ქართული საბანკო ისტორია ათწლეულის მიჯნაზე

ქართული საბანკო ისტორია ათწლეულის მიჯნაზე

მიმდინარე პერიოდი უხვია საფინანსო სექტორის კორექციისკენ მიმართული რეგულირებების შემოღების თვალსაზრისით. ნიადაგი აღნიშნული ცვლილებებისათვის რამდენიმე წლის მანძილზე მზადდებოდა, თუმცა განხორციელების ინტენსივობა ბოლო ორ წელზე მოდის. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ცვლილებები თითქოს ერთი მარეგულირებელი უწყების წიაღში აღმოცენდა. თუმცა თუ გავიხსენებთ ბოლო პერიოდის თამამ იდეებს, რომლებიც ფინანსთა მინისტრის მიერ არის გაჟღერებული, სარწმუნოა, რომ ამ მიმართულებით გააქტიურება უფრო ფართო საზოგადოებრივი პრობლემების ანარეკლია, ვიდრე მხოლოდ საფინანსო სექტორის კორექციის მიზნით განხორციელებული რეგულაციური მოქმედებები.

კერძოდ, საუბარია არა მხოლოდ ქვეყანაში ყველაზე მგრძნობიარე მეწარმე სუბიექტების – მიკრო- და მცირე ბიზნესისათვის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებაზე სასესხო თუ საწყისი კაპიტალის დაფინანსების ნაწილში, არა მხოლოდ საფინანსო ინდუსტრიის მხრიდან ამ პრობლემის შესამსუბუქებლად ეფექტიანი ერთჯერადი კონტრიბუციის გაწევის აუცილებლობაზე და არა თუნდაც ახლახან მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც საფინანსო სექტორში მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვის საშუალებას აფართოებს.

საუბარი შეეხება უფრო ფართო ცნებებს: სიღარიბეს, უმუშევრობას და შემოსავლების მწვავე უთანაბრობას ქვეყანაში. ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამთავრობო დონეზე იცვლება ძირითადი თხრობის თემატიკა და დღის წესრიგში ადგილს ახალი პრიორიტეტი – სოციალური განზომილება იმკვიდრებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეროვნულ დიალოგში ეკონომიკური ზრდის თემას მალე ეკონომიკური განვითარების თემა ჩაენაცვლება.

რამდენად მნიშვნელოვანია ან საერთოდ შესაძლებელია კი პრიორიტეტების ამგვარი დიამეტრული ცვლილება ქართულ საფინანსო სივრცეში? საზოგადოებრივ აღქმაში საფინანსო სექტორის ხედვა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ხომ გაიგივებული იყო ეგოცენტრისტულ მოდელთან, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი ფასეულობა გულისხმობდა საფინანსო სექტორისათვის მაქსიმალურად, ყველა საშუალებით შესაძლებელი ხელსაყრელი პირობების შექმნას, ახალი თეზისების საფუძველზე კი ძირითადი ფასეულობები უკვე ინაცვლებს ფართო საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესი აღიარებისაკენ.

შესაბამისად, არის თუ არა ბოლო დროის მცდელობები დროებითი ხასიათის და წარმოადგენენ თუ არა ისინი მხოლოდ მიმდინარე მმართველობითი კონიუნქტურის გამოხატულებას?

როგორც ჩანს, იდეები აღნიშნული ცვლილებების თაობაზე არ წარმოადგენენ მხოლოდ ადგილობრივ, ქართულ წიაღში აღმოცენებულ დროებით შეხედულებებს. სავარაუდოა, რომ ცვლილებების ტალღა გაცილებით შორს, გლობალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცენტრებსა და საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტებში იღებს სათავეს, რასაც თავისი წინარე ისტორია გააჩნია.

როგორც ცნობილია, 1990-იანი წლების ბოლომდე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ე.წ. ბრეტონ-ვუდსის სისტემის ინსტიტუტების – მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პოსტულატები მაქსიმალურად იყო მორგებული ბაზრის უნივერსალურობის თეზისს. შემდეგ ამ თეზისმა თანდათანობით დევალვაცია განიცადა. საზოგადოებების განსხვავებულ განვითარებას მოგვიანებით სიღარიბისა და უთანაბრობის მწვავე ტენდენციები მოჰყვა გლობალური მასშტაბით, რამაც საერთაშორისო ინსტიტუტების დღის წესრიგში ახალი, სოციალური განზომილება დააყენა.

ამიერიდან შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ წარმოადგენდა განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მოშლილი სოციალური უსაფრთხოების სისტემების ერთადერთ ქომაგს. მას თანდათანობით შეემატა გაეროს სხვადასხვა ქვედანაყოფი, მსოფლიო ბანკი, დაბოლოს, ნეოლიბერალიზმის ბასტიონი – საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

ბოლო ათწლეულში სავალუტო ფონდმა ყურადღება მიაპყრო მისთვის უჩვეულო – სოციალური უსაფრთხოებისა და ინკლუზიური ზრდის – თემებს. ფონდში მიიჩნიეს, რომ 2008 წლის საფინანსო კრიზისის, სანედლეულო ფასებისა თუ სხვა ეკონომიკური სტრესების საფუძველზე წარმოქმნილი შედეგები შესაძლოა, ძალზე მძიმედ ასახულიყო დაბალშემოსავლიან სოციალურ ჯგუფებზე. ფონდის კვლევითი საქმიანობის სპექტრში თანდათანობით ასახვა პოვა უთანაბრობის, გენდერული ეკონომიკის, კლიმატის ცვლილებებისა და სხვა აქტუალურმა თემებმა. თავისი დირექტორობის მეორე ვადის დაწყებისადმი მიძღვნილ ინტერვიუში კრისტინ ლაგარდმა პირდაპირ მიუთითა, რომ იგი ისურვებდა, ფონდმა ჰუმანური იერსახე გამოავლინოს, საკუთარ საქმიანობაში კი უფრო წინ წაიწიოს არათანაბარი შემოსავლებით გამოწვეულ პრობლემებთან მიმართებით. უფრო მეტიც, ქვეყნებში სოციალური უსაფრთხოების სისტემების მდგრადობა ფონდის მიერ აყვანილ იქნა მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორის რანგში.

ამგვარად, ნათელი გახდა, რომ გლობალურ სამყაროში გარდაუვალი ცვლილებების ხანა დადგა. რაც შეეხება საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე და მოსალოდნელ ცვლილებებს, ეს კონტექსტი ირიბად იკითხება სავალუტო ფონდის ბოლო მისიის შეფასების დოკუმენტშიც, რომელიც, სავარაუდოდ, ფონდის აღმასრულებელი საბჭოს ივნისის ერთ-ერთ სხდომაზე იქნება განხილული გაფართოებული დაფინანსების პროგრამის ფორმატში. შეფასებაში ხაზგასმულია ისეთი თემები, როგორიცაა მომხმარებელთა უფლებები, მოწყვლადი შინამეურნეობების დაცვა ჭარბვალიანობისაგან, პასუხისმგებლიანი საკრედიტო საქმიანობა, საფინანსო განათლება, დოლარიზაციის შემცირება, ინკლუზიური ზრდის მისაღწევად საჭირო სტრუქტურული რეფორმები და ა.შ.

ფონდთან საქართველოს ურთიერთობის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიღწეულია იმგვარი თანამშრომლობის ხარისხი, რომ ფონდის რჩევები თითქმის ყოველთვის გაზიარებულია და მაქსიმალური სიზუსტით სრულდება. როგორც ჩანს, ასე იქნება ამჯერადაც.

შესაბამისად, ქართულ საბანკო სივრცეს მოუწევს თანდათანობითი გადაწყობა იმ ახალ პრიორიტეტებზე, რომელთაც საერთაშორისო დღის წესრიგი გვთავაზობს მიუხედავად იმისა, რომ ეს იმპულსები გლობალური ეკონომიკის პერიფერიებზე დაგვიანებით მოდის. რა თქმა უნდა, ამგვარი გადასვლა არ იქნება იოლი. მით უმეტეს, იმ გაზრდილი საბაზრო ძალაუფლების ფონზე, რასაც ქართულმა საბანკო სექტორმა ბოლო ათწლეულში მიაღწია.

სარწმუნოა, რომ ახალი ათწლეულის მიჯნაზე საბანკო სექტორი შეძლებს თავის წიაღში საკმარისი ინტელექტუალური რესურსის მოძიებას ახალი ღირებულებების ჯეროვნად გადასაფასებლად და, შესაბამისად, მისი კონტროლის ქვეშ არსებული საფინანსო კაპიტალის უკეთ გამოყენებას საერთო ღირებულებების გასაზიარებლად და ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *