ქართველი გოგონას ამერიკული სასწაული | ინტერვიუ ანი სიდამონიძესთან

ქართველი გოგონას ამერიკული სასწაული | ინტერვიუ ანი სიდამონიძესთან

ამერიკაში ექვსი წლის წინ წავიდა. თავდაპირველად ათასობით ქართველის მსგავსად ერთი რიგითი ემიგრანტი იყო, დღეს კი წარმატებული მეწარმე ქალია. 37 წლის ანი სიდამონიძემ საქართველოში სამსახური, სახლი და ახლობლები დატოვა და მეუღლესთან ერთად სიახლეების ძიება და ახალი ცხოვრების დაწყება ნიუ-იორკში გადაწყვიტა, ბევრი შრომით კი იმდენს მიაღწია, რომ მას დღეს მანჰეტენზე საკუთარი კოსმეტოლოგიური კაბინეტი აქვს, პანდემიის წელს შექმნილი მისი კოსმეტიკური ნაწარმი ANNE SIDAMONI SKINCARE-ი კი Amazon-ზე იყიდება. ახალი პროფესია და ნულიდან დაწყებული ბიზნესი – ამერიკული წარმატების შესახებ ანი სიდამონიძემ Forbes Georgia-სთან ისაუბრა.  

ანი, ამერიკაში ბევრი ქართველი მიდის იმისათვის, რომ უკეთესი ცხოვრების პირობები შეიქმნას. თქვენს შემთხვევაში რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

ამერიკაში წამოსვლის მიზეზი უფრო აუცილებლობა იყო, ვიდრე არჩევანი. ყვავილების მაღაზიაც, რომელშიც თავდაპირველად ნიუ-იორკში ვმუშაობდი, Google Map-ით თბილისში, ჯერ კიდევ გამგზავრებამდე ვიპოვე. ნიუ-იორკში ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი ბინა  ერთოთახიანი იყო, სამზარეულოს კი სხვებთან ვიყოფდით. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ხანდახან ისე გვიჭირდა, რომ მე და ჩემი მეუღლე მშივრები ვიძინებდით, ბავშვს რომ საფენები ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაუზოგავად ვშრომობდით.

აქ ცხოვრება ძვირია და ემიგრაციის პირველი წლები სირთულით არაფერს შეედრება. მიუხედავად ამისა, არ ვნანობ, რომ ამერიკაში მომიწია გადმოსახლება. ახლა ორი სამშობლო მაქვს – საქართველო და ამერიკა, ეს ჩემს ქართველობას არანაირად არ აკნინებს, და პირიქით. ვფიქრობ, რომ მიმღებლობა და ტოლერანტობა მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ საქართველოშიც მივაღწევდი წარმატებას, მაგრამ ჩემს ტყავში არავის უცხოვრია და ჩემს ნაცვლადაც ვერავინ ისაუბრებს.

ამ წლების განმავლობაში, ამერიკაში ბევრგან გამოსცადეთ საკუთარი თავი, რამდენიმე თვის წინ კი  სპეციალური ლიცენზია მოიპოვეთ, რამაც კოსმეტიკური კაბინეტის გახსნის შესაძლებლობა მოგცათ. რამდენად რთულია, მოკლე დროში ამდენს მიაღწიო შუაგულ ნიუ-იორკში?

ამერიკაში ლიცენზიის მოსაპოვებლად პროფესიული სასწავლებლის დამთავრება სავალდებულოა. სკოლა, რომელიც მე ავარჩიე, საუკეთესოა აღმოსავლეთ სანაპიროზე და, შესაბამისად, სწავლაც ძალიან რთულია. ექვსი ჩარიცხულიდან მხოლოდ ორმა შევძელით დასრულება და მე ე.წ. წითელი დიპლომით დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ კლასში ჩემ გარდა ინგლისური ყველასთვის მშობლიური იყო. ისეთ საგნებს ვსწავლობდით, როგორიცაა ანატომია, ჰისტოლოგია, ბაქტერიოლოგია, ქიმია, ელექტრობა. კვირა არ გავიდოდა, ურთულესი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები რომ არ გვქონდა. ჩემი კურსელების ნაწილი, რომლებიც არ მუშაობდნენ ან ნახევარ განაკვეთზე იყვნენ, ძლივს ასწრებდნენ პროგრამის დაძლევას. მაშინ როდესაც მე 12-საათიანი „ოვერთაიმით“ საბავშვო ბაღში ყოველდღე დილის შვიდი საათიდან საღამოს შვიდამდე ვმუშაობდი. ჩემს სამსახურამდე მისასვლელად საათ-ნახევარი მჭირდებოდა,  ამიტომაც სახლიდან დილის ექვსის ნახევარზე გავდიოდით მე და ჩემი შვილი და სახლში ღამის ცხრის ნახევარზე ვბრუნდებოდი. მატარებელში ჩემი შვილი, ჯეი რომ საუზმობდა და ვახშმობდა, მე ვმეცადინეობდი. სახლშიც, ჩემს შვილს რომ დავაძინებდი, ღამის პირველამდე ვმეცადინეობდი. დღეში დაახლოებით 4 საათი მეძინა, შაბათ-კვირას კი მთელი დღე სასწავლებელში ვიყავი. იმ წელს არც ერთი დღე არ დამისვენია შობის გარდა. ვხუმრობდი კიდეც, რომ შიშით ავადაც არ ვხდები-მეთქი. ხშირად მეკითხებიან, ასე  მოკლე დროში როგორ მოვასწარი და მივაღწიე ამას. როგორ და წარმოუდგენელი შრომით, არც ერთი  წუთი არ მეკუთვნოდა, დღე-ღამიდან 24-ივე საათი ჩემი საქმისთვის უნდა მიმეძღვნა.

თქვენ მიერ შექმნილი კოსმეტიკური ნაკრები უკვე რამდენიმე თვეა, Amazon-ზეც იყიდება. რა შედეგები გაქვთ ამ კუთხით?

ჩემი კოსმეტიკა წარმოებულია GMP პრაქტიკით, FDA-ს რეგისტრირებულ ლაბორატორიაში. პროდუქტი არის ვეგანური, ორგანული ნივთიერებების ბაზაზე დამზადებული, თავისუფალია ზედმეტი ქიმიური დანამატებისგან. პროდუქტს Amazon-მა კოსმეტიკური ხაზის ბრენდის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, არც კი მქონდა გათვლილი, რომ ამდენი გაიყიდებოდა. თუმცა პროდუქციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ერთმანეთისთვის რჩევით ძალიან ბევრი ახალი მომხმარებელი შემომემატა. მიხარია, როცა შედეგით კმაყოფილები მწერენ ხოლმე. გაყიდვები საკმაოდ მზარდია –  თვეში საშუალოდ რამდენიმე ათასი. იწერენ როგორც ამერიკის სხვადასხვა შტატიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის საქართველოდანაც.

ყველაზე დიდი წარმატება ალბათ ამერიკაში მაინც პანდემიის წელს გქონდათ. საბოლოო ჯამში როგორ შეაფასებთ 2020-ს? იყო ის შესაძლებლობების წელი თქვენთვის?

2020 იყო ბიძგი. ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ყველაფერს გეგმავს, ყველაფერი უნდა, რომ მოწესრიგებული, წინასწარ გათვლილი და დალაგებული ჰქონდეს, ექსტრემალური გარემოებები შესაძლებლობებს ქმნის გაბედული ნაბიჯებისთვის. ჩემი კოსმეტიკური ხაზის შექმნაზე ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ვფიქრობდი, თუმცა იმდენს ვგეგმავდი, რომ რამდენჯერაც მივუბრუნდებოდი ამ თემას, ახალი შესაძლო განვითარების  იდეა მიჩნდებოდა და მოქმედებამდე ვეღარ მივდიოდი.

გასულ წელსკი, პანდემიამდე, ბრუკლინში ვიღებდი მომხმარებლებს. 2020 წელს  სახლში რომ გამოვიკეტეთ და მე კლიენტების მიღება შევწყვიტე, პირად შეტყობინებებში უამრავი შეკითხვა მომდიოდა კანის მოვლასა და  მის პროდუქტებთან დაკავშირებით. ერთ კვირაში დაახლოებით $2000-ზე მეტის პროდუქცია რომ გავუყიდე სხვადასხვა კომპანიას ისე, რომ ამაში საკომისიოც არ ამიღია, მივხვდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. მეც შემეძლო, იმავე ხარისხის და შესაძლოა უკეთესი პროდუქციაც შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის და ჩემი საყვარელი საქმეც გადამერჩინა. ასე გაჩნდა კოსმეტიკური ნაკრები ANNE SIDAMONI SKINCARE.

საქართველოში არაერთი პროგრამა არსებობს სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც სტარტაპერებსა და დამწყებ მეწარმეებს ეხმარება. როგორი სიტუაციაა ამ მხრივ ამერიკაში?

ამერიკაში უამრავი პროგრამაა მცირე ბიზნესისთვის და განსაკუთრებით მეწარმე ქალებისთვის. ნიუ-იორკის შტატს ასევე აქვს უფასო კურსები მცირე ბიზნესისთვის, რომლებიც  გეხმარება, ადგილობრივ სამართლებივ სისტემას გაეცნო, ბიზნესგეგმა შეადგინო, უფასო იურიდიული კონსულტაციაც მიიღო, რათა საკუთარი ბიზნესი დაარეგისტრირო. შემდეგ სხვადასხვა გრანტის მოპოვებაშიც გეხმარებიან. ეს ორგანიზაცია ნიუ-იორკის შტატს ეკუთვნის და მთლიანად უფასოა ნიუ-იორკის მცხოვრებლებისთვის. კურსებზე რეგისტრაციისთვის მხოლოდ პირადი ნომერი, სახელი და გვარია აუცილებელი.

ამ ეტაპზე მე მაქვს შპს, რამდენიმე სერტიფიკატი, რომლებიც  აუცილებელია ჩემი საქმიანობისთვის და ბიზნესდაზღვევები, რომელთა გარეშეც კომპანიისა და საქმის წარმოება ამერიკაში წარმოუდგენელია. ასევე ჩემს პროდუქციას უნიკალური შტრიხკოდები აქვს მინიჭებული, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციის ბაზაშია და მათი გადაზიდვის ან ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა.

რა გეგმები გაქვთ 2021 წლის ბოლომდე? ახალი პროდუქციის წარმოებას ხომ არ აპირებთ?

წელს გაყიდვების გაფართოებას ვგეგმავ,  ამერიკაში ონლაინგაყიდვები ძალიან კარგად მუშაობს, ამიტომ ამ კუთხით არაფერს შევცვლიდი. ამ ეტაპზე ANNE SIDAMONI SKINCARE კანის მოვლის ორ ხაზს და 20-მდე პროდუქტს აერთიანებს. არ ვფიქრობ, რომ რამეს დავამატებდი ან მნიშვნელოვნად გავაფართოებდი პროდუქციას. წელს გეგმაში მაქვს მხოლოდ დისტრიბუციის გაფართოება, რომ მომხმარებლისთვის ფიზიკურად გავხადო მეტად ხელმისაწვდომი. ჩემი კანის მოვლის საშუალებების ხაზი უკვე იყიდება ბრუკლინის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში. თუმცა ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ მიმართულებით მეტი მუშაობა მჭირდება.

უკავშირდება თქვენი გეგმები საქართველოს?

ძალიან ვარ მონდომებული, საქართველოში შემოვიტანო პროდუქცია, რადგან რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც კურსის ცვლილების გამო ორი დამატენიანებლის განბაჟება მოუხდათ. ძალიან ბევრი ქართველი მწერს საქართველოდან, რომ სურთ, ადგილზე ჰქონდეთ შეძენის შესაძლებლობა.  მოთხოვნა არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი კანის მოვლის ხაზები უფრო ექსკლუზიურია და მაღაზიაში ან აფთიაქში შეტანის ნაცვლად, ვისურვებდი, რომელიმე სპა ან ესთეტიკის ცენტრში იყოს ხელმისაწვდომი. ნიუ-იორკში არსებობს ეს პრაქტიკა, როდესაც მაღალი ხარისხის პროფესიული პროდუქცია მხოლოდ კონკრეტულ სპაშია  ხელმისაწვდომი, მით უმეტეს, რომ სამუშაოდ მე ჩემივე პროდუქტს ვიყენებ. არსებობს პროტოკოლი, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ჩემი პროდუქცია პროფესიონალმა.

რა რჩევებს მისცემთ მათ, ვისაც ამერიკაში ბიზნესის დაწყება სურს?

გჯეროდეს, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც დაუძლეველია და მიზანი, რომელიც მიუღწეველია. თუ ყველა საფეხურზე შენს მაქსიმუმს გააკეთებ, ფოლადივით გამოიწრთობი. ამერიკა ძალიან კონსერვატიული და ტრადიციული ქვეყანაა. წესიერება და კანონმორჩილება ფასდება. თუმცა, წარმატებისთვის  თავდაუზოგავი შრომა და მარცხისთვის მზადყოფნა მნიშვნელოვანია. ეს ქვეყანა ვა-ბანკზე წასვლას ძალიან ცოტას თუ აპატიებს. ყველაფერი უნდა გქონდეს გათვლილი და უკან დასაბრუნებელი გზაც უნდა არსებობდეს. შორი გზით შინ მშვიდობით მისვლა სჯობს  სწრაფ მოქმედებას, თუმცა აქ გამბედაობაც მნიშვნელოვანია. ერთგვარი ბალანსი არის ის, რასაც ამერიკაში ცხოვრება გასწავლის.

დატოვე კომენტარი

4 კომენტარი

  1. მიყვარს ეს შეუპოვარი და უნიჭიერესი გოგო. წარმატებებს გისურვებ ანა❤️

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *