178 და გარეული ხარი – 1“.
არადა, სანამ ეს ინიციატივა ხორცს შეისხამდა და „პირუტყვთა მფარველი საზოგადოება“ ამგვარი სტატისტიკით „მოიწონებდა თავს“, ასეთი „რამეები“ მაინც უცხო იყო ტფილისისთვის, აკი იმდროინდელი პრესა წერდა კიდეც – „ჩვენის ჰაზრით, ურიგო არ იქნებოდა, რომ კაცებს თავიანთი მოძმე ადამიანების დამფარველი საზოგადოების დაარსებაზედაც ცოტა მაინც მოეფიქრნათ…“.
ცოტა უფიქრიათ, თუ ბევრი, XIX საუკუნის მიწურულს ქალაქში შეჭირვებულთათვის ღამის თავშესაფარი გაუხსნიათ.
„იმ დღიდგან, რაც ქალაქის პირველი უფასო ღამის გასათევი იქმნა დაარსებული, სახელდობრ, წარსულის წლის 29 დეკემბრიდგან 9 თებერვლამდის თავშესაფარში ღამე გაათია 3915 კაცმა. 3804 მამაკაცმა და 11 დედაკაცმა. ეროვნებით ასე განაწილდებიან: რუსმა – 2375 მამაკაცმა და 54 დედაკაცმა, სომეხმა – 1249 მამაკაცმა და 4 დედაკაცმა, ქართველმა – 125 მამაკაცმა და 53 დედაკაცმა. სპარსელმა – 36 კაცმა, ლეკმა – 15 კაცმა, გერმანელმა – 3 კაცმა და ბერძენმა – 1 კაცმა“, – წერდა გაზეთი „ივერია“ 1897 წელს.
მომდევნო წელს, 1898 წლის მარტში, ტფილისში, კერძოდ კი დიდუბეში, ელისაბედის ქუჩაზე, ღამის მეორე თავშესაფარიც გახსნილა.
„ქალაქის ღამის სათევ თავ-შესაფართა წლიურ ანგარიშიდგან სჩანს, რომ 1898 წელს, პირველ თავ-შესაფარში ყოფილა 31.461 ღამის-მთეველი, მათ შორის – 27.724 მამაკაცი და 3737 დედაკაცი. გვარ-ტომობით ღამის მთევლები განიყოფებიან ამ რიგად: რუსი 12.922 მამაკაცი და 1006 დედაკაცი, ქართველი – 2249 მამაკაცი და 724 დედაკაცი, სომეხი – 11.794 მამაკაცი და 2008 დედაკაცი, სპარსელი – 209 მამაკაცი და 32 დედაკაცი, დანარჩენი ღამის მთეველები სხვა და სხვა გვარ-ტომობისანი ყოფილან.
მე-2 თავ-შესაფარში ღამე გაუთევია 18.175 კაცს, მათ შორის 11.133 მამაკაცი ყოფილა, ხოლო 2043 დედაკაცი“.
დასასრულ, გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ცნობას უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებიდან, თუ სხვადასხვა წყაროებიდან, რომლებიც შესაძლოა, მკითხველს საინტერესოდ ეჩვენოს.
1834 წელს თბილისში 3362 სახლი ყოფილა, 1876 წელს – 8240, ხოლო 1892 წელს კი – 9422. მომდევნო წელს მათ რიცხვს ალბათ კიდევ რამდენიმე ათეული ან ასეული სახლი დაემატებოდა, ამ სახლებიდან კი, 1893 წლის ბოლოსკენ, მხოლოდ 120 „ალაგას იქნებოდა გაყვანილი“ ტელეფონი – ახალი გამოგონება, რომელსაც დღე და ღამე უნდა ემუშავა, „განუწყვეტლივ“. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი, 1894 წლის დეკემბერში, თბილისში აბონენტთა რიცხვი 221-მდე გაიზრდებოდა.
თუკი თბილისში ინკოგნიტოდ ჩამოსული, ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერლის – კნუტ ჰამსუნის ცნობას დავუჯერებთ, რომელიც, სავარაუდოდ, მოგზაურთათვის განკუთვნილი ბედეკერის ცნობარის მონაცემებს ეყრდნობოდა, XIX საუკუნის ბოლოსთვის ქალაქში, სადაც 70 ენაზე ლაპარაკობდნენ, 160 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მამაკაცთა რიცხვი კი ორჯერ აღემატებოდა ქალებისას.
ამ ცნობებამდე 30 წლით ადრე, ასევე მწერლისა და ჟურნალისტის – დუნკელ-ველინგის ინფორმაციით, ტფილისში 212 ქუჩა და 10 მოედანი ყოფილა, მათ შორის კი მხოლოდ 56 ქუჩა და 5 მოედანი ყოფილა მოკირწყლული; ეს ქუჩები და მოედნები იმ დროისთვის 302 ფარნით ყოფილა განათებული.
ცნობილი გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის – ედუარდ აიხვალდის ცნობით კი, ამ ქუჩებში, გაცილებით ადრე, სანამ მათ მოკირწყვლას დაიწყებდნენ, 1819 წლის ყინვიანი ზამთრის დროს, კვირაზე მეტხანს მარხილებითაც კი დადიოდნენ, რადგან ტფილისში ყინვას მინუს 10 გრადუსისთვის მიუღწევია; თურმე ამბობდნენ, „ასეთი რამ უხუცეს ხალხსაც კი არ ახსოვსო…“.
შენიშვნა: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ფრაზა ან სიტყვა, რომელიც მკითხველმა არაპოლიტკორექტულად ან შეურაცხმყოფელად შეიძლება მიიჩნიოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ტერმინებია, რა დროის ამბებსაც ეს სტატია აღწერს და ჩვენ მიერ მათი უცვლელად გადმოტანა არავის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად.